როგორ ავირიდოთ ვალის ხაფანგი და დავაღწიოთ თავი ბანკების "შავ სიას"?! - სოსო არჩვაძის ანალიზი: "დიახ, საპროცენტო განაკვეთები საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში და..."
საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 მოქალაქეს აქვს - ასეთია "კრედიტინფოს" ბოლო, 2026 წლის მარტის სტატისტიკური მონაცემები, კრედიტების მოცულობა კი ჯამში 77.242.581.731 ლარს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ ასევე "საქსტატის" ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს, საიდანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვები და პენსიონერებია, გამოდის, შრომისუნარიანი მოსახლეობის თითქმის 80-90%-ს აქვს ფინანსური ვალდებულება.
ამავე მონაცემებით, ვადაგადაცილებული სესხების მქონე პირთა რიცხვი 372 477-ია, რაც მოსახლეობის 10%-ზე მეტია და აშკარაა, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია სოციალური სტაბილურობის თვალსაზრისით.
საინტერესოა, რომ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხი აქვს 101 026 პირს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებში კი თითქმის სამჯერ მეტს - 301 330 პირს. ეს ნიშნავს, რომ ვადაგადაცილებების 80%-ზე მეტი არასაბანკო სექტორზე მოდის, და რომ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეები სწორედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებით სარგებლობენ, სადაც საპროცენტო განაკვეთები გაცილებით მაღალია. ეს სეგმენტი "შავ სიაში" მოხვედრის მთავარი წყაროა.
მეორე მხრივ, საინტერესოა, რომ საფინანსო სისტემის გადმოსახედიდან ვითარება სტაბილურია. ვადაგადაცილებული სესხების ჯამური ნაშთი 2,933 მლრდ ლარია, რაც მთლიანი გაცემული სესხების მხოლოდ 3,8%-ს შეადგენს. ეს ციფრი ადასტურებს, რომ პრობლემური სესხები, ძირითადად, მცირე მოცულობის სამომხმარებლო კრედიტებია, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც სტატისტიკურად "მცირე პროცენტია" საბანკო სისტემისთვის, რეალურად ასეულობით ათასი ადამიანისთვის გადაუჭრელი ფინანსური ტვირთი და შეფერხებული საკრედიტო ისტორიაა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ბოლო წლებში სესხის აღების ძალიან მკაცრი რეგულაციები არსებობს, რაც სწორედ ვალაუვალობის პრობლემის მოსაგვარებლად იქნა შემოღებული, რამდენად ადეკვატური და მოსალოდნელი იყო ეს შედეგები და რა გავლენა აქვს ადამიანების შავ სიაში მოხვედრას ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ამ საკითხებზე ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრებით.
- აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია. უპირველეს ყოვლისა, დასახელებული რიცხვი ასახავს სესხების საერთო რაოდენობას და არა ფიზიკურ პირთა ზუსტ რიცხვს, რადგან ერთ პირს შეიძლება რამდენიმე ბანკში ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის კრედიტი აღებული. შესაბამისად, იმ პირთა რაოდენობა, ვინც სესხს იხდის, გაცილებით ნაკლებია 2,5 მილიონზე. რაც შეეხება იმას, რომ მსესხებელთა ნაწილი ვალდებულებებს ვერ ასრულებს ან აგვიანებს, საბაზრო ეკონომიკის თანამდევი პროცესია. ხშირად ეს გამოწვეულია კრედიტის ამღებთა ირაციონალური ქცევით, როდესაც ისინი საკუთარ შესაძლებლობებს ვერ განსაზღვრავენ, ანდა ისეთი ფორსმაჟორული გარემოებებით, რომელთა გამოც გადახდას ვეღარ ახერხებენ.
არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ - ჩვენ გამოვედით საბჭოთა პერიოდიდან, სადაც მეტ-ნაკლებად თანასწორობაზე დაფუძნებული პრინციპები ბატონობდა, თანამედროვე საზოგადოება კი საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება, რაც აპრიორი გულისხმობს შემოსავლების დიფერენცირებასა და სოციალურ განსხვავებულობას. ბევრს არ სურს საზოგადოების თვალში "წარუმატებლად" გამოჩნდეს. ალბათ, გახსოვთ რეკლამები, სადაც ემიგრაციაში მყოფი შვილი ოჯახში ბოლო თეთრებით რეკავს. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ადამიანს სურს საკუთარი მდგომარეობა რეალურზე უკეთესად წარმოაჩინოს. ამას "დემონსტრაციული" ან "სტატუსური მოხმარება" ჰქვია, ანუ როდესაც პირი ცდილობს სოციალურ წრეზე შთაბეჭდილება მოახდინოს და იმაზე მეტი ფუფუნება აჩვენოს, ვიდრე ამის ეკონომიკური შესაძლებლობა აქვს.
