“მიზანი მაქვს, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოვახდინო“ - რას ამბობს ნიკოლოზ ბარტყულაშვილი, მსოფლიო მოქალაქე და მოგზაური, რომელმაც 196 ქვეყანა მოიარა
მასთან პირველი ინტერვიუ 11 წლის წინ ჩავწერე. მსოფლიო მოქალაქის პასპორტი უკვე ჰქონდა და იმ პერიოდისთვის 121 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი... მერე კიდევ რამდენჯერმე იყო ნიკოლოზ ბარტყულაშვილი ჩემი რესპონდენტი. მსოფლიო მოქალაქეს, მოგზაურსა და სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანს დღესდღეობით 196 ქვეყანა აქვს მოვლილი... ჩემთვის ეს ფაქტი წარმოუდგენელი ამბავია...
“რა აიძულებს ადამიანს, დატოვოს კომფორტული სახლი, ოჯახი და მთელი ქონება მხოლოდ იმისთვის დახარჯოს, რომ ავიდეს, მივიდეს ან ჩავიდეს იმ ადგილას, სადაც სხეული ყოველი ამოსუნთქვით კვდება?! დიდების წყურვილი, გამძლეობის გამოცდა თუ მარადისობისთვის თვალებში ჩახედვის მცდელობა?!
ეს არის მინუს 70 გრადუსი ყინვა, სადაც ჰაერი ჭრაჭუნობს და კიდურები მგრძნობელობას კარგავს თუ პლუს 70 გრადუსი - უდაბნოს გამომშრალი სიცხე, სადაც მხურვალე ჰაერი თვალის კაპილარებს სისხლით გიბერავს. ეს არის მაღალი მწვერვალი თუ შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ჭაობი. კვლავ ახალი გამოწვევა, კვლავ ახალი რისკები და იმის არცოდნა თუ იქნება მომდევნო დღეს. ეს შეკითხვა დავუსვი ჩემს თავს, როდესაც გადავწყვიტე თავიდან, კიდევ ერთხელ შემომევლო მსოფლიო. საკუთარ თავს ვკითხე: ვინ ხარ ნიკოლოზ?! რა გინდა? რა ძალა გამოძრავებს? ან რას თვლი - რა არის შენი მისია?“ - ეს, როგორც ნიკოლოზი ამბობს, მისი გამოსაცემად გამზადებული ახალი წიგნიდან ერთ-ერთი აბზაცია.
საერთოდ, რამ შეაძლებინა ამ ადამიანს ამდენი, რა მიზანი აქვს ცხოვრებაში და საკუთარი გამოცდილებით რას აპირებს - ამაზე მისი მორიგი ონლაინ-ინტერვიუ გასცემს პასუხს. წლების შემდეგ ის ჩემი რესპონდენტი ისევ გახდა ...
- ნიკოლოზ, ამ ეტაპზე სად იმყოფები და რას საქმიანობ?
- ამ ეტაპზე კუბაში ვარ, აქაურ ეკონომიკურ აღწერას ხელახლა ვაკეთებ. საქმიანობით აქ არ ვსაქმიანობ.
196 ქვეყანა მოვიარე, გაეროში ოფიციალურად რამდენი ქვეყანაცაა დარეგისტრირებული, იმაზე მეტი. ასე რომ, მსოფლიო უკვე დიდი ხანია, მოვლილი მაქვს. მიუხედავად ამისა, კიდევ ვმოგზაურობ. გასულ ზამთარს 26 ქვეყანაში ვიყავი. კარიბის ზღვაში რომ პატარა-პატარა ქვეყნებია - იამაიკა, კოსტარიკა და ა.შ. სადაც ნამყოფი ვიყავი, კიდევ წავედი. კარიბის ზღვაში “კატერებით“, ნავებით და იახტებით ვიმოგზაურე. ქვეყანაში რომ ჩავდივარ, განსაკუთრებით დიდ ქვეყანაში, მას საფუძვლიანად ვსწავლობ. კოლუმბიაში 4-ჯერ ვიყავი, მაგრამ ახლა იქ საცხოვრებლად სამი თვით მივდივარ. მინდა ღრმად შევისწავლო, - ყველა კუთხე-კუნჭული, სოფელი, მდინარე და ჩანჩქერი მოვინახულო. თუმცა ძირითადი მოგზაურობა, როგორც ვთქვი, უკვე დავასრულე, წარსულს ჩავაბარე. ამ კუთხით რა მიზნებიც მქონდა, მივაღწიე. ახლა ჩემი გონება სხვა მიმართულებითაა გადაწყობილი და იმას, სად ვიქნები, პარალელურად სად ვიმოგზაურებ, ამას მნიშვნელობა აღარა აქვს. საერთოდ ცხოვრება ხომ სულ მოგზაურობა და აღმოჩენებია.
