„ალიევის პირისპირ შეხვედრა ივანიშვილთან უფრო ღრმა შინაარსის იყო, ვიდრე უბრალოდ „მეგობრული ვახშამი“ - რა ხდება კავკასიის პოლიტიკურ კულუარებში?!
17 აპრილს ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა: "საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას და საფრთხეს შეუქმნის კომუნიკაციის შენარჩუნებას ახლობლებს შორის, რომლებიც საქართველოსა და რუსეთში ცხოვრობენ - მათ შეიძლება დაკარგონ ერთმანეთის ნორმალურად მონახულების შესაძლებლობა. გარდა ამისა, საქართველოს მოუწევს შეუერთდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ ენერგეტიკულ ემბარგოს". მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი არის საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი მთავარი და სანდო მიმწოდებელი. "ევროკავშირში გაწევრება ასევე ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაკარგავს შეღავათიან სავაჭრო რეჟიმს რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან, რომლებიც მისთვის მთავარი საექსპორტო ბაზრებია". მისივე თქმით, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთება გამოიწვევს რუსეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტას. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან.
- საინტერესოა ზახაროვას განცხადების კონტექსტი: მანამდე, გასულ კვირასვე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში გამოსვლისას ამტკიცებდა, რომ საქართველო 2030 წელს აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ზახაროვას კომენტარი კი თითქმის პირდაპირი მუქარა იყო - თქვა, რომ გაწევრების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას სერიოზული პრობლემები შეექმნება ენერგეტიკის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში. ადასტურებს თუ არა ეს კიდევ ერთხელ იმას, რომ რუსეთს რაც მეტს დაუთმობ, მით მეტს მოგთხოვს? ამასთან, წლების განმავლობაში პუტინი ამტკიცებდა, თითქოს ევროკავშირი მათთვის პრობლემა არ არის.
- ეს იყო მყისიერი და პირდაპირი რეაქცია საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილის გამოსვლაზე. ფაქტობრივად, მალევე სცადა რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციის "აღკვეთა". მართალია, ეს გაკეთდა პრესსპიკერის და არა უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის დონეზე, მაგრამ ეს რუსული დიპლომატიის ხელწერაა.
ისიც კი არ აპატიეს ხელისუფლებას, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირში შესვლის თეორიულ შესაძლებლობაზე ისაუბრეს. ეს რუსეთში აღიქვეს როგორც პოლიტიკური საფრთხე და რეაქციამაც არ დააყოვნა.
რაც შეეხება თქვენს კითხვას ევროკავშირზე: წლების განმავლობაში რუსეთი მართლაც ამტკიცებდა, რომ ნატო იყო მათი მთავარი წითელი ხაზი, ხოლო ევროკავშირთან თითქოს პრობლემა არ ჰქონდათ. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ ტაქტიკური მანევრი იყო დასავლეთის დასაყოფად. რეალურად დასავლეთის ნებისმიერი აქტივობა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთისთვის საფრთხეა, რადგან კრემლი მიიჩნევს, რომ ჩვენ მისი გავლენის სფერო ვართ. უკრაინაში ომიც ამის ნათელი დასტურია.
პუტინი ცდილობს აღადგინოს რუსული იმპერია პოსტსაბჭოთა ფარგლებში. მას სურს იყოს ერთადერთი მთავარი ფიგურანტი ამ რეგიონში, რათა მოწინააღმდეგე აღარავინ დარჩეს. ამიტომ დასავლეთის ნებისმიერი შემოსვლა ამ სივრცეში რუსული იმპერიალიზმისთვის საფრთხეა. სხვაგვარ რუსეთს მსოფლიო არ იცნობს - ეს არის მხოლოდ იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფო, რომელსაც სურს მეზობელი ქვეყნების სრული დამორჩილება.
ამას ხელი შეუწყო "ქართული ოცნების" პოლიტიკამ: "ჩუმად ვიყოთ, წყნარად ვიყოთ, არავინ გავანაწყენოთ". როდესაც ასეთ პოლიტიკას აწარმოებ, არა მარტო რუსეთს, ყველას უჩნდება პრეტენზია შენთან.
თქვენ მართალი ხართ, ბოჭორიშვილისა და ზახაროვას განცხადებები ნამდვილად იმის მაგალითია, რომ რაც უფრო მეტ დათმობაზე მიდის ქვეყანა, მით უფრო აგრესიული ხდება კრემლი, რადგან ამას აღიქვამს არა კეთილ ნებად, არამედ სისუსტედ.
- ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ევროკავშირისკენ სვლა არ შეუწყვეტიათ და ეს პროცესი ცალმხრივად ბრიუსელმა შეაჩერა. თუმცა გვახსოვს კობახიძის განცხადება, რომ 2028 წლამდე ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდება...
- აქ მთავარია იმის გააზრება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი უპირობოდ არ მიგვიღია. როდესაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი იდგა, პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება აქტიურობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ პროცესებში უკუსვლა აშკარა იყო, ყველა თანხმდებოდა, რომ ქვეყანას სტატუსი უნდა მიეღო, რათა ევროპულ ოჯახში ადგილი დაგვეკავებინა. ევროპამ ანგარიში გაუწია არა არსებულ პოლიტიკურ რეალობას, არამედ ქართველი ხალხის გულწრფელ სწრაფვას. სტატუსი მოგვანიჭეს, მაგრამ მას მოაყოლეს კონკრეტული პირობები, რომლებიც ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა. თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ამ პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. როდესაც ბრიუსელიდან გაძლიერდა ზეწოლა პირობების შესრულებაზე, კობახიძემ გააკეთა ის ცნობილი განცხადება... ეს იყო ცდა ამ ზეწოლის ნეიტრალიზაციისთვის - თუ პროცესს შეაჩერებ, მაშინ პირობების შესრულებასაც ვეღარ მოგთხოვენ.
დასავლეთი ითხოვდა არა პროცესის შეჩერებას, არამედ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც დემოკრატიულ განვითარებას შეეხებოდა. ამაზე უარის თქმამ გამოიწვია ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს. ახლა ხელისუფლება რაც არ უნდა ეცადოს და თქვას, რომ პროცესი გრძელდება, საზოგადოებას არც ისეთი სუსტი მეხსიერება აქვს, რომ კობახიძის 2024 წლის ნოემბრის გამოსვლა არ ახსოვდეს. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტა ევროპული ინტეგრაცია და დაიწყო შეტევა ევროპულ სტრუქტურებზე. უკვე თავს ესხმიან კონკრეტულ ევროპულ ქვეყნებს, მათ ელჩებს საქართველოში. ეს არის პოლიტიკური თამაში, სადაც სიმართლესა და პროპაგანდას შორის ზღვარი წაშლილია, მაგრამ შედეგი - შეჩერებული ინტეგრაცია და ამის ინიციატორი იყო "ქართული ოცნება". ამაოდ ცდილობენ ამის ბრიუსელისთვის გადაბრალებას.
- მინდა შევეხოთ უნგრეთში განვითარებულ პროცესებს. ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ახლა ქართული ოპოზიცია მადიარის პოლიტიკურ აქტივობას იღებს მაგალითად, მაგრამ არის კი დღეს ოპოზიციაში ის რესურსი, რაც მადიარს ჰქონდა?
- მადიარი იმეორებს იმ პრაქტიკას, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გამოიყენა შევარდნაძის წინააღმდეგ. მადიარიც წლების განმავლობაში ორბანის გუნდის წევრი იყო და სააკაშვილიც შევარდნაძის გუნდიდან წავიდა ოპოზიციაში. თუმცა, თუ დღევანდელ ოპოზიციას შევადარებთ, აქ ერთი გადამწყვეტი განსხვავებაა: ბაზა და წარსული.
მადიარის პარტია იყო ახალი და მას წარსულის ცოდვები არ ამძიმებდა. დღევანდელ ქართულ ოპოზიციას სწორედ ეს პრობლემა აქვს, განსაკუთრებით "ნაცმოძრაობას" და მის განაყოფ პარტიებს, რასაც "ოცნება" მე-16 წელია წარმატებით იყენებს.
როდესაც ახალ სახეებზე ვსაუბრობთ, ჰგონიათ, რომ ეს პოლიტიკაში სრულიად ახალ ანუ უცნობ პირებს ნიშნავს. სინამდვილეში, ახალი სახე პოლიტიკაში ნიშნავს ახალ იდეოლოგიას, ახალ სტრატეგიას და ტაქტიკას. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერ ახერხებს ელექტორატის მობილიზებას, რაც მოახერხა მადიარმა...
ჩვენთან ამ ეტაპზე ვითარება ასეთია: თუ ამომრჩევლის წინაშე არჩევანი ისევ დადგება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის, ბევრი ისევ "ოცნებისკენ" გადაიხრება. სამწუხაროდ, ოპოზიცია ვერ ხედავს, რომ ელექტორატი გაყოფილია და მისი გაერთიანების გარეშე "ოცნების" დამარცხება კიდევ კარგა ხანს იქნება პრობლემა.