ამ მიზნის მისაღწევად კი ორი გზა არსებობს - საბანკო სესხი ან ემიგრაცია. ხშირად ადამიანი კრედიტს იღებს ძვირად ღირებული ტელეფონის ან მოდური ტანსაცმლის შესაძენად, რასაც ხშირად სოციალური ქსელებიც უწყობს ხელს. იქ ხდება სურათების პრეზენტაცია პრესტიჟული ადგილებიდან და ხანდახან ხელოვნური ინტელექტის დახმარებითაც კი, რათა სხვებს არ ჩამორჩნენ.
ეს ყველაფერი ადამიანური სისუსტეების გამოხატულებაა, თუმცა მისი საფასური საკმაოდ ძვირია. ადრე თუ გვიან, დგება სესხის გადახდის დრო, რისი საშუალებაც ბევრს არა აქვს. ასეთ დროს გამოსავალს უძრავი ქონების ან ოჯახში დატოვებული განძის გაყიდვაში, ანდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლაში ეძებენ, რათა იქიდან მიღებული სახსრებით ბანკის კრედიტი დაფარონ.
თუ ბოლო 20-25 წლის გრძელვადიან ტენდენციას დავაკვირდებით, ეკონომიკურ ზრდასთან შედარებით სესხების, მათ შორის სამომხმარებლო კრედიტების მოცულობა საბაზისო პერიოდთან მიმართებით დაახლოებით ოთხჯერ უფრო სწრაფად იზრდება. რა თქმა უნდა,
სესხის აღება ყოველთვის უარყოფით მიზეზებს არ უკავშირდება და კრედიტი ხშირად გამოიყენება რაციონალური მიზნებისთვის, როგორიცაა კომერციული საქმიანობის წამოწყება, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების შეძენა ან განათლების მიღება. თუმცა ჩვენს რეალობაში აქცენტი სწორედ ირაციონალურ და არასწორ მოხმარებაზე კეთდება, რაც სესხებზე მავნე დამოკიდებულებას იწვევს.
- როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოგვარდეს?
- ამ პრობლემის გამოსწორების მთავარი გზა, პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდაა.
როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია ან განვითარება ფერხდება, ეს საზოგადოების ყველა ფენაზე, განსაკუთრებით კი დაბალშემოსავლიან ჯგუფებზე აისახება და მათ მდგომარეობას უფრო ამძიმებს. ეკონომიკური ზრდის პირობებში კი ადამიანებს უჩნდებათ დასაქმების შანსი და მეტი შემოსავალი, რაც ავტომატურად ამცირებს სესხის ტვირთის თანაფარდობას მათ ბიუჯეტთან.
გარდა ამისა, აუცილებელია, საზოგადოებამ ისწავლოს საკუთარი ეკონომიკური სახსრების რაციონალურად მართვა - ჯერ ფულის გამომუშავება და მხოლოდ შემდეგ მისი გონივრულად გამოყენება. ამისთვის მნიშვნელოვანია სამომხმარებლო, სამეწარმეო და საგადამხდელო კულტურის ამაღლება. ამ პროცესში თავისი როლი სახელმწიფომაც უნდა შეასრულოს განათლების, პროპაგანდისა და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების გამოყენებით. ეს დაეხმარება მოქალაქეებს, რომ უკეთ გააცნობიერონ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და რანჟირების მნიშვნელობა, რათა მათ ქცევას საბოლოოდ უფრო გონივრული და რაციონალური ხასიათი მიეცეს.
- როდესაც სესხი აქვს მოსახლეობის ფაქტობრივად ნახევარს და აქედან 10%-ზე მეტი გადაუხდელობის გამო ხვდება შავ სიაში, რას ნიშნავს ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და რატომ უჭირთ ვალდებულების შესრულება? მით უმეტეს, რომ სესხის აღების პირობები საქართველოში საკმაოდ მკაცრია.
- საპროცენტო განაკვეთები, რიგი ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპაში. აუცილებელია გავითვალისწინოთ დასაქმების მაჩვენებელიც, რომელიც ჩვენთან ჯერ კიდევ ვერ აღწევს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების დონეს.
მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე მცირდება და ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ის მაინც დაახლოებით სამჯერ მეტია.
