“ალბათ ადამიანი თავისი მისიით იბადება და აი, ამას უნდა მიაგნოს“ - ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილის, დეკანოზ დავით ციცქიშვილის "სახალხო ინტერვიუ"
"მე გახლავართ დეკანოზი დავით ციცქიშვილი, თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი“, - ასე დაიწყო Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის მორიგი "სახალხო ინტერვიუ“. სტუმარი გარდა იმისა, რომ სასულიერო პირია, ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ის შთამომავალია, კონკრეტულად კი, შვილთაშვილი.
დეკანოზმა დავით ციცქიშვილმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას სტატიის ბოლოს.
გიორგი:
- მამა დავით, რატომ გახდით სასულიერო პირი. მოგვიყევით ამის შესახებ.

- როდესაც შენ ჯვარს ატარებ, აქ ალბათ მხოლოდ ერთი ფაქტორი არ გამოიყოფა, რამდენიმეა. ჩემ თავთან მიმართებით, რამდენიმეს გამოვყოფდი. ერთი ისაა, რომ სასულიერო გვარს ვეკუთვნი - წინაპრებში ბევრი სასულიერო პირი გვყავდა. მეორე ფაქტორი, რაც, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში შეიძლება დავასახელო, ისაა, რომ ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე. როდესაც დამამთავრებელ კურსებზე ვიყავი, მივხვდი, ადამიანის ფსიქოლოგიური დახმარება გაცილებით რთულია, ვიდრე ეს ფსიქოლოგებს წარმოუდგენიათ. აქ რაღაც სხვა ძალებია ჩართული, კერძოდ, მივხვდი, რომ უპირველესი ფსიქოლოგიური დამხმარე ღმერთია და მოწინააღმდეგე ღვთის საწინააღმდეგო ძალა... ბოროტი ძალა ადამიანის ცხოვრებაში ფსიქოლოგიური პრობლემებით, ბრძოლებით მოდის. ეს კარგად გავაცნობიერე, გავითავისე და მივხვდი, რომ ღუზა სხვაგან უნდა ჩამეშვა იმისთვის, რომ, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგი შევმდგარიყავი... ამანაც განაპირობა... ფსიქოლოგიური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ასპირანტურა დავამთავრე და ღუზა სხვადასხვა სფეროში ჩაუშვი. მიუხედავად ამისა, სრული შეგრძნება მქონდა, რომ ის ყველაფერი ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო. გული ვერც ერთ ადგილს ვერ დავუდე. ამანაც მიბიძგა, აქეთკენ წამოსულიყავი. ალბათ ადამიანი თავისი მისიით იბადება და აი, ამას უნდა მიაგნოს.
მახსოვს, ჩვენს უწმინდესს, ილია II-ეს ჰქონდა ასეთი ჩვეულება: როდესაც ეპისტოლეებს წერდა, ზოგჯერ მოსახლეობის გარკვეულ წარმომადგენლებს ეძახდა, რომ მათი აზრი გაეგო საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ. ასეთ შეხვედრას ერთხელ მეც დავესწარი. ვთქვი, რომ ჩვენი დროის ერთ-ერთი უბედურებაა ისაა, რომ ადამიანი საკუთარ თავს ღალატობს, - პროფესიად ირჩევს არა იმას, რაც მისთვის საინტერესოა და რისთვისაც არის მოწოდებული, არამედ იმას, რაც ფულს მოიტანს, რაც კარიერის გაკეთებაში ხელს შეუწყობს. ამით საკუთარ თავს ღალატობს-მეთქი... მეც ბევრი ნაკლი მაქვს და ცხოვრებაში შეიძლება ბევრი შეცდომაც მომსვლია, მაგრამ ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის არ მეღალატა. ის შინაგანი განწყობა, რისკენაც მიბიძგებდა, ის საქმე მეკეთებინა...