ანა დოლიძის სკანდალური პოსტი სალომე ზურაბიშვილზე - "აღიარებს თუ არა საკუთარ წვლილს ახლა მიმდინარე რეპრესიებში?"
"ჩემთვის არასერიოზულია ლიდერი, რომელიც ეთერებში არ დადის, კითხვებს გაურბის. დიდი ხანია ეთერებში არ დადის სალომე ზურაბიშვილი, მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი გზით, ცალმხრივად ეურთიერთება ხალხს", - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ეს არადემოკრატიულია. მისთვის მთავარი კითხვები, პასუხის გაცემა რომ უნდოდეს სინამდვილეში და არა ფრთხილად დადგმული მონახაზის ფარგლებში, არის:
1. აღიარებს თუ არა საკუთარ წვლილს ახლა მიმდინარე რეპრესიებში? მის მიერ მხარდაჭერილი "მესამე ტალღის" კანონით არსებობს ძლიერი სასამართლო კლანი და მის მიერ დანიშნული თამარ ღვამიჩავას მეშვეობით ჩაბეტონდა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი იუსტიციის საბჭოში. აღიარებს თუ არა პასუხისმგებლობას, რომ სწორედ მისი თანამონაწილეობით მიმდინარეობს დღევანდელი ტერორი სასამართლოს მეშვეობით.
2. აღიარებს თუ არა რომ მის მიერ ნათია თურნავას დანიშვნამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შექმნა ივანიშვილისთვის სანქციების თავიდან არიდების და მთელი ოფშორული კაპიტალის საქართველოში გადასახადების გარეშე შემოტანის, საბანკო სექტორზე კონტროლის შესაძლებლობა?
3. აღიარებს თუ არა რომ სწორედ მის მიერ შერჩეულმა და დანიშნულმა გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ისტორიულად გაყალბებული არჩევნები და მოატაცებინა ოლიგარქს ქვეყანა?2024 წლის 29 დეკემბრის გაშვებულ შანსზე და პროტესტის დასუსტებაზე პასუხი ჩემთვის ნათელია.ეს დასაწყისისთვის. სასამართლო, ბანკი, საარჩევნო კომისია- სწორედ ამ ტრიუმვირატით მოიტაცა ოლიგარქმა ქვეყანა და გამაგრდა საქართველოში. წინსვლა იქნება მხოლოდ სიმართლით", - წერს ანა დოლიძე.