თავის მხრივ, დიდი პრობლემები აქვს "ქართულ ოცნებასაც". თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების 70% კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ მის ალტერნატივასაც ვერ ხედავს. მოდი, პირდაპირ ვთქვათ: გარემო, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შექმნა, თავისი არსითა და შინაარსით დიდად არ განსხვავდება იმ მანკიერი სისტემისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლამდე და მის შემდგომ წლებში არსებობდა. ჩვენ ვსაუბრობთ მუდმივ, სისტემურ კორუფციაზე, რომელმაც დღეს უკვე წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია. ასეთი მაღალი ეშელონების კორუფცია მე მხოლოდ ერთხელ მახსენდება - პერიოდი, როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ და აქ სოლიკო ხაბეიშვილი დააპატიმრეს. მაშინაც სწორედ ასეთი უმაღლესი დონის კორუფციულ სკანდალებთან გვქონდა საქმე.
მეორე და კიდევ უფრო მტკივნეული საკითხი ოპოზიციის როლია.
როდესაც გამოდიხარ და ებრძვი კორუფციას, მინიმალური მოთხოვნაა, რომ თავად იყო სუფთა ამ თვალსაზრისით. ხალხი ყველაფერს ხედავს. როდესაც ოპოზიციურ გუნდში ფიგურირებენ დავით კეზერაშვილი და სხვა მსგავსი რეპუტაციის პირები, კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგი ფასს კარგავს. თქვენ ვერ იქნებით დამაჯერებელი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა თქვენს გვერდით ისეთი პირები დგანან, რომლებთანაც საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს.
ვიდრე ოპოზიცია ამ ყველაფერს კომპლექსურად არ გაივლის და არ მოძებნის გამოსავალს, "ქართული ოცნების" დამარცხება ძალიან გაჭირდება. კორუფცია დღეს ხელისუფლებისთვის არის არა მხოლოდ გამდიდრების საშუალება, არამედ მართვის ბერკეტიც - ლოიალურობის ყიდვისა და სისტემის შენარჩუნების ინსტრუმენტი.
თუ ოპოზიცია არ შესთავაზებს ხალხს აბსოლუტურად ახალ, მორალურად სუფთა პლატფორმას, საზოგადოების ის 70%, რომელიც დღეს ოპოზიციურადაა განწყობილი, შესაძლოა არჩევნებზე საერთოდ არ მივიდეს ან ისევ ნაცნობ "სტაბილურ კორუფციას" მისცეს ხმა, რადგან ვერ ხედავს რეალურ, სუფთა ალტერნატივას.
ამ პრობლემებს იმიტომ კი არ ჩამოვთვლი, რომ ხელისუფლების წისქვილზე დავასხა წყალი - პირიქით, ეს არის მწარე რეალობა, რომლის გააზრების გარეშეც ქვეყანა მუდმივად წრეზე იტრიალებს.
მოკლედ, ოპოზიციამ თუ კომპლექსურად არ გადახედა საკუთარ სტრატეგიას, ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ გარე ფაქტორების იმედად დარჩება და ეს ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს.
ორბანს ორი უზარმაზარი სახელმწიფო უჭერდა მხარს - ერთი მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია, მეორე მხრივ, პუტინის რუსეთი, მაგრამ ხალხის გადაწყვეტილებას წინ ვერაფერი დაუდგა. ასე რომ, მთავარია საზოგადოების განწყობა და მზაობა იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყანაში რეალური ცვლილებები.
- უფრო დეტალურად შევეხოთ "ქართული ოცნებისა" და ორბანის მოკავშირეობას. აქამდე აშკარად ჩანდა, რომ ორბანი არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური პარტნიორი, ის ასრულებდა ერთგვარი ხიდის როლს ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-თან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკურ ფრთასთან დასაკავშირებლად. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, თბილისშიც გააცნობიერეს, რომ ორბანის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი იყო. კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ახლა ფსონი ილჰამ ალიევზე დადო. არაოფიციალური ინფორმაციით, ალიევის ბოლო ვიზიტი საქართველოში სწორედ ამ მისიას ემსახურებოდა. რამდენად რეალურია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გახდეს ის მთავარი შუამავალი, რომელიც ივანიშვილსა და ამერიკის ადმინისტრაციას შორის დაზიანებულ კომუნიკაციას აღადგენს?