ზოგ ქვეყანაში ორჯერ ვიყავი, ზოგან - 6-ჯერ, - გააჩნია ქვეყნის სიდიდეს, სიღრმეს და იქ რას ვსწავლობ. ყველაზე დიდხანს ამერიკაში მომიწია ყოფნამ, რადგან იქ ბევრი რამ იყო ჩემთვის შესასწავლი. დაწყებული “ნასადან,“ სამხედრო სისტემიდან, მაინტერესებდა იმის შესწავლა, რაზე დგას ეს ქვეყანა. მისი 50-ვე შტატი მოვიარე.
- ამბობ, რომ ბავშვობაში დასახული ოცნებები აისრულე, - კონკრეტულად რა გქონდა დასახული?
- ბავშვობიდან მქონდა რაღაც მისიასავით განცდა, - სამყარო უკეთესობისკენ შემეცვალა და ვფიქრობდი იმაზე, ამაში მონაწილეობა როგორ მიმეღო. ბევრ რამეს ვსწავლობდი - სხვადასხვა შთამბეჭდავ ისტორიებს, იმას ვინ როგორ მართავდა და მართავს მსოფლიოს. ეს თემები თავიდანვე მაინტერესებდა. თუ მსოფლიოს შეცვლა გინდა, ჯერ უნდა შეისწავლო. ამიტომაც, ჩემი მოგზაურობის მთავარი არსი სწორედ მსოფლიო შემესწავლა გახდა არა მხოლოდ რელიეფურად, გეოგრაფიულად და კლიმატოლოგიურად, მისი კულტურით და ხალხით. ასტროფსიქოლოგიაც ამის გამო შევისწავლე...
ბავშვობაში რისი მიღწევაც მიუღწევლად მეჩვენებოდა, ის ყველაფერი ცხოვრებაში გამოვცადე - გავხდი წიგნების ავტორი, ბიზნესმენი, მსოფლიო მოქალაქე, პოლიგლოტი, - ბევრი ეტაპი გავიარე. შემდეგ ისეთ საფეხურზე ავედი, “ეგო“ გამიქრა - წარმატება, მიღწევა და შეჯიბრი - ეს მომენტები დიდი ხანია აღარ მაწუხებს.
- შენი გამოცდილებით ოცნებების ახდენას რა სჭირდება?
- ადამიანმა არ უნდა შეწყვიტოს ოცნება და ცხოვრება არ უნდა გახადოს პრაქტიკული. სხვისი მაგალითის მიხედვით არ უნდა იფიქროს, ვიღაცამ რაღაც თუ ვერ გააკეთა, ეს საკუთარ მაგალითად არ უნდა გაიხადოს. იმიტომ, რომ ადამიანები ინდივიდუალურები ვართ. ვიღაცისთვის მიუღწეველი ოცნება, შეიძლება შენთვის ხელმისაწვდომი იყოს. ოცნება ოცნებად კი არ უნდა იყოს, მას გაღვივება სჭირდება და მუდმივად ფიქრი. შემდეგი ეტაპი ინფორმაციის მოძიებაა, რომ იცოდე, შენს ოცნებასთან რა საფეხურებით მიხვიდე და იმ ინფორმაციით ჩანაფიქრი უკვე მიზნად აქციო. მიზნისთვის კი შეიძლება რამდენიმე გზა არსებობდეს და ერთ-ერთი აირჩიო. დაიწყო ნაბიჯების გადადგმა. მთავარი ნაბიჯის გადადგმაა. ადამიანს რაც არ უნდა კარგი ოცნება ჰქონდეს, კარგ გზაზე იდგეს და კარგი მიზანი ჰქონდეს, თუ არ მოქმედებს, არაფერი ხდება. მოქმედების არ უნდა შეეშინდეს და ნაბიჯი უნდა გადადგას. ვრცლად