...რომ არა მიხეილ ჭიაურელის სახელი და გავლენა, ბერია ვერიკოს ციმბირს უკან დაატოვებინებდა
ვერიკო ანჯაფარიძე მზეს ჰგავდა. არა მარტო იმიტომ, რომ კაშკაშა ვარსკვლავი იყო და მისი ნიჭიერების "ორბიტაზე" საგანგებოდ იქმნებოდა და იდგმებოდა სპექტაკლები...
არც მხოლოდ იმის გამო, რომ დიდი სახლის ზღურბლთან იდგა, როგორც დიდი მასპინძელი და თავისი თანამედროვე ეპოქის ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ადამიანს მასპინძლობდა... მისი სახლი ისეთივე ცენტრი იყო კულტურის მოყვარულთათვის, როგორიც მზის სისტემისთვის მზეა... ის ერთდროულად აცოცხლებდა და წვავდა არა მარტო სცენაზე, ცხოვრებაშიც და აბა, როგორ არ შეადარებ მზეს...
რაღას არ ყვებოდნენ მასზე: "თეატრში უდიდესი გავლენა ჰქონდა და იმასაც კი განსაზღვრავდა ზოგჯერ, როლი ვისთვის მიეცათო"... "ვერიკოს რომ აწყენინებდა, რაც უნდა დიდი მსახიობი ყოფილიყო, თეატრს დაატოვებინებდნენო"... თეატრი ხომ მღელვარე ინტრიგების ადგილია, ჰოდა ძალიან ძნელი იყო გარკვევა, ვინ რას ამბობდა ან რატომ...
მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო არ დაგენახა ამ დიდი ქალბატონის დიდი გამბედაობა, ზოგჯერ თავგანწირვამდე მისული მოყვასის სიყვარული - "ვერიკოს შეეძლო დიდი ვაჟკაცივით დამდგარიყო და პოლიტიკურად მიუღებელი კაცი, "საშიში" - როგორც მაშინ უწოდებდნენ, შინ მიეღო".
ვერიკო ანჯაფარიძე ტრაგიკულ სახეებს ქმნიდა სცენაზე და სპექტაკლების შემდეგ, როცა აღფრთოვანებული საზოგადოება ჩურჩულით არჩევდა ჭორ-მართალს თეატრში და თეატრს მიღმა მისი განვლილი ცხოვრების შესახებ არავინ ამბობდა ერთადერთ ყველაზე მართალ ფრაზას, რომ ვერიკო ტრაგიკული ადამიანი იყო. მერე რა, რომ მის "სიკაშკაშეში" ეს ნაკლებად იკითხებოდა...

დიდი არტისტის გარდაცვალებიდან ლამის ოცი წლის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბის რომანი დაიბეჭდა, "გორა მბორგალი", სადაც ერთი მონაკვეთი ვერიკო ანჯაფარიძისა და ჭაბუას ბიძის - შალვა ამირეჯიბის სიყვარულს ეხებოდა.