ევროპული კლასიკა, ანუ მადრიდის „რეალი“-მიუნხენის „ბაიერნი“
მიუნხენის "ბაიერნისა" და "რეალ მადრიდის" დაპირისპირება, რომელსაც ხშირად ევროპული კლასიკო (გერმანულად: Europäischer Klassiker, ესპანურად: Clásico europeo) ეწოდება, საკლუბო მეტოქეობაა "ბაიერნსა" და "რეალს" შორის. ეს არის ჩემპიონთა ლიგის/ევროპის თასის ისტორიაში ყველაზე ხშირად გამართული მატჩი - სულ 30 შეხვედრა.
იმის გამო, რომ დაპირისპირება თანაბარია, მადრიდის გულშემატკივრები ზოგჯერ "ბაიერნს" Bestia negra-ს ("შავ მხეცს") უწოდებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი კლუბი ერთმანეთის წინააღმდეგ ყველაზე ხშირად თამაშობს, მათი ბევრი შეხვედრა საკამათო ეპიზოდებით გამოირჩევა. "რეალისა" და "ბაიერნის" დაპირისპირება ყველაზე ხშირია ჩემპიონთა ლიგაში/ევროპის თასზე - 30 მატჩი ("რეალს" 13 გამარჯვება აქვს, "ბაიერნს" 13, ხოლო 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა). კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთს 14 პლეი-ოფის ეტაპზე შეხვდნენ, მათ შორის 8 ნახევარფინალში.
ამ გუნდების 2011-12 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შეხვედრა ჯამში 3:3 დასრულდა ("ბაიერნმა" პენალტების სერიაში 3:1 მოიგო დამატებითი დროის შემდეგ, თუმცა ფინალი საკუთარ სტადიონზე "ჩელსის" წინააღმდეგ წააგო); 2013-14 წლების სეზონის ნახევარფინალში "რეალმა" ჯამში 5:0 გაიმარჯვა, 2016-17 წლების მეოთხედფინალში კი "რეალმა" დამატებითი დროის შემდეგ ჯამში 6:3 მოიგო და თასიც აღმართა. მომდევნო წელს გუნდები ისევ ნახევარფინალში შეხვდნენ და "რეალმა" კვლავ მოიგო - 4:3 ჯამში.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაც, რომელიც 15 აპრილს გაიმართა, გულშემატკივრისთვის დასამახსოვრებელი იქნება იმ ტემპით, რომელიც გუნდებმა შემოგვთავაზეს. თითქოს არც ერთი არ ფიქრობდა ანგარიშის შენარჩუნებაზე და ორივე მხოლოდ შეტევისკენ იყო მიმართული, საბოლოოდ კი ეს ანგარიშზეც აისახა და განმეორებითი მატჩი "ბაიერნის" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი "ბაიერნმა" 6:4 გაიმარჯვა.
მატჩი "რეალ მადრიდისთვის" საოცნებო სცენარით დაიწყო, როდესაც არდა გიულერმა მანუელ ნოიერის შეცდომით ისარგებლა და მატჩის პირველი გოლი 35 წამში გაიტანა. თუმცა "ბაიერნმა" რეაბილიტაცია მალევე შეძლო: იოზუა კიმიხის ჩაწოდებული კუთხური ანდრეი ლუნინის კარში პავლოვიჩმა თავური ზუსტი დარტყმით გაგზავნა და ანგარიში 6 წუთზე 1:1 გახდა. "ბაიერნმა" ეს გოლი ძალიან სწორ დროს გაიტანა, რადგან არ არის მარტივი, როდესაც წინა მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე "რეალ-მადრიდს" 2:1 ამარცხებ, შემდეგ კი განმეორებით შეხვედრაში უკვე გერმანიაში მატჩის დაწყებიდან 35 წამში გოლს უშვებ და ანგარიში 2:2 ხდება.

პავლოვიჩის გოლის შემდეგ ანგარიში ორი მატჩის ჯამში 3-2 გახდა "ბაიერნის" სასარგებლოდ, მატჩის 35-ე წუთზე სადავო ჯარიმის შემდეგ კი კვლავ არდა გიულერმა ზუსტი საჯარიმო დარტყმის შემდეგ ორი მატჩის ჯამში ანგარიში კვლავ გაათანაბრა - 3:3. მანუელ ნოიერის შეცდომის წვლილი კი ამ გოლშიც იყო, გერმანელი არ ჰგავდა იმ მანუელ ნოიერს, რომელიც იმ "ბაიერნის" კარს იცავდა, რომელმაც "რეალი" 2:1 დაამარცხა მადრიდში.
