“„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება“ - კახა კალაძე
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილების შედეგად, თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე გაიზრდება.
„გასულ წელს დავიწყეთ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა, რომელმაც მაღალი ინტერესი და მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა. ეკონომიკის განვითარების საქალაქო სამსახური პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებული მეწარმეების საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, რამაც აჩვენა, რომ საკმაოდ დადებითია პროგრამის ეფექტიანობა და შედეგები. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ, ასევე, გავაფართოვოთ დაფინანსება. გასულ წელს თითოეული მეწარმის დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარამდე იყო, წელს კი თანადაფინანსება 50 000 ლარამდე გაიზრდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, შარშან, პროგრამის ფარგლებში, 50-მდე მიკრო და მცირე მეწარმე შეირჩა და დაფინანსდა.