"თითოეულ ოპოზიციურ ლიდერს გაცილებით მეტი პოლიტიკური წონა აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს“
"ოპოზიცია განულებულია" და "პატრონების დავალებებს ასრულებს", - ეს არის მმართველი გუნდის გზავნილი, რომლითაც ნებისმიერი ცვლილების პერსპექტივა რევოლუციურ სცენარად არის წარმოდგენილი. ეს მკვეთრი განცხადებები არა მხოლოდ ოპოზიციის ლეგიტიმაციას აყენებს ეჭვქვეშ, არამედ ამყარებს ნარატივს, რომ ხელისუფლების ალტერნატივა არ არსებობს, ხოლო განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია გარე ძალების გავლენით არის ნაკარნახევი. ისევ კრიტიკის სამიზნეა როგორც ოპოზიციური სპექტრი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის განცხადებებსაც მმართველი გუნდი სრულად დელეგიტიმირებულად მიიჩნევს. განსაკუთრებით იმ განცხადებებს, რომელშიც ექსპრეზიდენტი ხელისუფლების შეცვლასა და საქართველოს თავის "რელსებზე" დაბრუნებაზე საუბრობს. ხედავს თუ არა ოპოზიცია საკუთარ შეცდომებს და რამდენად რეალისტურია რევოლუციური სცენარის შესახებ ხელისუფლების შეფასებები. ამ საკითხებზე ოპოზიციის პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე გვესაუბრება.
- ვის ესახება რევოლუციის გზა და ვის არა, ამაზე ოპოზიციაშიც კი მკაფიო პოზიცია არ არსებობს. რაც შეეხება შეფასებას, თითქოს ოპოზიცია "განულებულია", პრობლემა ბევრია, თუმცა გაუგებარია, რატომ უნდა გეგმავდეს "ოცნება" "განულებული" ოპოზიციის აკრძალვას. თუ მართლაც ნულოვან წინააღმდეგობას გრძნობს, არალოგიკურია ოპოზიციის ნაწილის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით აკრძალვა. იმ პარტიებს, რომლებიც წინა არჩევნებში მონაწილეობდნენ, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა მომავალშიც ჩაერთონ. თუ ისინი მართლაც სუსტები არიან, მაშინ მათთან გამარჯვება პრობლემა არ უნდა იყოს.
- როგორც აღნიშნეთ, ოპოზიციაში განსხვავებული მიდგომები იკვეთება: ოპოზიციური ალიანსი აცხადებს, რომ მზად არის ხელისუფლების გადაბარებისთვის, მაშინ როდესაც "ლელო" და გახარიას პარტია ცვლილებას მხოლოდ არჩევნების გზით ხედავენ. რომელი სტრატეგია გამოიყურება უფრო რეალისტურად?
- ამ ეტაპზე არც ერთი სცენარი არ ჩანს სრულად რეალისტური, თუმცა მგონია, ყველას არჩევნებში მონაწილეობა სურს. ნაწილი ამას პირდაპირ ამბობს, სხვებსაც იგივე სურთ, რაც იმ დოკუმენტებშიც იკვეთება, რომლებიც მუშავდება. განსხვავება უფრო იმაშია, ვის როგორ პირობებში წარმოუდგენია არჩევნების ჩატარება. მე მგონია, ახლა საკითხი ის არის, ვის მისცემს ხელისუფლება მონაწილეობის უფლებას და ვის არა.
- არჩევნების განსხვავებულ პირობებში ჩატარება რაში გამოიხატება?
