როცა ყოფილი ქმარი ითხოვს მინდობილობას, რათა ბავშვები საზღვარგარეთ გაიყვანოს - კვირის პალიტრა

როცა ყოფილი ქმარი ითხოვს მინდობილობას, რათა ბავშვები საზღვარგარეთ გაიყვანოს

ამჯერად თქვენს შეკითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი ნუგბარა როსტიაშვილი.

ერთი წელია მამა გარდაგვეცვალა, ვართ ორნი, მე და ჩემი ძმა. ბინა და მანქანა მამას სახელზეა. როგორც მეუბნებიან, სანამ ჩემი ძმა არასრულწლოვანია, ვერ შევძლებთ ავტომობილის გადაფორმებას. როგორ მოვიქცე? მინდოდა გაფორმების შემდეგ მანქანის გაყიდვა. თუ არის შესაძლებელი გაფორმდეს დედაჩემის სახელზე?

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მეუღლე, შვილები და მშობლები. მემკვიდრეები ვალდებული არიან მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიმართონ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით, ნოტარიუსი ადგენს მემკვიდრეთა წრეს, შემდეგ გაიცემა სამკვიდრო მოწმობა და ამის საფუძველზე მამკვიდრებლის ქონების რეგისტრაცია მოხდება ყველა მემკვიდრეზე. როგორც თქვენ კითხვაში აღნიშნავთ, მამის გარდაცვალებიდან გასულია ერთი წელი, ანუ დარღვეული გაქვთ კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა. ეს შეიძლება თქვენს სასარგებლოდაც კი აისახოს იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი მემკვიდრე არასრულწლოვანია, ხოლო არასრულწლოვანის სახელზე რიცხული ქონების გასხვისებისათვის საჭიროა სასამართლო ნებართვა, რადგან კანონი იცავს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს, თუმცა უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების განკარგვა/მართვა/მოხმარება რამდენად იქნება მისი საუკეთესო ინტერესი, ცოტა სადავოა. თქვენს შემთხვევაში უმჯობესი იქნება, რომ მიმართოთ ნოტარიუსს, მართალია, 6-თვიანი ვადა უკვე გასულია, კანონით მაინც სავალდებულოა ნოტარიუსისათვის მიმართვა. ის გეტყვით უარს სამკვიდროს მიღებაზე ვადის დაუცველობის გამო, ამ უარით და სხვა არსებული დოკუმენტებით მიმართავთ სასამართლოს იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით, ასევე დაგჭირდებათ 2 მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ ფაქტობრივად თქვენ დაეუფლეთ ა/მანქანას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შესაძლოა სასამართლომ მოითხოვოს დაინტერესებული პირების, დედათქვენის და თქვენი ძმის თანხმობებიც თქვენ მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ.

მევალე არ მიბრუნებს თანხას, არ გვაქვს გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულება, სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი, რამდენად აქვს აზრი?

- მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ წერილობითი ხელშეკრულების არარსებობა არ გამორიცხავს სასამართლოს გზით მოთხოვნის დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. შესაბამისად, თუკი რეალურად ადგილი ჰქონდა თანხის გადაცემას სესხის ან სხვა ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ მისი დაბრუნება. თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მტკიცებულებებს. სასამართლო არ დაეყრდნობა მხოლოდ თქვენს განმარტებას და არც მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, ამიტომ აუცილებელია ნებისმიერი ისეთი მასალის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს თანხის გადაცემის ფაქტს, ვალდებულების არსებობას. მტკიცებულებებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, საბანკო გადარიცხვა, თქვენ შორის არსებული მიმოწერები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩლეს, ანუ თქვენ უნდა დაადასტუროთ თქვენი მოთხოვნის საფუძვლიანობა. ასევე უნდა გაითვალისწინოთ სესხის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შეადგენს 3 წელს იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ შეიტყვეთ ან უნდა შეგეტყოთ ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. თუ ეს ვადა გასულია, მოპასუხეს შეუძლია დააყენოს ხანდაზმულობის გამოყენების საკითხი, რაც შეიძლება გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი. ამდენად, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ აღნიშნული დეტალები და თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვროთ, გიღირთ დავა თუ არა, გაქვთ თუ არა მტკიცებულებები, ხომ არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა, ასევე სესხის მოცულობა რა ოდენობისაა და რამდენად გიღირთ ხარჯის გაწევა დავაზე. თუ სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვას გადაწყვეტთ, გირჩევთ დამატებით მისწეროთ მოვალეს და მოითხოვოთ ვალის დაბრუნება, რაც დამატებითი მტკიცებულება იქნება თქვენთვის.

