აგვისტოს ომში ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო დესანტის გადმომსხმელი მესამე რუსული ხომალდიც განადგურებულია...
უკრაინის უშიშროების სამსახურმა შაბათს, 18 აპრილს, განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის სამხედრო ბაზაში სამ რუსულ სამხედრო ხომალდს მიაყენა დარტყმა.სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფა“-ს მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერაციის დროს, რუსეთის საზღვაო ძალების ორი დიდი სადესანტო ხომალდი, „იამალი“ და „აზოვი“, და კიდევ ერთი დაუზუსტებელი ტიპის სამხედრო ხომალდი განადგურებულია-იტყობინება ოფიციალური კიევი.
ამ მომენტისთვის ჯერ არ დადებული ამ რუსული სამხედრო ხომალდების დაზიანება/განადგურების დამადასტურებელი ფოტოვიდეო კადრები,თუმცა 112 მ სიგრძის რუსული სადესანტო ხომალდების სევასტოპოლის პორტში დაზიანება/ჩაძირვას აუცილებლად დააფიქსირებენ სადაზვერვო თანამგზავრები და მოგვიანებით გავრცელდება ასეთი ფოტოები.
თუკი,უკრაინელებმა მართლაც შესძლეს ორი რუსული დიდი სადესანტო ხომალდის „იამალისა“ და „აზოვის“ განადგურება,ეს იმას ნიშნავს,რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ფაქტობრივად დარჩა დიდი სადესანტო ხომალდების გარეშე,რაც თავის მხრივ გამორიცხავს რაიმე სერიოზული სადესანტო ოპერაციის ჩატარებას პუტინის არმიის მიერ უკრაინის ოდესის სანაპიროსთან.
ომის დაწყების წინ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი შვიდ დიდ სადესანტო ხომალდს მოითვლიდა, რომლებსაც 2022 წლის თებერვლის წინ კიდევ ექვსი დიდი სადესანტო ხომალდი დაემატა რუსეთის ბალტიისა და ჩრდილოეთის ფლოტებიდან, საზღვაო სწავლებების გამართვის საბაბით, სინამდვილეში კი, უკრაინის ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლზე ბრიგადის დონის (თითოეულ ასეთ დიდ სადესანტო ხომალდს 10 ტანკისა და 150 მებრძოლის გადასხმა შეუძლია მოწინააღმდეგის ნაპირზე) საზღვაო დესანტის გადასხმისათვის და უკრაინისთვის შავ ზღვაში გასასვლელის სრულად ჩასაკეტად.
რუსეთ-უკრაინის ომის ორი წლისთავზე,2024 წლის თებერვლისთვის უკრაინელებმა მოახერხეს შავ ზღვაში 13-დან ექვსი რუსული დიდი სადესანტო ხომალდის დაზიანება/ჩაძირვა.
მათ შორის იყო ბერდიანსკის პორტში აფეთქებული და ჩაძირული 1171 პროექტის „სარატოვი“(„ტოჩკა-უ“-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის „დამსახურება“), ასევე, 775 პროექტის ოთხი ხომალდი -„მინსკი“ (სევასტოპოლის სარემონტო ქარხანაში ფრთოსანი რაკეტა მოხვდა), „ნოვოჩერკასკი“ (ფრთოსანმა რაკეტამ ფეოდოსიის პორტში გაანადგურა), „ცეზარ კუნიკოვი“(უკრაინული საზღვაო კამიკაძე-დრონები „დაესივნენ“) და კიდევ ორი დაზიანებული - ერთი ბერდიანსკის პორტში და ერთიც - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, ნოვოროსიისკის ტრავერსზე.
და, თუკი ამ სიას კიდევ ორი რუსული დიდი სადესანტო ხომალდიც მიემატება,უკრაინელები უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს,რადგან ნაკლებად ექნებათ შიში რუსული საზღვაო დესანტის გადასხმისა,იმისა,რაც საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოსცადა,როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამმა დიდმა სადესანტო ხომალდმა „სარატოვმა“,„ცეზარ კუნიკოვმა“ და „იამალმა“,სევსტოპოლიდან და ნოვოროსიისკიდან წამოყვანილი საზღვაო დესანტი ოჩამჩირესთან ნაპირზე გადმოსხა,რომელიც შემდეგ შემოიჭრა ზუგდიდსა და სენაკში,ასევე კოდორის ხეობაში...
აქამდე შავი ზღვის ფსკერზე უკრაინელებს აგვისტოს ომის მონაწილე „სარატოვი“ და „ცეზარ კუნიკოვი“ ჰყავდათ გაგზავნილი და თუკი მას „იამალიც“ შეუერთდა,ეს ჩვენთვისაც ერთგვარი გულის მოფხანა იქნება...
დოკუმენტალურად დადასტურებული,რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა შავ ზღვაში დაკარგა 32 სამხედრო ხომალდი და კატარღა,რომელთაგან 23 განადგურებული და 9 კი დაზიანებული იყო(მათ შორის რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი,სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ და ორი წყალქვეშა ნავიც კი).
დღეს კიდევ ერთბაშად სამი რუსული ხომალდის დაზიანება/განადგურება,ზემოთმოტანილ ციფრს 35-მდე ზრდის,რაც ცუდი შედეგი არ არის იმ უკრაინისთვის,რომელსაც სამხედრო ხომალდები საერთოდ არ ყავს,თუმცა შავ ზღვაში რუს სამხედრო მეზღვაურებს შიშის ზარს სცემს...