"ჩვენ თუ გვინდა, რომ როგორც მადიარი იდგა საბარგო მანქანაზე, ისე ქართული ოპოზიცია ასეთ მანქანაზე დადგეს, ვერ გამოვა" - ნუგზარ წიკლაური - კვირის პალიტრა

"ჩვენ თუ გვინდა, რომ როგორც მადიარი იდგა საბარგო მანქანაზე, ისე ქართული ოპოზიცია ასეთ მანქანაზე დადგეს, ვერ გამოვა" - ნუგზარ წიკლაური

უნგრეთის არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვება ეს არის ევროპის ძალიან დიდი გამარჯვება, ორბანი წარმოადგენდა რუსეთის მთავარ “ტროას ცხენს” ევროპაში - დაეცა ის ბასტიონი, რომელსაც ემყარებოდა „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც უნგრეთის არჩევნებში პეტერ მადიარის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ის ფაქტი, რომ ევროპაში დემოკრატიული ტალღა სულ უფრო მძლავრი ხდება, საქართველოსთვისაც აჩენს სერიოზულ პერსპექტივებს“.

„ევროპული საზოგადოება, ევროპის კავშირი სულ უფრო და უფრო მეტად ავლენს საკუთარ თავს, როგორც არამხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების დამმკვიდრებელი, არამედ ამ დემოკრატიული ღირებულებების ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი დამცველი. ამიტომ უნგრეთის ამბავი ვერ იქნება იზოლირებული ინციდენტი. ცხადია, რომ ეს არის ევროპის ძალიან დიდი გამარჯვება, მას შემდეგ, რაც მასზე იყო პერმანენტული შეტევები რუსეთის მხრიდან და თვით ეს ორბანი წარმოადგენდა რუსეთის მთავარ “ტროას ცხენს” ევროპაში. ის ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ღირებულებებს, ევროპულ გადაწყვეტილებებს, ბლოკავდა სხვადასხვა სანქციებს, სხვა ავტოკრატების მიმართ. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთლიანად ევროპისთვის და ის ტენდენციაც და ამას დამატებული ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნის სომხეთის წარმატებაც მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული ტალღა სულ უფრო მძლავრი ხდება. ეს საქართველოსთვის აჩენს სერიოზულ პერსპექტივებს. უნგრეთი იყო არამხოლოდ რუსეთის უმთავრესი დასაყრდენი ევროპაში, არამედ დაეცა ის ბასტიონი, რომელსაც ემყარებოდა „ქართული ოცნება“, როდესაც აქ ლახავდა სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს, ციხეებს ავსებდა პროტესტანტებით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებითა და თან, პარალელურად, იმედი ჰქონდა, რომ ის დაუსჯელი დარჩებოდა, სანქცირებას ასცდებოდა იმის გამო, რომ უნგრეთი დაბლოკავდა ევროკავშირის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. უმნიშვნელოვანესი მოვლენაა როგორც მთლიანად ევროპის თვალსაზრისით, ასევე საქართველოს შიდა პოლიტიკის ფორმირების კუთხითაც“,- განაცხადა წიკლაურმა.

ამასთან, მან გადაცემაში სტუმრობისას “ლელოსა“ და გახარიას პარტიაში გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა იმის თაობაზე, რომ არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა მაშინაც შესაძლებელია, როცა საარჩევნო სისტემა არასამართლიანია, რაც სწორედ უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „უნგრეთში ჩატარდა არჩევნები, საქართველოში კი არჩევნები არ არსებობს“.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რაც მოხდა უნგრეთში, მგონია, რომ ზოგიერთი ქართული პოლიტიკური პარტია მაინც ცდილობს ეს გარკვეული კონფრონტაციისთვის გამოიყენოს და სცადოს თავისი ძველი შეცდომების გამართლება ცხადია, პარალელების გავლება არის შესაძლებელი და აუცილებელი, თუმცა არასდროს არ ხდება ორი ერთი და იგივე მოვლენა. უნგრეთის ამბავი ჩვენთვის არის სერიოზული გაკვეთილი, მაგრამ ამავე დროს უნდა ვხვდებოდეთ, რომ უნგრეთში ჩატარდა არჩევნები. საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. საქართველოში არჩევნები არ არსებობს ამ დროისთვის. ყველამ ვიხილეთ სიმბოლო, შავი ლაქა, რომელიც იყო საარჩევნო ბიულეტენებზე და ეს არ იყო არჩევნები. უნგრეთში არ არის ის ვითარება, როდესაც პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ლიდერი ნამყოფია ციხეში. ამიტომ მანდ განსხვავებები არსებობს. რა თქმა უნდა, დიდი გზამკვლევია ჩვენთვის, თუ როგორ მოხდა წინასაარჩევნო მარათონის ფორმირება, როგორი იყო ძირითადი აქცენტები, რაც გამოიკვეთა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ავიღოთ მხოლოდ ცალკეული დეტალები და ვთქვათ, როგორც ის იდგა საბარგო მანქანაზე, ისე ქართული ოპოზიცია ზუსტად ასეთ მანქანაზე უნდა დადგეს, ანდა არჩევნებზე უნდა გავსულიყავით შარშან, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, ასე ვერ გამოვა... სხვათა შორის, ამ ორი პარტიის („ლელო-ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“) არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კარგად დაადასტურა, რა ხმაც ჰქონდათ, იმის ნახევარი ხმაც ვერ მიიღეს ამ არჩევნებზე. მიმაჩნია, რომ ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან კონფრონტაციისა და ქვების სროლისთვის კი არ უნდა გამოიყენონ დრო, კარგად უნდა გაისიგრძეგანონ თუ რა მოხდა უნგრეთში - პოლიტიკა დაუბრუნდა ხალხს, რიგით ამომრჩეველს. ჩვენ ჯერ უნდა შევქმნათ წინაპირობები იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილი არჩევნები არსებობდეს და შემდეგ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, ქართულმა ოპოზიციამ უნდა ახსნას თუ რა ტრაგედია არის დღეს საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ სახით.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა