"აზოვის" პოლკს ქართველი მეთაური ჰყავს?!
უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის („აზოვის“) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან, რადგან მიაჩნდათ და მიაჩნიათ, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია.
„გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში.
იქ გულმა სამხედრო სამსახურისკენ გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო „აზოვის“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.
მარიუპოლის ალყის დროს, „აზოვსტალზე“ მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტმფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. მორჩა და დაბრუნდა „აზოვში“, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად.
გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე. ამ ოფიცრებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი, გენერალი ამილახვარი, ასევე აშშ-ში გენერალი შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში.
ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. მინდა ვუთხრა გიორგის და სხვებს - წინ გველოდება აფხაზეთი და საქართველოს სხვა გასათავისუფლებელი ტერიტორია. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა.
"ინტერპრესნიუსი"