ვარ ტაქსის მძღოლი, მგზავრის აყვანის მიზნით გავაჩერე მანქანა მაქსიმუმ ხუთი წუთით და არასწორი პარკირებისთვის უკონტაქტო პატრულმა დამაჯარიმა 100 ლარით. აქვს თუ არა აზრი გასაჩივრებას?

- თქვენი შემთხვევა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საგზაო მოძრაობის წესებით, რომლებიც არეგულირებს გაჩერებისა და პარკირების პირობებს. იმისათვის, რომ თქვენი შემთხვევის ზუსტი სამართლებრივი შეფასება მოხდეს, აუცილებელია ვიცოდეთ, კონკრეტულად რომელი მუხლით ხართ დაჯარიმებული. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კანონმდებლობა განასხვავებს პარკირებას და გაჩერებას ერთმანეთისგან და შესაბამისად ამკრძალავი ნიშნებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია. გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების დროებითი შეჩერება (მაგ. მგზავრის ჩასმა-გადმოსმის მიზნით, რაც თქვენს შემთხვევაში მოხდა); ხოლო პარკირება არის უფრო ხანგრძლივი დროით ავტომანქანის დატოვება. გაჩერება მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით სამართალდარღვევად ჩაითვლება, თუ ეს ადგილი არის ისეთ ზონაში, სადაც გაჩერებაც აკრძალულია (მაგ. შესაბამისი საგზაო ნიშნით) ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს 5 წუთი იდექით თუ 30 წამი -— სამართალდარღვევა მაინც ფიქსირდება. რაც შეეხება ჯარიმის გასაჩივრებას, აზრი აქვს იმ შემთხვევაში, თუ გაჩერების ადგილი არ იყო სათანადოდ მონიშნული, ან ნიშნები/მარკირება არ ჩანდა, რეალურად გაჩერდით იქ, სადაც ნებადართული იყო გაჩერება. როგორც თავად აღნიშნავთ, დაჯარიმდით არასწორი პარკირების გამო, ამ შემთხვევაში უნდა დაადასტუროთ, რომ თქვენ პარკირებული არ ყოფილხართ აღნიშნულ ადგილზე და გაჩერდით მხოლოდ მგზავრების ჩასხდომის მიზნით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ იმ ადგილზე, სადაც დაჯარიმდით, იყო გაჩერების ამკრძალავი ნიშანი, შესაძლოა გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდეს.

მქონდა კერძო იპოთეკარისგან აღებული თანხა, ვუხდიდი პროცენტებს და ჩადებული მქონდა ჩემი ბინა, ორი თვე დამაგვიანდა გადახდა და ავტომატურად გადავიდა ბინა მის სახელზე. სანამ თანხას დავუბრუნებდი, მალულად გაყიდა ბინა, ახლა მემუქრება და ითხოვს ბინის დაცლას. სასამართლოში ჩივილს აქვს თუ არა აზრი?

- პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ თუ იპოთეკა იყო ჩვეულებრივი ფორმით დადებული, ანუ სესხი და იპოთეკა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით - ბინა ავტომატურად ვერ გადავიდოდა კრედიტორის სახელზე მხოლოდ ვადის გადაცილების გამო. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს უნდა მიემართა სასამართლოსთვის ან აღსრულებისთვის, რათა მომხდარიყო ქონების რეალიზაცია კანონით დადგენილი წესით. შესაძლოა თქვენ შორის იყოს გაფორმებული ხელშეკრულება ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით, სადაც განისაზღვრება ვადა, რა პერიოდიც გქონდათ ბინის გამოსასყიდად მითითებული, ასეთ დროს არსებობს მაღალი რისკი, რომ ქონება კრედიტორის სახელზე გადავიდეს. პირველ რიგში ზუსტად უნდა დადგინდეს, რა ტიპის ხელშეკრულება გქონდათ გაფორმებული, არსებობდა თუ არა პირობები, რომლის მიხედვითაც მცირე ვადაგადაცილების შემთხვევაში საკუთრება მთლიანად გადადიოდა კრედიტორზე. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რასაც თქვენ აღნიშნავთ, სავარაუდოა, რომ თქვენს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არის თვალთმაქცური გარიგება. სადავო გარიგების უკან იმალება სხვა რეალური გარიგება, კერძოდ, სასესხო ურთიერთობა ანუ სესხი და იპოთეკა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით. უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად აღიარება, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა. მსგავსი ტიპის დავები ხშირად წარმატებით მთავრდება, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თქვენს შემთხვევაშიც შესაძლებელია არსებობდეს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების რეალური საფუძველი. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველა დავა ინდივიდუალურია. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად გიწევთ კონსულტაციას, თქვენ შორის დადებულ ხელშეკრულების შინაარსს არ ვიცნობ. ამდენად, გიღირთ თუ არა დავა, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ.

