"სალომე ზურაბიშვილი დღეს ამბობს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, მაშინ რატომ მოუწოდებდა 4 ოქტომბერს ბოიკოტისკენ? “
"გვაცადეთ, ბატონო, გვაცადეთ. კარგად იცით, რატომ ვერ დადო გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორიც მადიარმა, თუმცა ყველაფერი წინ არის", - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ. მისი შეფასებით, საქართველოსა და უნგრეთის პოლიტიკური რეალობა მხოლოდ ნაწილობრივ ჰგავს ერთმანეთს, მაშინ როცა არსებითი განსხვავებები გეოპოლიტიკურ კონტექსტსა და შიდაპოლიტიკურ გარემოშია. რა არსებითი განსხვავებებია საქართველოსა და უნგრეთის პოლიტიკურ კონტექსტებს შორის და როგორ აისახება ეს როგორც საარჩევნო პროცესებზე, ისე ოპოზიციური ძალების მოქმედებებზე, ამ საკითხებზე გიორგი შარაშიძე გვესაუბრება.
- ჩემთვის გაუგებარია, რომ ოპოზიციის ნაწილს უნგრეთის მაგალითი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ არჩევნები ავტორიტარული მმართველობის პირობებშიც კი ხელისუფლების შეცვლის მთავარი გზაა. ჩვენ ეს პარტიის დაფუძნების დღიდან ვიცით. უნგრეთის მაგალითმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით: ეს შესაძლებელია, მაგრამ იოლი არ არის. ავტორიტარული ტენდენციების პირობებში ამას სჭირდება დრო, მოთმინება და პოლიტიკური ნებისყოფა, რადგან ამომრჩევლის კრიტიკული მასის მობილიზება ერთ დღეში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ სწრაფი ცვლილებების დაპირება ხშირად გადადის რადიკალურ დღის წესრიგში, რაც საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს არ იძლევა. 4 ოქტომბერი სწორედ ამის ერთ-ერთი მაგალითია.
არ შემიძლია არ გავიხსენო სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები 4 ოქტომბერს. პირადად ვუსმენდი, როცა მოქალაქეებს მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეეკავებინათ და რუსთაველზე ეპატიჟებოდა, სადაც "მშვიდობიანი დამხობა" იყო დაანონსებული. პოლიტიკოსმა, რომელიც მოქალაქეს უნდა აძლევდეს ინსტიტუციური პროცესის მაგალითს, თავად საპირისპირო გზა აირჩია. თუმცა ახლა ამბობს, რომ სჯერა არჩევნების და სურს არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. როცა დღეს ამბობ, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, რატომ მოუწოდებდი ადრე ბოიკოტისკენ? ასეთი ცვლილება უნდა აიხსნას, რა გარემოებები შეიცვალა, რა შეფასება გაკეთდა თავიდან და რა - ახლა. ჯერ ასეთი განმარტება საჯაროდ არ მოგვისმენია.
- როგორ აფასებთ გია ხუხაშვილის შეფასებას, რომ ოპოზიციის ნიშნის მოგებითი ტონი და ერთმანეთთან საჯარო დაპირისპირება კონტრპროდუქტიულია და რომ სალომე ზურაბიშვილზე არსებული საკითხები, მათ შორის მისი წარსული განცხადებები, უკეთესი იქნებოდა პირდაპირი დიალოგითა და შეხვედრით განხილულიყო, ნაცვლად საჯარო პოლემიკისა?
- სალომე ზურაბიშვილი მუდმივად საჯარო სივრცეშია ინტერვიუებით, განცხადებებით, პირდაპირი ჩართვებით. ამიტომ მას დამატებითი ფორმატი და შეხვედრები არ სჭირდება. რა პლატფორმაზეც ამბობს, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია, იმავე სივრცეში უნდა განმარტოს, რატომ იყო ადრე ბოიკოტის მომხრე. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებსა და იმ პერიოდზე, როცა ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი აირჩია. ჩვენ მაშინ ვსვამდით მარტივ კითხვას: თუ ბოიკოტი არის ერთადერთი გზა, რა არის შემდეგი ნაბიჯი? უნგრეთის მაგალითიც ადასტურებს, რომ ადგილობრივ დონეზე ბრძოლა კრიტიკულია. საქართველოში ეს სივრცე არის საკრებულოები. ბოიკოტის გამო სწორედ ეს პლატფორმა დატოვა ოპოზიციის ნაწილმა. შედეგად, ნაცვლად იმისა, ოპოზიციას გაეძლიერებინა ადგილობრივი წარმომადგენლობა, პროცესიდან საერთოდ გავიდნენ და საკრებულოები მთლიანად "ოცნებას" გადაულოცეს. ბოიკოტის სტრატეგიამ რეალურად პოლიტიკური სივრცე გაუსუფთავა მმართველ პარტიას და დაკარგა ამომრჩეველთან პირდაპირი კავშირი. ეს იყო დაკარგული შესაძლებლობა. მივიღეთ პროცესი, რომელმაც გაზარდა ნიჰილიზმი, იმედგაცრუება და დაძაბულობა.

