“აი ასე, ჩემი ტრაგედიით მოცული მივედი მე-12 კლასამდე...“ - ტრავმა, რომელმაც ცხოვრება შეცვალა - როგორ გახდა საბა ასლამაზიშვილი წარმატებული რეჟისორი - კვირის პალიტრა

“აი ასე, ჩემი ტრაგედიით მოცული მივედი მე-12 კლასამდე...“ - ტრავმა, რომელმაც ცხოვრება შეცვალა - როგორ გახდა საბა ასლამაზიშვილი წარმატებული რეჟისორი

რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ბევრი წარმატებული სპექტაკლია, რასაც არაერთი ჯილდო მოწმობს. მათ შორისაა: ტაშკენტის საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე - საუკეთესო რეჟისორის პრიზი - „მარატ-სადი“; შალვა გაწერელიას სახელობის ჯილდო - უბედურება“; თეატრალური საზოგადოების გრან-პრი - „ირინეს ბედნიერება“; სპექტაკლისთვის „ქარიშხალი“ ორი ჯილდო მიიღო - წლის საუკეთესო რეჟისორი და კლასიკური დრამატურგიის ფესტივალზე „უშანგი“ - საუკეთესო რეჟისორის წოდება და სხვა. ის არაერთხელ მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე საზღვარგარეთ. ახალგაზრდა რეჟისორს თუმანიშვილის სახელობის თეატრში შევხვდი.

33-1776329081.jpg

ფოტო: „ყვარყვარე“ ფესტივალზე - „მაჩაბელის შემოდგომა თელავში“

- ახლა რა პიესაზე მუშაობთ ამ თეატრში?

- დიდი ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „კაცია-ადამიანის?!“ თანამედროვე ინტერპრეტაციაზე მუშაობა დავიწყეთ თებერვლის დასაწყისში. აპრილის ბოლოს გვექნება პრემიერა. ინსცენირების ავტორია ქალბატონი მანანა ანთაძე - ამ თეატრის ლიტნაწილი, შესანიშნავი მთარგმნელი, არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩემი მეგობარი. ჩვენ ვეცადეთ, ცოტა სხვა კუთხით დაგვენახა ეს მოთხრობა და გადმოგვეტანა თუმანიშვილის თეატრის სცენაზე. ვნახოთ, რა გამოგვივა.

9-1776329126.jpg

ფოტო: სპექტაკლი „ყაჩაღები“

- მარჯანიშვილის თეატრში დადგმულ „ყაჩაღებზეც“ მანანა ანთაძესთან ერთად იმუშავეთ. რატომ აირჩიეთ ეს პიესა დღეს?

- ქალბატონი მანანა და მე აქტიურად ვთანამშრომლობთ დაახლოებით სამი წელია, ხან ახალ თარგმანს ვაკეთებთ, ხან ძველი თარგმანით ვხელმძღვანელობთ და რაც მთავარია, ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ, თანამედროვე ტექსტებს კონცეფციიდან და ფორმიდან გამომდინარე.

ზოგადად, შილერის დადგმა დიდიხანია მინდოდა. პირველი მცდელობა „ვერაგობა და სიყვარული“ იყო, რაც ბოლომდე არ განხორციელდა. გავიდა 2 წელი და მივხვდი, რომ მინდა შილერთან დაბრუნება, პირველ რიგში, მისი მეამბოხე სულიდან გამომდინარე. მთელი თავისი შემოქმედებით ის იბრძოდა ტირანიის წინააღმდეგ, სამართლიანობისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებისთვის. შილერის სული განსაკუთრებით, სწორედ „ყაჩაღებში“ (მეორე სახელწოდება - „ინ ტირანოს“) იგრძნობა. ტექსტის საკმაოდ შემოკლებული ვერსიის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სპექტაკლში სრულადაა გადმოცემული სოციალურ-პოლიტიკური სათქმელი: როგორ იძირებიან ადამიანები ძალაუფლებისთვის ბრძოლაში, როგორ კარგავენ საკუთარ თავს, მორალს და მიდიან თვითგანადგურებამდე იმისთვის, რომ ახალი გზა გამოჩნდეს.

- თეატრალურში სამაგისტრო კურსი ავთო ვარსიმაშვილთან გაიარეთ. მანამდე ილიაუნში იყავით და თეატრის რეჟისურას ვინ გასწავლიდათ?

