პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა შედეგი მოჰყვა რუსების საგაზაფხულო შეტევას?! - კვირის პალიტრა

პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებს?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი: რა შედეგი მოჰყვა რუსების საგაზაფხულო შეტევას?!

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში საგაზაფხულო შეტევები წამოიწყეს, რაკეტებითა და დრონებით მასირებული დარტყმა მიაყენეს კიევს და დნეპროპეტროვსკს, ოდესასა და ხარკოვს, არიან დაღუპულები და დაშავებულები... ომის შესწავლის ინსტიტუტის (Iშჭ) ანგარიშის თანახმად, რუსეთს სურს დაიკავოს დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქები: კონსტანტინოვკა, დრუჟკოვკა, სლოვიანსკი და კრამატორსკი. ანალიტიკოსების აზრით, ეს ხაზი უკრაინის აღმოსავლეთით თავდაცვის პლაცდარმია და, დიდი ალბათობით, რუსეთი 2026 წელს მთელი დონეცკის ოლქის სამხედრო გზით დაკავებას ვერ შეძლებს. ამ თემაზე გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:

- ირანში ომმა ცოტა ჩრდილში მოაქცია უკრაინის ამბები, თუმცა მის მიმდინარეობას ვაკვირდებით. შეიძლება ითქვას, ბოლო მომენტამდე რუსების აქტიურობა შენელებული იყო, რაც დაკავშირებულია ამინდთან. რუსები ემზადებოდნენ საზაფხულო კამპანიისთვის და შესაბამისად გადაადგილდებოდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ ამ პერიოდისთვის უკრაინელებმა რუსებთან შედარებით 30%-ით მეტი დრონი გამოიყენეს (სამჯერ მეტი). მათ შექმნეს კონცეფცია - სიკვდილის ზონის 25-30-კმ-მდე, საფრონტო სიღრმეზე გაზრდა. მეორე ზონა 250-300კმ-ზე იყო ("მიდლ სტრაიკი"), სადაც მათ დრონების ზემოქმედება გაზარდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სადღაც 35კმ-მდეა ე.წ. სადივიზიო ზურგი, სადაც ძირითადად მოძრაობს სატრანსპორტო საშუალებები პროდუქტით, საწვავითა და საბრძოლო მასალით 3-5 დღე-ღამის გათვლით. 60კმ-მდე სიღრმე ითვლება, რომ არის საკორპუსე ზურგი, სადაც 10-12 დღე-ღამისთვის ინახება ის პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, ხოლო 100-150კმ-მდე არის საარმიო ზურგი, სადაც საწვავთან, პროდუქტსა და საბრძოლო მასალასთან ერთად საინჟინრო მასალა და საბრძოლო ტექნიკა ინახება. ჩამოთვლილ სიღრმეებზე არის როგორც საველე განთავსების ადგილები, ასევე საწყობები. 300კმ სიღრმემდე ე.წ. კომუნიკაციის ზონაა, სადაც სტაციონარული განთავსების საწყობებია. წარმოიდგინეთ, როდესაც რუსები შეტევაზე გადასვლას ცდილობდნენ, თუნდაც თავდაცვის ორგანიზების შემთხვევაში მათ სასურველ პოზიციებამდე სადღაც 15-20კმ-ს გადალახვა უწევდათ და სანამ პოზიციებამდე მივიდოდნენ, ანუ ბრძოლის დაწყებამდე დაახლოებით 80%-ს კარგავდნენ. რუსებმა, უბრალოდ, გაზარდეს ხალხის რაოდენობა და ამ პირობებში უკრაინელებმა უკვე განავითარეს კონცეფცია Middle strike, ანუ საშუალო სიღრმის ტაქტიკურ-ოპერატიული სიღრმის დარტყმები მიაყენეს. ჩათვალეთ, რომ ისინი 300კმ-მდე, კომუნიკაციის ზონამდე სწვდებიან და რუსებს არ აძლევენ მომარაგების და კონცენტრირების საშუალებას. ის, რომ რუსები ქალაქებს ბომბავენ, ეს მათი ხელწერაა. საინტერესოა, რომ მათ დონეცკის რაიონს იმ ადგილას დაარტყეს, სადაც "შაჰიდების" საწყობია.

