„ესენი არიან ე.წ. ტელეპოლიტიკოსები - ეკრანიდან საუბრებით გამარჯვება არ მოდის“
"ჩემთვის არასერიოზულია ლიდერი, რომელიც ეთერებში არ დადის, კითხვებს გაურბის", - ამ განცხადებით აკრიტიკებს პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე სოცქსელში სალომე ზურაბიშვილს და ამტკიცებს, რომ მეხუთე პრეზიდენტი საზოგადოებასთან ცალმხრივად, მისთვის კომფორტული ფორმატებით ურთიერთობს, მაშინ როცა ღია ეთერებსა და პირდაპირ კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. დოლიძე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობას აკავშირებს სასამართლო სისტემის მდგომარეობასთან, საბანკო სექტორის პოლიტიკურ გავლენებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან.
- სალომე ზურაბიშვილი ვერ ჩამოყალიბდა, ბრძოლა ინსტიტუტებში უნდა წარიმართოს თუ გარეთ, ქუჩის პროტესტის გზით. თუ მისი პოზიცია შიდა ბრძოლას გულისხმობდა, გაუგებარია, რატომ არსებობდა მოწოდებები, დადეთ მანდატებიო, და როგორ გადაიზარდა ეს პოლიტიკური პროცესები გახარიასა და "ლელოს" დაპირისპირებაში. თუ მისი ხედვა გარე, საპროტესტო ბრძოლას ეფუძნებოდა, მაშინ რატომ ვერ გაძლიერდა დეკემბრის პროტესტი და რატომ არ გადაიდგა ის ნაბიჯები, რომლებიც პროცესს გააძლიერებდა. ზოგადად, ის არის მრავალმხრივ თანამონაწილე იმ რეჟიმის, რომელსაც ივანიშვილს უკავშირებენ. ეს ჩანს მისივე დანიშვნებით სასამართლოში, ეროვნულ ბანკსა და ცესკოში.
მე მაქვს მასთან ძალიან სერიოზული კითხვები: პირველი - აღიარებს თუ არა საკუთარ წვლილს ახლა მიმდინარე რეპრესიებში? მისი მხარდაჭერილი "მესამე ტალღის" კანონით გაძლიერდა სასამართლო კლანი, ხოლო მისი დანიშნული თამარ ღვამიჩავას მეშვეობით იუსტიციის საბჭოში უფრო გამყარდა მურუსიძეჩინჩალაძის გავლენა. აღიარებს თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სწორედ მისი თანამონაწილეობით სასამართლოს მეშვეობით დღეს რეპრესიული სისტემა მუშაობს? მეორე - აღიარებს თუ არა, რომ ნათია თურნავას დანიშვნამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად შექმნა შესაძლებლობა ივანიშვილისთვის სანქციების თავიდან არიდების, ოფშორული კაპიტალის საქართველოში გადასახადების გარეშე შემოტანისა და საბანკო სექტორზე კონტროლის გაძლიერების? მესამე - აღიარებს თუ არა, რომ მისმა შერჩეულმა და დანიშნულმა გიორგი კალანდარიშვილმა ჩაატარა ისტორიულად გაყალბებული არჩევნები და ოლიგარქს ქვეყნის პოლიტიკური პროცესების მიტაცებაში შეუწყო ხელი?
2024 წლის 29 დეკემბრის გაშვებულ შანსსა და პროტესტის დასუსტებაზე პასუხი ჩემთვის უკვე ნათელია. სასამართლო, ეროვნული ბანკი და საარჩევნო ადმინისტრაცია - სწორედ ამ სამ ინსტიტუციაზე დაყრდნობით გამყარდა სისტემა.
- გამოსავლად რას მიიჩნევთ?