- არის შეფასებები, რომ ვითარება შესაძლოა მიზანმიმართულად გამწვავდეს იმ დონემდე, როდესაც "ქართული ოცნება" ვეღარ შეძლებს არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას და ოპოზიციას უკვე დასუსტებულ ხელისუფლებასთან მოუწევს დაპირისპირება. ამ ეტაპზე სურათი ბუნდოვანია, თუმცა 2028 წლის მოახლოებასთან ერთად პოზიციები უფრო გამოიკვეთება. ვადამდელი არჩევნების მოლოდინი აღარ არსებობს. დღეს არც განცხადებები ისმის და არც პროცესები მიანიშნებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მზადდება. თუ არჩევნები მაინც დაინიშნება, ეს, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილებით მოხდება. ხელისუფლება ამ ეტაპზე ძლიერ პოზიციაშია და არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების მიზნით არჩევნებიც ჩატარდეს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ოპოზიციური ძალებიდან ვინ ჩაერთვება პროცესში, ჯერ გაურკვეველია. რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც საკუთარ თავს მომავალ ხელისუფლებად წარმოაჩენენ, ეს შეფასება უფრო პოლიტიკური პიარის ნაწილად ჩანს. რეალურად ჩამოყალიბებული ალტერნატიული ძალა დღეს არ იკვეთება. საჭიროა ახალი, უფრო მკაფიო, კომპეტენტური და ხარისხიანი ძალა, რომელიც არსებითად განსხვავებული იქნება იმ სპექტრისგან, რომელიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩამოყალიბდა.
არსებული ელიტა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გაჩნდა, დღეს სხვადასხვა ფორმით წარმოდგენილია როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებში, რაც სისტემის არსებით ცვლილებას ართულებს.
მნიშვნელოვანი ისიც, თუ როგორ მოიქცევა ხელისუფლება, გაამკაცრებს თუ არა პოლიტიკურ გარემოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელები. ხშირად ისმის ოპოზიციის კრიტიკა, მაგრამ ისეთ გარემოში, სადაც პოლიტიკოსებს დაპატიმრება ემუქრებათ, რთულია მათგან გრძელვადიანი და თანმიმდევრული სტრატეგიის მოთხოვნა.
- არჩევნებზე საუბარს ზოგიერთი პოლიტიკოსი ერიდება. რატომ იქცა ეს თემა ასეთ მგრძნობიარე საკითხად ოპოზიციაში?
- ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი გარკვეულ ეტაპზე ამბობდა, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები მისი, როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტის კურატორობით. შემდეგ, 4 ოქტომბერს, ხალხს მოუწოდა არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილეობა, ახლა კი ისევ არჩევნებს მიიჩნევს ხელისუფლების შეცვლის გზად. გაუგებარია, რა ლოგიკით მოქმედებს და ამიტომაც იბადება კითხვები, მით უმეტეს, როცა საუბარია იმ არჩევნებზე, რომლის ლეგიტიმურობას მანამდე არ აღიარებდა.
სალომე ზურაბიშვილს არც შესაბამისი რესურსი აქვს და არც აქტიურ პოლიტიკურ თამაშშია. მთავარი ფაქტორი ადრე მისი პრეზიდენტობის ირგვლივ შექმნილი გარკვეული მითოსი იყო, რაც პროცესისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა ეს რესურსიც ეტაპობრივად ამოიწურა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აქტიურ პოლიტიკურ პროცესში აღარ არის ისე ჩართული, როგორც ადრე. შესაბამისად, მისი პოზიციების ბუნდოვანებასაც ნაკლები პოლიტიკური წონა აქვს. ამას ემატება ისიც, რომ მის მიმართ ინტერესი შემცირებულია...
ზურაბიშვილი პრეზიდენტად "ოცნების" მხარდაჭერით იყო არჩეული. განსაკუთრებით სადავოდ 2018 წლის მეორე ტური მიიჩნევა, როდესაც პირველ ტურში ოპოზიცია ლიდერობდა, ხოლო მეორე ტურში მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ფონზე, უპირატესობა "ოცნებამ" მოიპოვა. იმხანად საჯარო სივრცეში იყო სოციალური დაპირებებიც, მათ შორის საბანკო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ, რაც უპრეცედენტო ამბავი იყო. სწორედ ამ პროცესის შედეგად გახდა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. იმ დროს არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ინაუგურაციის ჩაშლასაც განიხილავდნენ და არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევდნენ... დღეს თითოეულ ოპოზიციურ ლიდერს გაცილებით მეტი პოლიტიკური წონა აქვს, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, რადგან მათ აქვთ საკუთარი ამომრჩევლის პირდაპირი მხარდაჭერა, რაც არჩევნებით არის დადასტურებული. ზურაბიშვილს, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს, ეს მხარდაჭერა არასდროს გაუტესტავს. ამიტომაც, მიუხედავად მცდელობებისა, მას არ ჰქონდა ის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც სხვა პარტიების ლიდერებს აქვთ.
ხათუნა ბახტურიძე