ექიმი, როკერი, არქიტექტორი და ... " - სინოდის წევრთაგან ვის რა საერო განათლება აქვს და რამდენი მღვდელმთავარი აკმაყოფილებს პატრიარქობის კანდიდატობის მოქმედ კრიტერიუმებს?
ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერმაისში საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება - ეკლესიის საჭეთმპყრობელს ირჩევს წმინდა სინოდი, რომელიც 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ს მემკვიდრე მათგან ერთ-ერთი იქნება.
არჩევნებზე ერთმანეთს კონკურენციას სამი კანდიდატი გაუწევს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა. პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი პატრიარქი ირჩევა.
პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა.ასევე, პატრიარქობისთვის აუცილებელი კრიტერიუმია საღვთისმეტყველო განათლება.ეპისკოპოსების უმრავლესობას განათლება რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ მიღებული (მოქმედი ეპისკოპოსებიდან მხოლოდ სამს აქვს ევროპული განათლება), 39 ეპისკოპოსიდან 14-ს სასულიერო განათლება არ აქვს, რამდენიმე მღვდელმთავრის განათლების შესახებ კი ცნობები არ მოიპოვება.
გაგაცნობთ წმინდა სინოდის 39-ვე წევრი ეპისკოპოსის მოკლე დოსიეს მანამ, ვიდრე ისინი ღვთისმსახურების გზას შეუდგებოდნენ:
შიო მუჯირი - პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს , ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი
მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში - ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) დაიბადა 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ჩელისტი), 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. შიო მუჯირი 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა.
დანიელი - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი
მიტროპოლიტი დანიელი (ერისკაცობაში - დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი) დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში, 1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. 1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მე-2 კურსიდან მან სწავლა განაგრძო ქ. ზაგორსკის სემინარიაში, დაუსწრებლად.
აბრაამი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი
მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში - ამირან მამიას ძე გარმელია) დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს, ქ. სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელი ილიაუნი) ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დაასრულა, ხოლო 1988 წელს დაამთავრა მცხეთის სემინარია, იმავე წლის 3 იანვარს კი ბერად აღიკვეცა.
ისაია - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი
მიტროპოლიტი ისაია (ერისკაცობაში - ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია) დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს წალენჯიხაში. საერო განათლება მიიღო წალენჯიხაში და მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში, მოგვიანებით სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში. 1993 წელს დაიწყო საეკლესიო მსახურება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, ხოლო აფხაზეთის ომის შედეგად იძულებული გახდა სამღვდელოებასა და დევნილებთან ერთად დაეტოვებინა რეგიონი. 1994 წელს აღიკვეცა ბერად სახელით ისაია.
ანანია - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი
მიტროპოლიტი ანანია (ერისკაცობაში - თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე) დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1974 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. არის ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია. ვრცლად