გაზაფხულზე რუსების გააქტიურება მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ამინდი გამოვიდა, ნიადაგი გაშრა, რაც ტექნიკის მასობრივად გამოყენების საშუალებას იძლევა. ახლა ძალაშია სამი ძირითადი მიმართულება: 1. სუმის ოლქი, რომელიც ესაზღვრება კურსკის ოლქს რუსეთში. ამ მიმართულებაზე რუსები პუტინის დავალებით ცდილობენ ბუფერული ზონის შექმნას. მათ აქ პატარა წარმატება აქვთ, ხუტორებს იღებენ, მაგრამ დაკავებული ტერიტორიების სიღრმე სუმის ოლქში 10კმ-ს არ აღემატება საზღვრის გაყოლებით, კრასნოპოლიემდეც კი არ არიან მისული. ამ მიმართულებით რუსებს აქტიურობა იმისთვის სჭირდებათ, რომ უკრაინელების ძალები გაფანტონ, გადაანაწილონ ამ გრძელ ფრონტზე (1200-დან 1500კმ-მდეა გადაჭიმული); 2. მთავარი დარტყმის მიმართულებად რჩება კრამატორსკი-სლოვიანსკის თავდაცვის რაიონი. ვნახოთ, რას შეძლებენ, ვინაიდან დიდი წინსვლა რუსებს არც აქ გააჩნდათ - უკრაინელებმა უფრო მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს (დაახლოებით 400კვ.კმ), ვიდრე რუსებმა დაიკავეს; 3. ზაპოროჟიეს მიმართულება, სადაც აფეთქების შემდეგ რუსებმა სცადეს კახოვკის წყალსაცავის გაყოლებაზე შეეტიათ. 2025 წლის შემოდგომაზე ისინი შეაჩერეს - უკრაინელებმა ლუკიანოვკიდან და პავლოვკიდან დაიწყეს კონტრშეტევები და გარკვეული ტერიტორიები გაათავისუფლეს. რუსებს ისევ დაკავებული აქვთ მხოლოდ სტეფნაგორსკი და პრიმორსკოე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ფაქტია, რომ ჯერ ამ ე.წ. მცირე ჰაერში უკრაინელებს დიდი უპირატესობა აქვთ დრონების გამოყენებაში.

ria-8343677-1776609294.HR_.jpg

- რაშიც დასავლეთის წვლილიცაა, ალბათ... აშშ-ირანის ომმა რამე გავლენა თუ იქონია უკრაინაზე, ან თუნდაც რუსეთზე?

- რა თქმა უნდა, დასავლეთის დამსახურება დიდია. მაგალითად, ბრიტანეთში ძალიან ბევრი ტიპის დრონი ეწყობა უკრაინისთვის, ასევე, "სტარლინკი" და მაღალტექნოლოგიური კავშირების საშუალებები, რომლებიც უკრაინულ უპილოტოებს აქვთ (რუსებს კი არა აქვთ და მათი ჩახშობა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებით უჭირთ). თუკი იყო იმის შიში, რომ აშშ-ის ჩართვა ირანთან ომში უკრაინისთვის პრობლემებს გამოიწვევდა, აღმოჩნდა, რომ არანაკლები (მეტი თუ არა) პრობლემები შეექმნა რუსეთს, ვინაიდან ირანი იქით დასახმარებელი გახდა. ამ პერიოდში დასავლეთი არ ამცირებს უკრაინის დახმარებას, სულ ახლახან, თუ არ ვცდები, 2024 წლის შემდეგ ყველაზე დიდი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი გაიმართა გერმანიაში, სადაც 10 პროგრამაზე მოაწერეს ხელი და გერმანიამ უკრაინას გრძელვადიანი პროექტებისთვის 4 მილიარდი დოლარი გამოუყო.

- რა მნიშვნელობისაა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის დონეცკის ოლქში შემავალი ქალაქები და მოახერხებს თუ არა რუსეთი ამ წელს მათ დაკავებას? და თუ უკრაინამ ამ ოლქებზე კონტროლი დაკარგა, ეს რის საშუალებას მისცემს რუსეთს?

