აქეთ მადიარი, იქით ზურაბიშვილი ანუ დიდი ჰაი-ჰუი ოპოზიციაში
საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება გამოცოცხლდა. ამაში წვლილი მიუძღვის ორ ადამიანს: პეტერ მადიარსა და სალომე ზურაბიშვილს. დავიწყოთ უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრით.
"იძებნება ქართველი მადიარი?!
უნგრეთში მადიარის მიერ ორბანის დამარცხებამ ძალიან გაახარა ჩვენი ოპოზიცია - აი, თუ არ შეიძლება იმ ძალის დამარცხება, რომელიც 16 წელი იყო ხელისუფლებაშიო. ასევე უხაროდათ, რომ "ოცნებამ" მოკავშირე დაკარგა ორბანის სახით. მას შემდეგ, რაც მადიარმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე განაცხადა, რომ სიამოვნებით ეწვეოდა თბილისს, უკვე "ოცნებას" გაუხარდა - ტყუილად ზეიმობს ოპოზიცია, ჯიგარი ბიჭიაო, მედიამ და ექსპერტებმა კი დაიწყეს ქართველი "მადიარის" ძებნა.
მოდი, ჯერ ვნახოთ, რა განსხვავება და მსგავსებაა მადიარსა და ქართველ ოპოზიციონერებს შორის (თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, რა თქმა უნდა).
მადიარი უცბად გახდა პოპულარული, რომლის თაობაზეც დეტალურად გაზეთის ამ ნომერში წაიკითხავთ. ალბათ, ვერ გავიხსენებთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც ასეთი ფურორით შემოიჭრა ასპარეზზე... არა, "შორეულ" 2000-იანების ბოლოს, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, იყო ასეთი. კერძოდ, ირაკლი ალასანია, რომლის სახელმწიფო თანამდებობიდან გადადგომას და ოპოზიციაში გადასვლას დიდი მოლოდინით შეხვდა საზოგადოება. თუმცა ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა მიიღო არა მქუხარე ლიდერი, არამედ "კაბინეტის პოლიტიკოსი".
მადიარი, რა თქმა უნდა, მკვეთრად აკრიტიკებდა ორბანის ხელისუფლებას, მას მაფიოზურსა და კორუმპირებულს უწოდებდა, თუმცა სრულიად უნგრეთის საზოგადოების გული იმით მოიგო, რომ ხალხს არ ყოფდა "ორბანისტებად" და "მადიარისტებად", "პროევროპელებად" და "რუსეთის მონებად" ("რუსული საკითხი" ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უნგრეთის არჩევნებში), არ უწოდებდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს "ბიომასას" და ა.შ.; თამამად ხვდებოდა ორბანის მხარდამჭერებს და ცდილობდა მათ "გადარწმუნებას". საქართველოში კი... თუმცა ყველა ოპოზიციური პარტიის ერთ ქვაბში მოხარშვა არ შეიძლება. მაგალითად, გახარიას პარტია და "ლელო" მეტ-ნაკლებად იცავენ პოლიტკორექტულობას. აი, "ოპოზიციურ ალიანსში" გაწევრებული პოლიტორგანიზაციების ზოგიერთი ლიდერისთვის რომ გეკითხათ, "ქოცები", რბილად რომ ვთქვათ, საერთოდ ხაზგადასასმელი ხალხია (იგულისხმება არა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერშიფი, არამედ მისი მხარდამჭერები, რომლებიც არცთუ ისე ცოტანი არიან). ასევე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ზოგიერთმა "რეაქტიულმა" პოლიტიკოსმა რიტორიკა შეცვალა - ამჯერად ამბობენ, რომ მოწინააღმდეგის მხარდამჭერებსაც უნდა ელაპარაკონ და ა.შ. ეს ერთმნიშვნელოვნად კარგია.