ბინის თანამესაკუთრე ვარ. შემიძლია თუ არა ჩემი წილის გაყიდვა? მეორეს არ უნდა ქონების გაყიდვა.

- თქვენი წილის გაყიდვა შეგიძლიათ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რამდენად გაყიდვადი იქნება თქვენი წილი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში თანასაკუთრებაში არსებული ქონების შეძენისგან ყველა იკავებს თავს. თუ თქვენი წილის გაყიდვას ვერ შეძლებთ, მაშინ უნდა მიმართოთ სასამართლოს და მოითხოვოთ საზიარო უფლების გაუქმება. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ ექსპერტიზის დასკვნა, რამდენად არის ამ ქონების გაყოფა შესაძლებელი, ხოლო თუ არ იყოფა, უნდა მოითხოვოთ მისი რეალიზება.

- ქმარს გავშორდი, ორი შვილი გვყავს, ორივე არასრულწლოვანი. ქმარს დაწესებული აქვს ნახვის დღეები. ყოფილი ქმარი ითხოვს მინდობილობას, სურს ბავშვები საზღვარგარეთ გაიყვანოს. მეშინია, უკან რომ არ დააბრუნოს. როგორ უნდა დავიცვა თავი? მოკლე მინდობილობა დამიცავს]?

- თქვენი შიში გასაგებია და შეიძლება ითქვას, არცთუ საფუძველს მოკლებული. ზოგადად, როდესაც არასრულწლოვანს აქვს პასპორტი და მას ერთი მშობელი გაიყვანს საზღვარგარეთ, ითვლება, რომ მეორე მშობელიც თანახმაა ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანაზე. შესაძლებელია მოკლევადიანი მინდობილობა გაუკეთოთ, თუმცა ამ შემთხვევაშიც არა ხართ დაზღვეული, რომ მამა ბავშვებს დათქმულ ვადაში დააბრუნებს სამშობლოში.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ არსებობს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის სამართლებრივ საკითხებს, ასეთია როგორც ჰააგის კონვენცია, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და საქართველოს მთავრობის N 663 დადგენილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას არამართლზომიერად გადაადგილებული ბავშვის დაბრუნების შესახებ, თუ ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული და მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე ნაკლები. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების თარიღიდან სარჩელის წარდგენის მომენტამდე გასულია ერთ წელზე მეტი, თვალნათლივ უნდა იქნეს ნაჩვენები, რომ ბავშვი ინტეგრირებული არ არის თავის ახალ გარემოში. ამდენად, თუ ბავშვების დაბრუნებაზე მამა უარს გეტყვით იმ ვადაში, რა ვადითაც ეყოლება ბავშვები წაყვანილი საზღვარგარეთ, შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვოთ ბავშვების საქართველოში დაბრუნება, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს დროულად, ისე, რომ ბავშვები არ შეეჩვიონ ახალ გარემოს და არ მოხდეს მათი იქ ინტეგრირება.

ასევე გასათვალისწინებელია, თუ რომელ ქვეყანაში აპირებს ბავშვების გაყვანას თქვენი ყოფილი მეუღლე, რადგან თუ სახელმწიფო, სადაც მიჰყავს ბავშვები, არ არის ჰააგის 1980 წლის ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ კონვენციის წევრი ქვეყანა, ბავშვების დაბრუნება ამ კონვენციის და საერთაშორისო ნორმების ფარგლებში ვერ მოხერხდება, ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, რუსეთი, ეგვიპტე.