მადიარის გაკვეთილი - რატომ ვერ ამარცხებს ქართული ოპოზიცია ხელისუფლებას
უნგრეთში ორბანის დამარცხებამ საქართველოშიც შექმნა მოლოდინი, მაგრამ ოპოზიციამ უკვე დაიწყო საკუთარ გეგმაზე, სააკაშვილის შეუცვლელ ლიდერობაზე და ა.შ. მიზეზების დასახელება, თუ რატომ არის მათი არჩევანი უნგრეთის გზაზე უკეთესი. რეალურად რა პერსპექტივა არსებობს, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
"მადიარმა მიზანში ამოიღო ორბანის მომხრეები"
- ოპოზიცია დღეს თავის მართლების რეჟიმშია და უცნაური არგუმენტებით ცდილობს მადიარის წარმატებისა და საკუთარი მარცხის ახსნას. თითქოს მადიარმა მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია, რითაც იმ გამოცდილების გაზიარებას არიდებენ თავს, რაც ამ კაცმა დააგროვა. მთავარი ის არის, რომ მადიარი არ შევიდა ხელისუფლებასთან იდეოლოგიურ დაპირისპირებაში. მან უარი თქვა პოლარიზაციის იმ მოდელზე, სადაც მმართველი გუნდი "პატრიოტია", ოპოზიცია კი "გაყიდული გლობალისტი". მადიარმა ორბანს პატრიოტული ველი წაართვა და ხალხს აჩვენა, რომ კონსერვატიული ლოზუნგების მიღმა მხოლოდ კორუფცია და კლანური ინტერესები იდგა. გარდა ამისა, ის უპირისპირდებოდა ორბანს, მაგრამ არა მის ამომრჩეველს - არ ლანძღავდა ამ ხალხს და არ ეძახდა "ბნელებსა" და "პუტინის მონებს". პირიქით, მან კამპანია სწორედ იმ რეგიონებში დაიწყო, სადაც ორბანი ყველაზე ძლიერი იყო.მას ჰქონდა პოზიტიური და იმედისმომცემი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხალხის პრობლემების მოგვარებაზე იყო ორიენტირებული. საქართველოში კი ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ ამომრჩეველს პოზიტიური მესიჯები არ აინტერესებს... ქართული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არა ხელისუფლებისთვის ხმების წართმევაზე, არამედ ოპოზიციურ ველზე არსებული ხმების გადანაწილებაზე მუშაობს. მადიარის მთავარი სტრატეგია კი ის იყო, რომ მიზანში არა ოპოზიციური ელექტორატი, არამედ სწორედ ორბანის მომხრეები ამოეღო.
- რამდენად რეალურია დღეს საქართველოში ოპოზიციური ერთობა?
- ერთ-ერთ ტელეეთერში მთავარი კითხვა სწორედ ის იყო, ოპოზიცია განზრახ მოქმედებს "ქართული ოცნების" სასარგებლოდ თუ, უბრალოდ, არაკომპეტენტურია. როდესაც ამბობენ, რომ არჩევნებს აზრი არა აქვს, მინდა ვკითხო, სად ჩანს რევოლუციის წინაპირობა? ამასთანავე, ვერ ვხედავ იმ ლიდერების პასუხისმგებლობასა და სინანულს, რომელთა მოწოდებების გამოც დღეს ამდენი ადამიანია ციხეში. ყველა გაურბის პასუხისმგებლობას და ამტკიცებს, თითქოს ხალხმა რადიკალური გადაწყვეტილებები თავად, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე მიიღო.
არგუმენტი, თითქოს სააკაშვილის პატიმრობის გამო არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს, გაუგებარია, რადგან ის 2024 წლის არჩევნებამდეც ციხეში იყო და მაშინ ოპოზიცია საპირისპიროს გვიმტკიცებდა. არჩევნების დღეს ტელევიზიით გვარწმუნებდნენ, რომ ხელისუფლება გარბოდა... მადიარის მაგალითმა აჩვენა, რომ ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში აუცილებელია არჩევნებში მონაწილეობა, რათა მას ადმინისტრაციული რესურსი წაართვა. უნგრეთში ოპოზიციამ ჯერ დიდ ქალაქებში გაიმარჯვა, რითაც მმართველ პარტიას დასაყრდენი გამოაცალა და სწორედ ეს დაეხმარა მათ შემდგომ წარმატებაში.
ულტიმატუმები, რომ ერთი მხრივ ოპოზიცია არჩევნებში მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს. ეს იწვევს ოპოზიციის სრულ მარგინალიზაციას და მმართველ გუნდს უკონკურენტო გარემოს უქმნის. ოპოზიცია თვითმარგინალიზაციის გზით მიდის - თუ არც არჩევნებზე მიდიხარ და არც ქუჩის პროცესებს აკონტროლებ, გავლენას საერთოდ კარგავ.

- არის რესურსი, გაჩნდეს ახალი ლიდერი?
- საზოგადოებაში არის მოთხოვნა სიახლეზე, რაც ნიშნავს, რომ აუცილებელია პროცესების ძირეული გადაფასება. ვფიქრობ, თავად ოპოზიციაშიც არიან პირები, განსაკუთრებით ახალგაზრდული ფრთა, რომლებიც ფხიზლად უყურებენ რეალობას. უცნაური სიტუაციაა - იმის გამო, რომ ადამიანები დაჭერილები არინ, ბევრს არ სურს ახალი მოძრაობის დაწყება ან არსებული წრიდან გასვლა, რადგან ეშინიათ ეს "ღალატად" არ შეუფასონ. გარდა ამისა, განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ ბულინგს, რაშიც ზოგჯერ დაკავებულების მშობლებსაც კი რთავენ. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ველი ცარიელი არ დარჩება, რადგან დღეს უკვე არსებობს ხალხის უზარმაზარი მასა, რომელსაც არც მოქმედი ხელისუფლება მოსწონს, არც ოპოზიციას უჭერს მხარს და ეს კრიტიკული მასა მუდმივად იზრდება. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ვაკუუმი თავად შობს ახალ ლიდერებს, მანამდე კი მადიარის სტრატეგიიდან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. მაგალითად ის, რომ ხელისუფლებას არ უნდა დაუთმო პატრიოტიზმის ნიშა. ფაქტია, ოპოზიციამ ეს ველი ხელისუფლებას დაუთმო. საქართველო ტრადიციული საზოგადოებაა, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომ ოპოზიციამ სტრატეგია უნდა შეცვალოს.
რუსა მაჩაიძე