- შეიძლება ითქვას, ეს ქალაქები თავდაცვითი რაიონის ჯაჭვია, მაგრამ მისი მთავარი შემადგენელია კრამატორსკი-სლოვიანსკი. ამ ორ მნიშვნელოვან ქალაქს შორის მდებარეობს მთა კარაჩუმი (თურქულად "შავ სიკვდილს" ნიშნავს), რომელიც გაბატონებულია ამ რაიონში და ამით ამ ორი ქალაქის თავდაცვითი წრე იკვრება. 2014 წლიდან ეს ტერიტორია თავდაცვისთვის მაგრდება. ამას დაუმატეთ ტექნოლოგიური საკითხები და ბოლო მოვლენები. ის, რომ რუსეთი ვერ ახერხებს გარღვევას და დიდი პაუზებით მიიწევს წინ, ასეთ ვითარებაში ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი წელს მოახერხებს დონბასის დაკავებას. მან თუ ეს ტერიტორიები დაიკავა (სლოვიანსკი და კრამატორსკი), ეს ნიშნავს, რომ მათ, ფაქტობრივად, დონბასი აღებული აქვთ.

- რატომ გახდა პუტინისთვის იდეფიქსი უკრაინის დაპყრობა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებამდე?

- პუტინის იდეფიქსებზე ალბათ ფსიქიატრები ან ფსიქოლოგები უნდა ფიქრობდნენ, ეს ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ მან თქვა, დონბასი ჩვენი იქნებაო, და მთელი უკრაინის დაკავება აქამდე (დონბასამდე) დაიყვანა. ის თავიდან ფიქრობდა, რომ შედარებით ადვილად აიღებდა დონბასს, ზაპოროჟიესა და ხერსონს - ეს იყო მისი ამოცანა. პუტინი ახლაც ითხოვს, მოგვეცითო, ოღონდ ზაპოროჟიე-ხერსონის დაუკავებელ ტერიტორიას აღარ გულისხმობს, მხოლოდ დონბასს. უკრაინისთვის ეს საფრთხილოა, ვინაიდან ამ ტერიტორიის დაკავების შემთხვევაში რუსეთს ეხსნება გზა როგორც ხარკოვისკენ, ასევე დნეპრისკენ და მის მარცხენა სანაპიროზე გადასვლისკენ. თუმცა დნეპრის გადალახვა რომ შეძლონ, ეჭვი მეპარება.

ყველაზე მტკივნეული საკითხი რუსებისთვის არის ნიკოლაევი-ოდესის მიმართულება (და მერე სახმელეთო დერეფნის გაკეთება დნესტრისპირეთამდე), რასაც დღევანდელი მოცემულობით ვერ ეღირსება. ამიტომაცაა, რომ პუტინი გამწარებული ბომბავს ოდესას. მისი მიზანია უკრაინას მოსწყვიტოს შავი ზღვა, დონბასი კი დარჩება ამოცანად, მას რუსეთი ვერ აუვლის გვერდს. სხვათა შორის, რუსეთს დონბასის 80% აქვს დაკავებული და დიდი ეჭვი მაქვს, ამ წელიწადს ნამდვილად მოახერხებს დანარჩნის აღებას. რუსებს დღეს ბრძოლის ველზე სამი რამ დარჩათ გამოუყენებელი: 1. ბელარუსის იძულება, ჩაერთოს ომში; 2. საყოველთაო მობილიზაციია (მას გაწვევები არ შეუწყვეტია, ე.წ. მცოცავი, პერმანენტული მობილიზაცია მიმდინარეობს, ძირითადი ნაწილი კონტრაქტითაა. პუტინი საყოველთაო მობილიზაციას ვერ განახორციელებს, მაშინ უნდა აღიაროს, რომ ომი აქვს გამოცხადებული. საყოველთაო მობილიზაცია შიგნიდან როგორ აუფეთქდება, ეს კიდევ სხვა თემაა) და 3. ბირთვული იარაღი, რომელიც საეჭვოა პუტინმა გამოიყენოს. რუსებს აქვთ რესურსი, ომი 2 წელსაც გაწელონ. ჩემი აზრით, რუსების მდგომარეობა იქამდე მივა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდებიან (მაგრამ ომი არ დასრულდება) და შესაძლოა ჩამოყალიბდეს ისეთი ვითარება, როგორიც ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორისაა. შემდეგ ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გეოპოლიტიკური მოვლენები განვითარდება მსოფლიოში, ასევე, თავად რუსეთშიც.