სამარშრუტო ტაქსების ხაზის მფლობელების პროტესტი
სამარშრუტო ტაქსების ხაზების ყოფილი მფლობელები სამარშრუტო ხაზების საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქცია გლდანის მესამე მიკრორაიონში გამართეს და თბილისის მერიის მიერ 2010 წელს ჩატარებულ ტენდერი გააპროტესტეს, რომლის შემდეგადაც ქალაქში ე.წ. ყვითელი სამარშრუტო ტაქსები შემოვიდა.
ერთ-ერთი ხაზის ყოფილი მფლობელის, გიორგი ოკუჯავას თქმით, მათ 2000 წლიდან 5000 ტაქსი შემოიყვანეს და 224 ხაზი აამუშავეს. სამარშრუტო ხაზები კი მათ თბილისის მერიამ უკანონოდ ჩამოართვა. ამიტომ ისინი სატენდერო პირობების გადახედვასა და ხაზების თანამესაკუთრეობას ითხოვენ.
როგორც ჩვენთან #109 სამარშრუტო ხაზის ყოფილი მფლობელი თემურ კიკნაძე აცხადებს, მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად, ის და ათასობით სხვა ინდმეწარმე ბანკის ვალების ამარა დარჩნენ:
- 15 წელზე მეტ ხანს ვამუშავებდი 109 ნომერს სამარშრუტო ხაზს, შემდეგ ქალაქის მერიამ დადგენილება მიიღო, რის საფუძველზე ტენდერი გამოაცხადა და მაშინვე ითქვა, რომ აუცილებლად უნდა გაემარჯვა პრეზიდენტთან დაახლოებულ კომპანიას, რომელსაც რამდენადაც ჩვენ ვიცით, არც მანქანები ჰყავდა და არც ბაზა ჰქონდა. როგორც მოსალოდნელი მაინც გაიმარჯვა, მაგრამ ვიდრე თავიანთ მანქანებს შემოიყვანდნენ ჩვენ ვმუშაობდით. რამდენიმე ხანს ჩვენი მანქანები ატარებდნენ მგზავრებს, მაგრამ საგზურის ფასს ყოველდღიურად გვიზრდიდნენ, ჯერ იყო 15 ლარი, შემდეგ 20 და ბოლოს 30-40 ლარს გვახდევინებდნენ, ფასს ხაზის სიგრძის მიხედვით საზღვრავდნენ. საწვავი, მანქანის ცვეთისა და სხვა ხარჯები ჩვენი იყო, მაგრამ მუშაობის უფლებას მათგანს ვყიდულობდით. ასე გაგრძელდა თითქმის ერთი წელი. მაშინ ჩვენ 25 მანქანა გვყავდა, მაგრამ ახლა ქალაქში 3 ათასი მიკრაოვტობუსი დადის და წარმოიდგინეთ, დღეში რამხელა თანხა გროვდება.
- ყვითელი მიკროვტობუსების შემოყვანის შემდეგ, ძველი მძღოლები დატოვეს, თქვენი ბედი დღემდე გაურკვეველია?
- არა, გაურკვეველი არ არის, უბრალოდ, ძველი მძღოლები ხაზზე დატოვეს, ხაზის მეტრონეები კი მშრალზე დაგვტოვეს, - თქვენი მუშაობა დასრულდაო. არადა, ხალხს ბანკიდან კრეტიდები ჰქონდა გამოტანილი, ხაზი რომ ეყიდა. ზოგმა ამისთვის მაშინ სახლში ჩადო, რათა ოჯახს სტაბილური შემოსავალი ჰქონოდა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ მდგომარეობაში 5 ათასამდე ინდმეწარმეა. მათი თქმით, ამ ადამიანებმა 2000 წელს და უფრო ადრე, როდესაც მთელი ქალაქი ტრანსპორტის გარეშე იყო დარჩენილი 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს და ქალაქში 5 ათასი მიკროავტობუსი შემოიყვანეს.
"სულ 244 სამარშრუტო ხაზი გავხსენით და ქალაქში გაადგილების პრობლემა თითქმის აღარ იყო. ახლა კი, ეს ადამიანები, მერიის გაუმჭვირვალე ტენდერის "დამსახურებით" პროცენტიან ვალებს იხდიან და ზოგს ამისთვის სახლის გაყიდვაც კი მოუწია" - აცხადებენ ისინი და ტენდერის გადახედვას ითხოვენ.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)