ამ ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანია დაბალი ფინანსური კულტურა და ე.წ. სტატუსური თუ "დემონსტრაციული მოხმარების" ტენდენცია, რაც აუცილებლად უნდა დავძლიოთ. დასავლეთში, მაგალითად, აშშ-ში, ფინეთსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში ჩაცმულობას გაცილებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. იქ სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ პიროვნება, რომლის ყოველთვიური შემოსავალიც შვიდნიშნა ციფრს აღწევს, უბრალო მაისურითა და 50-60-დოლარიანი ფეხსაცმლით დადიოდეს და ამის გამო არავითარ დისკომფორტს არ გრძნობდეს.
- ამ საკმაოდ დიდი კატეგორიის შავ სიაში მოხვედრა ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა ეზღუდებათ და საბოლოოდ ეს პრობლემა დამატებით საერთო ეკონომიკური განვითარებისთვის რა პრობლემებს ქმნის?
- ეს მდგომარეობა ნიშნავს, რომ ადამიანების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად იზღუდება. მათ კვლავ შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება დაქირავებული თანამშრომლის სტატუსით, თუმცა საკუთარი ბიზნესის წამოწყება, რაც ახალ დამატებით რესურსებს მოითხოვს, მათთვის უკვე რთულად ხელმისაწვდომია. ეს ვითარება არც ბანკებისა და საკრედიტო დაწესებულებებისთვის არის ხელსაყრელი, რადგან მათი რეალური შემოსავალი დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდება. შესაბამისად, ამ ფაქტორის გამო ბანკებს ახალი კლიენტების დასაკრედიტებლად რესურსები უმცირდებათ. შედეგად, დაწესებულებები იძულებული ხდებიან, მიმდინარე თუ პოტენციური ზარალის დასაფარად გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები და ამ გზით მოახდინონ დანაკარგების კომპენსაცია. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთმანეთთან მჭიდრო მიზეზშედეგობრივ კავშირშია.
- როდესაც ბანკები ასეთ სოლიდურ მოგებაზე გადიან, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რამდენად შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების შემცირება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც, როგორც ვთქვით, მომხმარებელთა დაახლოებით 10%-ს სესხის გადახდა უჭირს, ბანკების მაღალი მოგება ხომ იძლევა იმის რესურსს, რომ პირობები რაღაცნაირად შემსუბუქდეს?
- ბანკებისთვის, როგორც ინსტიტუტებისთვის, ემოციური ფაქტორი ისევე უცხოა, როგორც ნებისმიერი სხვა წარმატებული ბიზნესისთვის. მათ ქველმოქმედებისა და ემპათიის გამოხატვა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც მიიღებენ იმ დაგეგმილ მოგებასა და სარგებელს, რომლის საფუძველზეც ბიზნესი წამოიწყეს. მანამდე კი პრაგმატული და ზედმეტი ემოციური დატვირთვისგან თავისუფალი უნდა იყონ. ვინც ზედმეტ ემოციებს აჰყვება, ფიროსმანის მსგავსად, გაკოტრდება. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების შემცირება მხოლოდ საბანკო სექტორის კეთილ ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული. აქ ბევრი სხვა ფაქტორი მუშაობს და ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, მათ შორის იმ რესურსების მოზიდვის პრინციპი და ფორმა, რომლითაც ქართული ბანკები საკრედიტო რესურსებს უცხოური საფინანსო ინსტიტუტებიდან იღებენ.

სასესხო პირობები საქართველოსა და სხვა ქვეყნებში
საქართველოში სესხის აღება გამკაცრებულია, არა მარტო შემოსავლების კრიტერიუმების, არამედ ვალუტის თვალსაზრისითაც, რადგან უცხოურ ვალუტაში სესხის აღება, რომელიც დაბალპროცენტიანია, მიბმულია სესხის რაოდენობასთან - 750 ათას ლარამდე ბანკები სესხს უცხოურ ვალუტაში ვერ გასცემენ. ამ რაოდენობის სესხის აღება კი საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის დაბალშემოსავლიანობის გამო შეუძლებელია. შედეგად, საქართველოს მოსახლეობას მაღალი პროცენტის გადახდა უწევს. საქართველოს სამეზობლოსა და ევროპის ქვეყნებში სესხის აღება-გადახდასთან დაკავშირებით ასეთი მდგომარეობაა:
საქართველო
ლარში გაცემული სესხები (ეფექტური განაკვეთი) ხშირად 14-18%-ის ფარგლებშია, ხოლო იპოთეკური სესხი - 10-13%-მდე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უიმედო სესხების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და დაახლოებით 1,7-2,1%-ს შეადგენს, რაც ევროპულ სტანდარტებთან ახლოსაა.
