სიახლე ახალი მინისტრისგან: აღდგება სპორტის აკადემია - კვირის პალიტრა

სიახლე ახალი მინისტრისგან: აღდგება სპორტის აკადემია

ოქტომბრის დადგომასთან ერთად საქართველოში მთავრობა შეიცვალა. როგორც ყოველთვის, ახლისგან ყველა მეტს ელის. მეწარმეები ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, პენსიონერები პენსიების მატებას, სპორტული საზოგადოება - სპორტის აღმავლობას. შეიცვალა სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობაც, მინისტრად დავით ყიფიანის ვაჟი ლევანი დაინიშნა. ოქტომბრიდან დღემდე თვენახევარია გასული და ახლა სწორედ ის დროა, სამინისტროს ახალმა მთავრობამ ქართული სპორტის წინსვლის გზები დაისახოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ მოვიდა მინისტრი ლევან ყიფიანი "ლელოს" პრეს-კლუბში.

- სპორტის მინისტრობის თანამდებობის შემოთავაზება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ამ ამბავმა თავიდან გამაკვირვა და ცოტა შემაშინა კიდეც, რადგან დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. თუმცა, ისიც ვიცი, რომ ადამიანი იმიტომ ცხოვრობს, პირველ რიგში, ქვეყანას გამოადგეს. მიუხედავად იმისა, რომ პატარაობიდან სპორტში ვარ, მაინც გარკვეულ უხერხულობას ვგრძნობ, როცა კაბინეტში მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები შემოდიან. მათ ქვეყნისთვის დიდი საქმე აქვთ გაკეთებული და მოწიწებასაც იმსახურებენ.

როგორც მინისტრმა თქვა, თავად ესაუბრა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ვიქტორ სანეევს და საქართველოში დაბრუნება შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო, ოღონდ, ვეტერანმა ოლიმპიელმა იანვრამდე დრო ითხოვა, ავსტრალიაში საქმეების მოსაწესრუგებლად. ბატონმა ლევანმა იქვე დაამატა, რომ სამშობლოში სხვა ემიგრანტი სპორტსმენებიც ბრუნდებიან.

ძალიან გვინდა, ჯოხის ერთი დარტყმით, სპორტი გამოცოცხლდეს, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ, მაგრამ ჯადოსნური ჯოხები მხოლოდ ზღაპრებშია. სპორტის მაღალ დონემდე აყვანას დრო სჭირდება, რაც თვენახევარში ნამდვილად ვერ მოესწრება. თუმცა ამ დროში სამინისტრომ ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა:

- მინისტრად დანიშვნისთანავე მოვითხოვე სპორტის აკადემიასთან დაკავშირებული საბუთები. აღმოჩნდა, რომ მისი გაყიდვა ვერ მოესწრო, რაც სასიხარულოა, რადგან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამ სასწავლებლის აღდგენაა. ოღონდ უმჯობესია, იგი არა აკადემია, არამედ უნივერსიტეტი იყოს. სპორტული განათლება ხომ სპორტის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

კალათბურთში, ფეხბურთსა და რაგბში არაერთი სამთავრობო გუნდია. მათი ბედითაც დავინტერესდით...

- მიმაჩნია, რომ კლუბები ამ ფორმით არ უნდა ფინანსდებოდნენ. მინისტრებთან შევთანხმდით, რომ შუა სეზონში გუნდების დახმარება არ შეწყდება, რადგან ეს ზოგადად ქართულ სპორტს ავნებს. სეზონის დასრულების შემდეგ კი ამ საკითხს განვიხილავთ, ვიფიქრებთ, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ სპორტი არ დაზარალდეს, რა მასშტაბით, როგორი ფორმით უნდა მოხდეს დაფინანსება. მაგალითად, შარშან საკალათბურთო "არმიაში" ლეგიონერები იმდენს იღებდნენ, რომ იმ თანხით სამი გუნდის შენახვა შეიძლებოდა.

ლოგიკურად მივდივართ მნიშვნელოვან თემასთან: როგორ უნდა დავაინტერესოთ ბიზნესმენები სპორტით?

- 1996 წლის შესახებ კანონი სპორტის შესახებ არ შეცვლილა. შესაძლოა, სხვა ქვეყნებს გაცილებით ძველი კანონები აქვთ, მაგრამ ცხოვრება წინ მიდის და შესაბამისად კანონებშიც შეტანილია არაერთი საჭირო ცვლილება. ჩვენთან არც ეს მომხდარა. ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა გვმართებს, უნდა ჩაერთოს იურისტთა ჯგუფი, ფინანსთა სამინისტრო, კერძო სექტორი... ჩვენი მთავარი მიზანია ისეთი კანონის შექმნა, რომლის მიხედვითად კერძო სექტორი სპორტისკენ მობრუნდება. თუმცა ისიც გვესმის, რომ ასეთი სწრაფი გარდატეხა ვერ მოხდება. გვაქვს სხვა ქვეყნების მაგალითიც, სადაც გარდამავალ ეტაპზე სპორტში აქტიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტები. საბაზისო დაფინანსება მუნიციპალური უნდა იყოს, რაც საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ სპორტული სკოლები.

როგორც ჩანს, სამინისტრო სპორტულ ფედერაციებსაც სხვა კუთხით დააფინანსებს. ლევან ყიფიანი ფედერაციების ხელმძღვანელებსაც შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხზეც ილაპარაკა.

- ფედერაციები კალენდარულად არ უნდა დაფინანსდნენ. ფული მათ პროგრამულ განვითარებაში უნდა წავიდეს. ზოგიერთ ფედერაციაში ვიკითხე, თუ გაქვთ სპორტის ამ სახეობის განვითარების პროექტი-მეთქი, გვაქვს, მაგრამ აქ არაო, - მითხრეს. რაც შეეხება რაგბის კავშირს, იქ რამდენიმე წლის წინ დაწერილ პროექტს ახორციელებენ და შედეგიც სახეზეა.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)