- ამ საკითხის ანალიზისას მნიშვნელოვანია დავინახოთ ერთიანი ჯაჭვი. მე ალიევის აქტიურობასა და მის ვიზიტს პირდაპირ კავშირში განვიხილავ საგარეო ვექტორის მომდევნო სვლასთან - კერძოდ, პრემიერ კობახიძის ვიზიტთან თურქეთში და მის შეხვედრასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჩემი ღრმა რწმენით, კობახიძის თურქული ვოიაჟი სწორედ ალიევის მიერ მომზადებული ნიადაგის გაგრძელება იყო. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ტრამპის ადმინისტრაციასთან ახალი ხიდის გადებას და იმ იზოლაციიდან გამოსვლას, რომელშიც დღეს მმართველი გუნდია.
უნდა გვესმოდეს იერარქია: ილჰამ ალიევი ნამდვილად არის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში საჭირო და ანგარიშგასაწევი ფიგურა დასავლეთისთვის, მაგრამ ერდოღანი სულ სხვა წონითი კატეგორიაა. ის ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერია, ჰყავს რეგიონში უძლიერესი არმია და მისი გავლენა ვაშინგტონზე ბევრად აღემატება უნგრეთისას ან აზერბაიჯანისას.
თუ "ქართულ ოცნებას" ნამდვილად სჭირდება ძლიერი შუამავალი, თურქეთი ამისთვის ბევრად უფრო ეფექტიანი და წონიანი კანდიდატია.
ალიევის ვიზიტი საქართველოში და მისი პირისპირ შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, სავარაუდოდ, უფრო ღრმა შინაარსის იყო, ვიდრე უბრალოდ "მეგობრული ვახშამი". საუბარი შეეხებოდა არა მხოლოდ მოსალოდნელ სანქციებს და ფინანსურ უსაფრთხოებას, არამედ ფუნდამენტურ საკითხს: რამდენად სანდო პარტნიორია დღეს საქართველოს ხელისუფლება? ჩვენმა საგარეო პოლიტიკამ ბოლო წლებში განიცადა უდიდესი დანაკარგი - ეს არის ნდობის ფაქტორის სრული განულება საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩემი აზრით, ალიევი ამ შეხვედრაზე ერთგვარად "დაზვერვის" ფუნქციას ასრულებდა - ის სინჯავდა ნიადაგს, რათა გაეგო, რა კონკრეტული პრეტენზიები აქვს დასავლეთს ივანიშვილთან და, რაც მთავარია, რამდენად შეიძლება ივანიშვილის სიტყვის ან პირობის დაჯერება. დღეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში მთავარი ბარიერი სწორედ ნდობის დეფიციტია. როდესაც შენს სტრატეგიულ პარტნიორებს პირობას აძლევ და შემდეგ მას საჯაროდ აუქმებ, ნებისმიერი შუამავალი, იქნება ალიევი თუ ერდოღანი, უხერხულ მდგომარეობაში ვარდება. ამიტომ
ახლა ცდილობენ სწორედ რეგიონული ლიდერების მეშვეობით მოხდეს გარკვეული გარანტიების მიცემა დასავლეთისთვის, რათა "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური გადარჩენის შანსი შეინარჩუნოს.
- საერთაშორისო ამბებსაც შევეხოთ, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთს. ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნა, თუმცა ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის გატანაზე კვლავ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.
- გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელებაზე დამაიმედებელია, მაგრამ რეალურ მშვიდობაზე საუბარი ნაადრევია. ირანის დიქტატორულ რეჟიმს მანევრირების უნარი არ გააჩნია - როგორც კი ირანის ხელისუფლება დათმობაზე წავა ურანის საკითხზე, მოსახლეობა ამას სისუსტედ ჩაუთვლის და ეს იქნება ბიძგი რეჟიმის შესაცვლელად, ტრამპის განცხადებები კი ხშირად ფუჭია. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკას ორი რადიკალურად განსხვავებული ლიდერი ჰყავდა: რეიგანი, რომელმაც დასავლეთი გააერთიანა, და ტრამპი, რომელიც ყველას უპირისპირდება. პუტინსა და ტრამპს შორის ამ მხრივ დიდი განსხვავება აღარ არის.
დღეს მთავარი კითხვაა: გაუძლებს თუ არა ამერიკული დემოკრატიული სისტემა ტრამპის ამბიციებს?
საიმედო ისაა, რომ ევროპა იღვიძებს. ბრიტანეთისა და საფრანგეთის ალიანსი ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ ევროპა ხდება დამოუკიდებელი და რეალური მოთამაშე. დაძაბულობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
დასკვნისთვის კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა იცვლება და საქართველო ამ პროცესებში საკუთარ ადგილს უნდა ეძებდეს, რაც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ძალიან რთულად მეჩვენება.