- მადლობა ღმერთს, რომ ბაკალავრი ილიაუნში დავამთავრე. ამას თამამად ვამბობ იმიტომ, რომ გარდა რეჟისურისა, იქ შევისწავლე ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური და სხვა ისეთი საგნებიც, რომლებიც მენეჯერული თვისებების ჩამოყალიბებაში დამეხმარა. თეატრალურში ამ მხრივ უფრო ნაკლები ასპარეზი იყო, ასე მგონია. ილიაუნში მასწავლიდა ოთარ ეგაძე, მერე ვანო ხუციშვილი, შემდგომ - ავთო ვარსიმაშვილი და ბოლოს, 2 წელი ვიყავი თემურ ჩხეიძის სახელოსნოში. მისთვის ბოლო ჯგუფი იყო. თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად აღიქვამს თეატრს, ფორმას... ეს მრავალფეროვნება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ამიტომ მადლიერი ვარ ყველასი, ბევრი რამ ვისწავლე.

0000000-1776329517.jpg

ფოტო: “ქარიშხალი“ - ფოთის თეატრი

ბატონ თემურთან ურთიერთობა ძალიან დიდი ბედნიერებაა, მითუმეტეს როცა არსებობს პროფესიის გარდა, პიროვნული ურთიერთობებიც და ამ მხრივ მასთან მნიშვნელოვანი შეხება მქონდა. ჩემი აზრით ყველაზე მთავარი, რაც ბატონი თემურისგან ვისწავლე, ტექსტის აღქმა და მისი მოფრთხილება იყო. თუ რა სიფაქიზით ეპყრობოდა ის ტექსტს და თითოეულ სიტყვასაც კი. საერთოდ, ლექციებზე დიდ დროს ვუთმობდით კითხვას და ანალიზს, ეს იყო ჩემი პროფესიული სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოცდილება.

- თეატრისადმი ინტერესი ბავშვობიდან იწყება? როგორ აირჩიეთ ეს პროფესია?

- ამ სფეროში შემთხვევით, არსაიდან და არაფრიდან მოვხვდი, ამ მიმართულებით არ მყავს არც მშობლები და არც ბებია-ბაბუა. ჩემი უცნაური ისტორია იწყება ასე... დაახლოებით 15 წლამდე ვთამაშობდი ფეხბურთს და როგორც ამბობენ, საკმაოდ კარგად. ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა საფეხბურთო კარიერა, მაგრამ უბედური შემთხვევა მოხდა. თვალზე მძიმე ტრავმა მივიღე, სამი ოპერაციის შემდეგ დამჭირდა ხანგრძლივი რეაბილიტაცია. გამორიცხული იყო ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, არათუ ფეხბურთის თამაში. აი ასე, ჩემი ტრაგედიით მოცული მივედი მე-12 კლასამდე.

00000000000000000-1776329490.jpg

ფოტო: საბა - სკოლის მოსწავლე

ერთ დღეს, თეატრზე შეყვარებულმა ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა თავისუფალ თეატრში ვანო ხუციშვილის მონოსპექტაკლზე „საძაღლე“. მთავარ როლს ასრულებდა ბატონი სლავა ნათენაძე, დღეს ჩემი მეგობარი და უახლოესი ადამიანი. ვნახე ბატონი სლავა სცენაზე და რაღაცნაირად, უცბად გადავწყვიტე, რომ მსახიობი გავხდები-მეთქი. თეატრალურში სამსახიობოზე არ მიმიღეს და ჩავაბარე ილიაუნში. იქ ჩემი ჯგუფელები კარგ როლებს მანდობდნენ ხოლმე და ბედნიერიც ვიყავი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ოთარ ეგაძემ მითხრა: მგონია, რომ შენ რეჟისურა უდა სცადოო. არ ვიცი, ეს თვითონ ახსოვს თუ არა? მისი იდეა ავიტაცე, ასე შემთხვევით დავიწყე და მოვედი აქამდე.

- რეჟისორები არცთუ იშვიათად მიმართავენ დადგმის უცნაურ ფორმას, მაგალითად თქვენი „მარატ-სადის“ მოქმედება ფოიეში მიმდინარეობს. უცნაური ფორმის ძიება თვითმიზანია?