რაც შეეხება ე.წ. შავ სიას, საქართველოში ამ სიაში ადამიანი ხვდება მაშინვე, როგორც კი სესხზე 30 დღეზე მეტი გადაცილება დაფიქსირდება. ამის შემდეგ შენი საკრედიტო ქულა ეცემა და სხვა ბანკები სესხს აღარ გასცემენ, რაც არ უნდა აკმაყოფილებდეს შემოსავლების პირობის ნაწილს. საქართველოში 30-დღიანი ვადაგადაცილება, "კრედიტინფოს“ ბოლო მონაცემებით, 10,1%-ია.
ევროკავშირი
ევროზონაში საპროცენტო განაკვეთები ისტორიულად დაბალი იყო, თუმცა ბოლო წლებში, ინფლაციასთან ბრძოლის გამო, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ისინი გაზარდა. იპოთეკური სესხები საშუალოდ 3,5-5%-ის ფარგლებში მერყეობს (მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში უფრო დაბალია, აღმოსავლეთ ევროპაში კი შედარებით მაღალი). სამომხმარებლო სესხების განაკვეთები კი 6-10%-ს აღწევს.
ვერგადახდის მაჩვენებელი (NPL) ევროკავშირში საკმაოდ დაბალი და სტაბილურია, ბოლო მონაცემებით, საშუალოდ 1,8-დან 2,2%-მდე.
გამონაკლისია საბერძნეთი, სადაც ეს ციფრი უფრო მაღალია (7-8%), თუმცა წლების წინ არსებულ კრიზისთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია.
"შავი სიის“ თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებში სისტემა უფრო მკაცრი და, იმავდროულად, დაცულია. მაგალითად, გერმანიაში არსებობს SCHUFA. იქ მხოლოდ გადაუხდელობა კი არა, ბევრი სესხის ერთდროულად მოთხოვნაც კი მოქმედებს რეიტინგზე. უარყოფითი ჩანაწერი ჩნდება მაშინ, როდესაც ბანკი ორჯერ მაინც გამოგიგზავნის გაფრთხილებას და შენ მაინც არ გადაიხდი. ამასთან, დავა მკაცრად არა 30 დღით, არამედ 30-90 დღით არის განსაზღვრული. პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია: ევროზონა (საშუალოდ) 1,2-2%, გერმანიასა და ჰოლანდიაში ეს მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, აღმოსავლეთ ევროპაში კი საშუალოდ 3-4,5%-ია - შედარებით მაღალია სამომხმარებლო კრედიტების გამო.
საქართველოს სამეზობლო
აქ სურათი ბევრად უფრო დინამიკური და ხშირად რთულია, რადგან მაღალია ინფლაცია და ვალუტის კურსის მერყეობა.
თურქეთი - ძალიან მაღალი ინფლაციის გამო საპროცენტო განაკვეთები უკიდურესად მაღალია. ცენტრალური ბანკის განაკვეთი 50%-მდეა, რაც ნიშნავს, რომ კომერციული სესხები კიდევ უფრო ძვირია. ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ბანკების მკაცრი რეგულაციების გამო, NPL მაჩვენებელი ოფიციალურად 1,5-2%-ია, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რესტრუქტურიზებული სესხების გათვალისწინებით, რეალური ციფრი უფრო მაღალი უნდა იყოს.
"შავ სიაში“ მოსახვედრად აქაც 30-დან 90 დღემდე პერიოდია კრიტიკული. თურქეთში, თუ სესხი პრობლემური გახდა, ცენტრალური ბანკის სისტემაში პერსონა 5 წლის განმავლობაში რჩება "შავ სიაში", რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ახალი კრედიტის აღებას.
სომხეთი - დრამში გაცემული სესხების განაკვეთი საშუალოდ 12-15%-ია, პრობლემური სესხების წილი კი დაახლოებით 2,5-3%, "შავ სიაში“ მოხვედრის მაჩვენებელი კი არის 3,5-5%.
აზერბაიჯანი - სამომხმარებლო სესხები საშუალოდ 14-18%-ია. რაც შეეხება ვერგადახდას, აქ პრობლემური სესხების მაჩვენებელი ისტორიულად უფრო მაღალი იყო, თუმცა ბოლო პერიოდში დასტაბილურდა და დაახლოებით 3,5-4%-ს შეადგენს, "შავ სიაში“ მოხვედრის მაჩვენებელი კი 5-7%-ია.
გამოყენებულია საქართველოს ეროვნული ბანკის, "კრედიტინფოს", საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, European Banking Authority-ს, European Central Bank – ECB-ის, Eurostat-ის მონაცემები.
რუსა მაჩაიძე