მადიარი ამომრჩეველთან შეხვედრაზე არ ყვიროდა, არიქა, ორბანი უნდა გადადგეს და სანამ ის არ წავა, სხვა რამეზე საუბარს აზრი არ აქვსო. პირიქით, ესაუბრებოდა კონკრეტულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ჯანდაცვის პროექტებზე და უმტკიცებდა, რომ თითოეული სფეროს გაუმჯობესებისთვის ჰქონდა კონკრეტული გეგმა, შემდეგ კი ამ კონკრეტულ საკითხებზე მოთმინებით პასუხობდა ამომრჩევლების კითხვებს. საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში (ათვლას ვიწყებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან) ოპოზიციის ძირითადი ლოზუნგი ის იყო, რომ "ოცნება" უნდა წავიდეს, "რუსეთი მოდის", გადადგეს, გადმოდგეს და ა.შ., კონკრეტული არაფერი, გარდა იმისა, რომ აი, საიდანღაც საზღვარგარეთიდან ხელისუფლებაზე ვინმე ზეწოლას მოახდენს, ესენი ჩამოიშლებიან და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. თემატურ დისკუსიებს (ჯარზე, სასამართლოზე, ეკონომიკაზე და ა.შ.) გაურბოდნენ შემდეგი არგუმენტით, ქვეყანა ასეთ დღეშია და ჩვენ ახლა პენსიებსა და ლარის კურსზე როგორ ვილაპარაკოთო. ასეთი რიტორიკით განსაკუთრებით ის პარტიები გამოირჩეოდნენ, დღეს რომ "ოპოზიციურ ალიანსში" არიან (სხვათა შორის, გახარიას პარტია პარლამენტში შესვლის შემდეგ ფაფხურობდა რაღაცებს კანონპროექტებთან დაკავშირებით. დროდადრო რაღაც წინადადებები "ლელოსაც" ჰქონდა). არ ვიცი, მადიარის გამოცდილება გაიზიარეს თუ რა მოხდა, მაგრამ პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში "ოპოზიციურ ალიანსში" შემავალი პარტიების ლიდერებმა კონკრეტულ პრობლემაზე დაიწყეს საუბარი. ვგულისხმობთ რამდენიმე დღის წინ გიორგი ვაშაძის, გიგა ბოკერიასა და ზურა "გირჩი" ჯაფარიძის ერთობლივ პრესკონფერენციას, სადაც მათ ჟურნალისტებს თავიანთი ხედვები გააცნეს, თუ როგორ შეიძლება შემცირდეს საქართველოში საწვავის ფასები.
მადიარმა სოცქსელში საინფორმაციო ომი მოუგო ორბანის მედიას და მათთან დაწყვილებულ ტროლ-ბოტებს. ამისთვის დაიქირავა პროფესიონალი, მაღალანაზღაურებადი სოცმედია მენეჯერები, რომლებმაც ზუსტად იცოდნენ, სად რა მესიჯი უნდა გავრცელებულიყო. საქართველოში ოპოზიციონერები პროსამთავრობო მედიების ქარდებზე ტირიან. მათი კონტრპროპაგანდა მხოლოდ ჭკუისდამრიგებლური და "ყოვლისმცოდნე" პოსტებით შემოიფარგლება, საიდანაც ფრაზებს იღებს პროსამთავრობო მედია და ისევ მათ წინააღმდეგ იყენებს.

მადიარი რეგიონებში რამდენიმედღიან გასვლებს აწყობდა და დღეში ხუთ-ექვს შეხვედრას მართავდა. საარჩევნო კამპანია დაიწყო ერთი წლით ადრე და ლამის ყველა უნგრელს შეხვდა პირისპირ, მათ შორის ყველაზე მიყრუებულ სოფელში. ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა, სოფელ-სოფელ მოსიარულე ქართველი ოპოზიციონერი ვინმეს უნახავს?! არ ითვლება ათასში ერთხელ რეგიონში წასვლა, თბილისიდან აქტივისტების წაყვანა და ტელესიუჟეტების გამო მათთან შეხვედრის გასაღება ადგილობრივებთან შეხვედრად.
საქართველოში, როგორც ჩანს, შინაურ მღვდელს შენდობა მართლაც არა აქვს. რა საჭირო იყო უცხოური მაგალითი, როდესაც აგერ გვაქვს უახლოესი ისტორია - 1990 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზვიად გამსახურდია სოფელ-სოფელ დადიოდა, ასევე იქცეოდა მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს და ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს. "ოპოზიციურმა ალიანსმა" 2 მარტს დიდი ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ რეგიონებში გასვლას იწყებენ და შემდეგ 26 მაისს თბილისში დიდ აქციას გამართავენ. თუმცა... გავიდა მარტი, აპრილიც იწურება და ოპოზიციონერები რეგიონებში არავის უნახავს. არადა, ვერანაირი ტელეეთერი ვერ შეცვლის იმას, როდესაც ადამიანს პირისპირ შეხვდები და თვალებში ჩახედავ... ყველაფერი ზემოხსენებული ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ სოცქსელების მეშვეობით უთხრა პარტიებს. ლიდერების რეაქცია უცნაური იყო - გაბრაზდნენ: ჭკუას ნუ გვარიგებთო. ჩვენაო, რაც მადიარმა გააკეთა, ჩვენს სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვსო. ეს იგივეა, სავარჯიშო გეგმა გაწერილი გქონდეს, მაგრამ სპორტდარბაზში ფეხი არ შედგა.
რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა
მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოცქსელში დაწერა, რომ მას სჯერა არჩევნების და ეს არის ქვეყნისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გზა. სავარაუდოდ, მან ეს მადიარის გამარჯვების შთაბეჭდილების ქვეშ დაწერა. ოპოზიციაში ამბავი ატყდა.
გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიკა ფილფანმა სალომე ზურაბიშვილს "წამოაძახა", რომ 2025 წელს სწორედ ის ეწეოდა არჩევნების დისკრედიტაციას, ძალიან კარგია, რომ ახლა ხვდება თავის შეცდომას, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევაო.
"სწორ, სტრატეგიულ ბრძოლას უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციური ფლანგი, იმისთვის, რომ შევძლოთ მოქალაქეების ინტერესების ასახვა პოლიტიკაში და ივანიშვილის სწრაფად გაშვება ხელისუფლებიდან. ამ ბრძოლაში "ლელო" იქნება მთავარი მოწინავე ძალა, რომელიც შეიტანს მთავარ წვლილს ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაში", - განაცხადა "ლელოს" გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ.
"ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, გარეთაა, ციხეშია თუ უცხოეთში, მარტივად და გასაგებად ყველასთვის დაწეროს პასუხი, მაგალითად, 2028-ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებასა და პირობებზე; პარლამენტში შესვლა-არშესვლას როგორ უყურებენ დღევანდელი გადასახედიდან და რას ფიქრობდნენ და რა პოზიციაზე იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას და ა.შ", - ეს უკვე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ დაწერა.
ერთი მხრივ, საინტერესოა, რატომ ატყდა აჟიოტაჟი სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო, როდესაც მას არასოდეს უთქვამს, რომ რომელიმე არასაარჩევნო რადიკალურ სცენარს ემხრობა. მეორე მხრივ, ის მართლაც ფარსს უწოდებდა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებს და სტატუსიც დაწერა: "მე არ მივდივარ არჩევნებზე!"
თქვენი მონა-მორჩილის ძალიან სუბიექტური აზრით, ოპოზიციაში აჟიოტაჟი ამ თემას სულ სხვა რამის გამო მოჰყვა: პოლიტიკოსებს ეს საკითხი აწუხებთ. სხვაა, რას ლაპარაკობენ ისინი ტელეეთერებში, და სხვა, რას ფიქრობენ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩებიან ან ესაუბრებიან ერთმანეთს.
შეუძლებელია თუნდაც "ლელომ" და გახარიას პარტიამ არ იცოდნენ, რომ თუ ოპოზიციის მეორე ნაწილი ბოიკოტში დარჩა და ამომრჩეველთა არცთუ ისე მცირე ნაწილი სახლში დატოვა, ზემოხსენებულ პარტიებს წარმატების არანაირი შანსი არა აქვთ. ასევე შეუძლებელია "ოპოზიციური ალიანსის" ლიდერთა ნაწილი მაინც ვერ ხვდებოდეს, რომ მათი გაცხადებული სტრატეგია, პროტესტი ისე უნდა მოიქოქოს, რომ ხელისუფლება მზად იყოს ძალაუფლების დასათმობად, სინამდვილეში ზღაპარია. პირველ რიგში იმიტომ, ალბათ, საკუთარ თავს უსვამენ კითხვას: რა რესურსი და რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე "ოპოზიციურ ალიანსს", ისე მოქოქონ პროტესტი, რომ გადააჭარბონ 2024 წლის დეკემბრის დონეს და "ოცნება" ისე შეშინდეს, ძალაუფლება დათმოს. ისე, "ოპოზიციურ ალიანსში" არჩევნების თემაზე დისკუსია თუ დაიწყო, შეიძლება დაშალოს ეს გაერთიანება, რადგან ლიდერთა ნაწილი წიგნებიდან ამოკითხული პოლიტიკური თეორიებით ცხოვრობს და "ძალაუფლების გადაბარების" ფანტაზიებს არ ეშვება.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ალბათ, კარგია, რომ "საარჩევნო თემატიკა" გაიხსნა. რომელი არჩევნების? რომელიც იქნება, გინდაც რიგგარეშე იყოს, გინდაც 2028 წლის - არც ისე დიდი დრო რჩება...
გიორგი კვიტაშვილი