რატომ ჩაიკეტა აბასთუმნის საჰარეო სივრცე?!
დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აიკრძალა. ამის შესახებ „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 9 თებერვლის დადგენილებაშია საუბარი.
აღნიშნული დოკუმენტით ცვლილებები შევიდა 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილებაში და ქვეყნის საფრენოსნო არეალი დაკორექტირდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმანში ფრენების შეზღუდვის მიზეზი შემდეგია - „ატმოსფეროს გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ასტრონომიული დაკვირვებებისთვის“.
ამასთან, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აკრძალულია 24/7-ზე, თუმცა მხოლოდ გამონაკლის უწყებებს აქვს მისი დარღვევის უფლება.
კერძოდ, ფრენები არ არის დაშვებული შემდეგი გამონაკლისების გარდა:
საქართველოს სახელმწიფო ავიაციის საჰაერო ხომალდებისათვის;
ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდებისათვის;
შეზღუდული არეს ფარგლებში მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის;
ცუდი ამინდის შემოვლის მიზნით, ან თუ წარმოიქმნება ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საჭიროება.
ცნობისთვის, აბასთუმანში საჰაერო სივრცე დროებით 2019 წელსაც დაიკეტა. იმ დროისთვის მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავდა, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ამ ნაბიჯით სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ ადგებოდა. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ აბასთუმნის ობსერვატორია, როგორც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, განვითარდეს.