- მაგრამ მათი შეცდომა გავლენას ხომ ვერ იქონიებდა გახარიას პარტიაზე? თქვენ რატომ ვერ მიიღეთ უფრო მაღალი შედეგი, რა გააკეთა მადიარმა, რაც ვერ შეძლო გახარიამ?
- საქართველოსა და უნგრეთს შორის განსხვავება მხოლოდ გეოპოლიტიკურ ფაქტორებში არ უნდა დავინახოთ. მაგალითად, ევროკავშირის წევრობა, რუსეთის მეზობლობა, ომის გამოცდილება თუ ოკუპაციის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით მთავარი განსხვავება სხვა რამეშია.
უნგრეთში ორბანს არ ჰყავდა ისეთი შიდაპოლიტიკური „მოკავშირე ოპოზიციაში, როგორიც საქართველოში "ოცნებას" ჰყავს "ნაცმოძრაობისა" და სააკაშვილის სახით. ეს რეალობა არსებით გავლენას ახდენს პოლიტიკურ ველზე და ეხმარება "ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებაში.
ვერავინ უარყოფს, რომ გიორგი გახარია "ოცნების" მმართველობის პერიოდში ერთადერთი პოლიტიკური ლიდერია, რომელმაც უმაღლესი თანამდებობა პოლიტიკური რეიტინგის პიკში დატოვა. შესაბამისად, გახარიასა და მის გუნდს ნამდვილად ჰქონდათ და აქვთ პოლიტიკური პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ ცვლილებების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინათ. თუმცა კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ - ეს იყო ადგილობრივი არჩევნები და ჩვენ პრაქტიკულად პარალელურად გვიწევდა პარტიის შექმნა, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და საარჩევნო კამპანიაში ჩართვა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ის იყო, რომ პოლიტიკური ზეწოლა მხოლოდ ერთი მიმართულებიდან არ მოდიოდა. ერთი მხრივ იყო მმართველი პარტიის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსის გამოყენება - გადაბირებები, დაშინება, მოსყიდვა, ზეწოლა კანდიდატებზე, პარტიის მხარდამჭერ ბიზნესზე და პირდაპირ საარჩევნო პროცესში ჩარევის ფაქტებიც, მეორე მხრივ, "ნაცმოძრაობას" არ აწყობდა მთავარი ოპოზიციური პარტიის როლის დაკარგვა, რაშიც "ოცნებისა" და "ნაცმოძრაობის" ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა და ეს დღემდე ასეა. ამ ყველაფერს დაემატა სააკაშვილის დაბრუნების ფაქტორი, რომელმაც მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი და გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ქცევაზე - ამომრჩევლის ნაწილი მიბრუნდა "ოცნებისკენ" "ნაციონალების" დაბრუნების შიშით, ნაწილი კი ოპოზიციურ ველში გადაადგილდა სააკაშვილის გამარჯვების მოლოდინით. შედეგად მივიღეთ მინიმუმ 5%-იანი სხვაობა იმ რესურსსა და შედეგს შორის, რისთვისაც რეალურად შეიძლებოდა მიგვეღწია. ამის შემდეგ პროცესს მოჰყვა დამატებითი პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც უკვე გახარიას პოლიტიკური დევნის ფორმასაც იღებს და დღემდე გრძელდება.
- როგორ აპირებთ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას და რა სტრატეგიით, თუ ლიდერი ისევ პოლიტიკური დევნილია?
- ჩვენი სტრატეგია არის მუდმივი მზადყოფნა არჩევნებისთვის. პარალელურად ვმუშაობთ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის მინიმალური ხელფასის საკითხსა და პენსიების ზრდაზე. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა, არამედ რეალური ალტერნატივის შექმნა. რაც შეეხება ლიდერს, პარტია დაფუძნებულია გუნდურ პრინციპზე და არა ერთპიროვნულ მმართველობაზე. ამიტომ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მათ შორის მაშინაც, თუ ლიდერი ფიზიკურად ვერ იქნება ქვეყანაში. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ რეგიონებთან და ეს არც ერთ ეტაპზე არ შეგვიწყვეტია. ჩვენი მიზანია, ამომრჩეველმა დაინახოს რეალური სურათი, ვინ რას აკეთებს და რა შედეგი მოაქვს მის მოქმედებებს. ერთობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს საერთო მიზანი და არა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებები.
ხათუნა ბახტურიძე