- დღეს ეს უკვე შემოწმებული რეალობაა და განვითარების ერთადერთ გზად რჩება პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობა დასავლურ სივრცესთან. იმავდროულად, ეს არ ნიშნავს ჩვენი იდენტობის დაკარგვას, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია მისი შენარჩუნება და გაძლიერება. ევროკავშირი სწორედ ამ შესაძლებლობას იძლევა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მადიარმა გამარჯვების გზა დაგვანახა. ეს არის ის, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობ, რომ გამარჯვება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ შეურიგებელ პოზიციაზე იქნება, ზუსტად ისე, როგორც ეს პროტესტის საწყის ეტაპზე იყო. ამიტომ საჭიროა არა ის, რაზეც მხოლოდ საუბრობენ, არამედ ის, რაც რეალურად კეთდება. ჩემთვის როგორც "ოცნება", ისე ოპოზიციური ალიანსი წარსულია. არც ივანიშვილია საქართველოს მომავალი და არც სააკაშვილი. მე ვეკუთვნი მომავალს, იმ ერთობას, რომელიც არც ერთ ამ პოლუსში არ ხედავს საკუთარ თავს და დასავლეთთან ერთად ქვეყნის აშენებას ისახავს მიზნად.
- რა არის ის მიზეზები, რის გამოც არ მოგწონთ ოპოზიციური ალიანსის მოქმედებები?
- ხედავთ, როგორ ხდება პროცესების ორგანიზება? თებერვალში იმართება შეკრებები, განისაზღვრება თარიღები, თუმცა შემდეგ პრაქტიკული მოქმედება აღარ ჩანს. მაგალითად, თბილისიდან ორიოდე საათის სავალზე, ლაგოდეხში ჩამოსვლაც კი დაეზარათ, რომ სტიქიით დაზარალებული ხალხი მოენახულებინათ და მათ პრობლემებს გასცნობოდნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ესენი არიან ე.წ. ტელეპოლიტიკოსები. ეკრანიდან საუბრებით გამარჯვება არ მოდის. საჭიროა პირდაპირი კავშირი ხალხთან. სწორედ ამას ვაკეთებ მე.
უნგრეთის მაგალითზე მართლა ბევრი რამ არის სასწავლი. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია ის, რომ დამტვრეული დოქის შეწებება არ ღირს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ოპოზიციას, რომელიც თავს ვერაფერს აბამს. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია მათი მიდგომა, "თუ ჩემთან არ მოხვალ, დაიღუპები". ეს ტენდენცია უნგრეთშიც შეიმჩნეოდა. ოპოზიციამ იქაც ბევრი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და ნაცვლად იმისა, საკუთარ გზას დასდგომოდა და ხალხთან ერთად ემუშავა, სხვა ფორმატებში დარჩა ჩაკეტილი. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ალიანსი უნდა იყოს ხალხთან და არა დახურულ სივრცეებში, სასტუმროებში გამართული შეხვედრებით და ურთიერთბრალდებებით.
- როგორ გგონიათ, რატომ გახდა დღეს არჩევნების საკითხი პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემა?
- ეს კითხვა ხშირად უკვე წმინდა წყლის მკითხაობას ემსგავსება და რეალურ პოლიტიკურ მსჯელობას სცილდება. პრობლემა ისაა, რომ ოპოზიციის ნაწილი და მათი მხარდამჭერებიც მუდმივად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ. ერთ მხარეს არის მოთხოვნა, რომ საჭიროა ხალხთან კონტაქტი, და მართლაც ბოლო პერიოდში ყველა რაიონებში დადის, მაგრამ პარალელურად ისევ იწყება საუბარი იმაზე, ვინ შევა არჩევნებში და ვინ არა. ეს უკვე პირდაპირ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, რადგან ხალხი ელოდება რეალურ კომუნიკაციას და არა შიდატექნიკური სცენარების გარჩევას. მეორე მხრივ, ეს დისკუსია ხშირად ხელოვნურად შემოგდებულ თემას ჰგავს. ეს ასევე არის სუს-ის დახმარება, რადგან ივანიშვილს სჭირდება წინასწარ იცოდეს სურათი: ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ვინ რას აკეთებს და ვინ რას აპირებს. წესით, დღეს მთავარი კითხვა ის კი არ უნდა იყოს, ვინ შევა არჩევნებში და ვინ არა, არამედ ის, რატომ ვართ ისევ ამ დისკუსიაში მაშინ, როცა ამომრჩეველი პირდაპირ კონტაქტს და რეალურ პოლიტიკურ მუშაობას ითხოვს.
ხათუნა ბახტურიძე