80 წლის მწერალს 19 წლის გოგონა შეუყვარდა... - უკანასკნელ ამოსუნთქვამდე შეყვარებული გრიგოლ რობაქიძე
ცნობილი მწერლის მრავალფეროვანი სასიყვარულო ცხოვრება "სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასოდესაა სრულყოფილი სიყვარულში...” - ალბათ ამ მრწამსით, დროისა და გამკიცხავი შეფასებების შიშის გარეშე განიცდიდა გრიგოლ რობაქიძე უკანასკნელ "სულ სხვა" სიყვარულს... მაშინ თავად 80-ის, ავსტრიელი მხატვარი გიტა შტრახვიტცი კი მხოლოდ 19 წლის იყო... გაცნობამდე, რაც სავარაუდოდ, გიტას სურათების ერთ-ერთ გამოფენაზე მოხდა, ქალს გრიგოლი 12 წლის წინ სიზმრად უნახავს... ამ დაუჯერებელი მისტიური სიყვარულისა და მწერლის პირადი ცხოვრების სხვა დეტალების შესახებ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მანანა კვატაია საუბრობს...

- პირველი წერილი იმხანად ჟენევაში მცხოვრები ქართველი მწერლისათვის გიტას მიუწერია. ბარათის მიღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე უკვე ამგვარად მიმართავს გიტას: "შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი საოცრება ხარ... საოცარია: შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე, ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება”. ქალი კი სწერდა: "შენდამი სიყვარულში, როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის - ხარ ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი".
გიტამ და გრიგოლმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, თუმცა, ბუნებრივია, ეს ადვილი არ იყო. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მწერალმა გიტას მშობლებს ბარათი გაუგზავნა და ქალიშვილის ხელი სთხოვა. გრიგოლ რობაქიძეს დის თხოვნით ფოტოსურათი გადაუღია, რომლის შესახებაც თავადვე წერს: “ერთი გაურკვეველი გრძნობა მაკავებს. სურათზე წარმოუდგენლად გაახალგაზრდავებულად გამოვიყურები”.