- ვცდილობ, რომ არ იყოს თვითმიზანი იმიტომ, რომ თუკი სათქმელისგან დაცლილი იქნება შენი მოგონილი ფორმა, ის დარჩება უცნაურობად და მეტი არაფერი. საერთოდ მჩვევია დარბაზის გარეთ გასვლა. მაგალითად, ცირკში ვითამაშეთ „დონ ჟუანი“, პანდემიის პერიოდში სასაფლაოზე რამდენჯერმე წარმოვადგინეთ - „ფერიცვალებულნი“. პიესა ია გელიტაშვილმა სპეციალურად დაწერა იმ სივრცის გათვალისწინებით. ესეც საინტერესო და უცნაური გამოცდილება იყო. სივრცის შეცვლა ჩემთვის ძიების ფორმაა და თეატრის ისტორიასაც რომ გადავხედოთ, ის მუდმივად ფორმაცვალებადია და წარმოდგენას სხვადასხვა ადგილებში თამაშობდნენ: ბაზარში, ღია ცის ქვეშ და ა.შ.

8-1776329250.jpg

ფოტო: სცენა სპექტაკლიდან “მარატ-სადი“

- ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხართ მესამე წელია, რას გვეტყვით ამ თეატრზე?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახლია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი, სადაც კარგად ვგრძნობ თავს შემოქმედებითი კუთხით და ყველა სხვა მიმართულებით. ბევრი რთული ეტაპი, წინაღობა გავიარეთ ერთად და დიდ პატივს ვცემ ყველას - შემოქმედებით გუნდს, ტექნიკურ ჯგუფს, ადმინისტრაციას. ვფიქრობ, რომ თეატრი ისევ იბრუნებს წამყვან პოზიციებს. უმძიმეს პირობებში გვიწევს მუშაობა და მაინც, ერთ-ერთი საინტერესო ადგილია რეჟისორებისა და მსახიობებისთვის. არაერთი ახალგაზრდა, წარმატებული რეჟისორი ჩამოვიდა და იმუშავა ფოთის თეატრში. მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, რომ სირთულეების მიუხედავად ვახერხებთ, შემოქმედებითი მიღწევები გვქონდეს და ეს პროცესი არ შეწყდეს. ჩვენ რამდენიმე ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა. ახლაც, აპრილში „ყვარყვარე“ წარსდგება მაკედონიაში მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალზე. გვაქვს შემოთავაზება ჩინეთიდან. ფოთის თეატრს დიდი რესურსი აქვს და მგონია, რომ კიდევ ბევრ მნიშვნელოვან სათქმელს იტყვის.

6-1776329284.jpg

ფოტო: სტუდენტი საბა ასლამაზიშვილი სპექტაკლის მერე

- როცა რაღაც არ გამოგდით, ამას განიცდით, ნერვიულობთ...? და რა არის გამოსავალი?

- რთულად გადასატანი და ფაქტობრივად დეპრესიის ტოლფასია, მითუმეტეს ბოლო წლებში, როცა გარკვეული შემოქმედებითი ეტაპი გავლილი გაქვს. ჩემს თავს სულ ვეუბნები, რომ ნებისმიერი წარმატების შემდეგ, ყოველთვის მზად უნდა იყო წარუმატებლობისთვის და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. რეჟისორისთვის მთავარი თვისება თვითკრიტიკა მგონია. და კიდევ, აუცილებლად გულწრფელი უნდა იყო, სხვანაირად შედეგს ვერ მიაღწევ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლისუნარიანობა არ დამიკარგავს, ყველა დავარდნის მერე ვცდილობდი ადგომას და ვახერხებდი. ეს თვისება მომყვება ბავშვობიდან. ხშირად მიფიქრია იმაზეც, რომ როგორც შემთხვევით აღმოვჩნდი ამ პროფესიაში, ასევე შეიძლება დადგეს მომენტი და რაღაც შემთხვევის გამო, თეატრში აღარ ვიქნები... მჯერა, რომ ცხოვრება საინტერესოა და ბედნიერი უნდა ვიყო.

4-1776329547.jpg

ფოტო: საბა ასლამაზიშვილი

- დაბოლოს...

- დღეს ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე ვარ, მყავს ჩემი ოჯახი - შვილი და მეუღლე. ახლახანს შეგვეძინა ელისაბედი, ჯერ ერთი თვისაც არ არის. მგონია, რომ წინ კიდევ მნიშვნელოვანი აღმოჩენები მელოდება ამ პროფესიაში, თუ მის მიღმა, მნიშვნელობა არა აქვს. ჩემი განტვირთვის და სიმშვიდის მთავარი წყარო ოჯახია - ჩემს შვილთან და მეუღლესთან ერთად ყველაზე კომფორტულად და არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)