38-ე წუთზე უპამეკანოს ზუსტი პასის შემდეგ ჰარი კეინმა გერმანელები ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ ზუსტად 3 წუთის შემდეგ ვინისიუსის პასის და მბაპეს გოლის შედეგად მატჩის პირველი ნახევარი "რეალის" გამარჯვებით - 2:3 დასრულდა, თუმცა ასეთ ანგარიშს ვერ ექნებოდა მადრიდელთათვის დამაკმაყოფილებელი ეფექტი, რადგან ორი მატჩის ჯამში ანგარიში არავისკენ არ იხრებოდა - 4:4.
მატჩის მეორე ნახევარი გუნდებმა პირველთან შედარებით უფრო "მშვიდად" დაიწყეს. ასე მიილია თითქოს მეორე ტაიმი, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა ედუარდო კამავინგამ ჯამალ მუსიალას წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, შემდეგ კი უცნაურად სწრაფად მეორე ყვითელი ბარათიც მიაყოლა, რასაც "რეალის" გულშემატკივრების უკმაყოფილება მოჰყვა. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კამავინგას ბარათის შემდეგ გუნდი ევროტურნირს ეთიშება, პირველი შემთხვევა კი წინა წლის გათამაშებაში ლონდონური "არსენალის" წინააღმდეგ იყო - მატჩის მთავარმა არბიტრმა ვინჩიჩმა 86-ე წუთზე კამავინგა მოედნიდან გააძევა. კამავინგამ ბურთი ხელში აიღო და მეტოქეს ხელი შეუშალა თავისუფალი დარტყმის სწრაფად შესრულებაში. მსაჯმა ეს ეპიზოდი შეაფასა, როგორც თამაშის წესების განზრახ დაყოვნება და კამავინგა მოედნიდან გააძევა. წესების მიხედვით, კამავინგა ბარათს იმსახურებდა, მეორე საკითხია, რამდენად ხშირად იცავენ მსაჯები ამ წესს და ღირდა თუ არა ასეთი სიმკაცრე პრინციპული შეხვედრის ბოლოს. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე "რეალ მადრიდის" მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ თქვა: "მსაჯმა თამაში გააფუჭა, ასეთი ეპიზოდისთვის მოთამაშის გაძევება არ შეიძლება, ეს უსამართლობაა".
ჰარი კეინმა კი მატჩის შემდეგ არბელოას სიტყვებს ასე უპასუხა: "რეალს" ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ გაუმართლა მსაჯის გადაწყვეტილებების გამო, მაგრამ არა ახლა".
კაცნაკლული "რეალი" მალევე ჩამოიშალა და ლუის დიაზმა ბოლო 10 წუთში ორი გოლი გაუშვა, "ბაიერნი" დააწინაურა და ანგარიში ორი მატჩის ჯამში 5:4 გახდა, შემდეგ კი კომპენსირებულ დროში მაიკლ ოლისემ მატჩის ყველანაირი ინტრიგა გააქრო, "ბაიერნმა" ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას და პსჟ-ს დაუპირისპირდება.
მატჩის შემდეგ "ბაიერნის" კაპიტანმა მანუელ ნოიერმა, თავის შეცდომებზე ისაუბრა: "ბურთის მარჯვნივ, სტანიშიჩისთვის] გადაცემა მინდოდა, მაგრამ პასი ძალიან ცუდად შევასრულე. ეს შეცდომა ერთგვარი გაფრთხილებაც იყო, "რეალი" ნებისმიერ შეცდომაზე გვსჯიდა. ცხადია, ჩემთვის ცუდი დასაწყისია, მაგრამ ეს უნდა დავივიწყო", - დაამატა მან.
ნოიერი მეორე გოლზეც დაუცველად გამოიყურებოდა, როცა გიულერმა საჯარიმო დარტყმით ბურთი ბადეში ჩაახვია. კითხვაზე, გვიან შეამჩნია ეს დარტყმა, თუ უბრალოდ იდეალურად იყო შესრულებული, ვეტერანმა უპასუხა: "არა, ეს შესანიშნავი დარტყმა იყო სისწრაფის მხრივაც". ნოიერმა პირველი გოლის შეცდომას "იღბლიანი ბურთი" უწოდა და გიულერის შესანიშნავი მარცხენა ფეხი შეაქო: "კარგი ძალა ჰქონდა დარტყმას; მას ეს მარტივად შეუძლია და სწორედ ეს განასხვავებს მას სხვებისგან".
აღსანიშნავია, რომ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფების ერთ-ერთი ანტირეკორიდის მფლობელიც გახდა - მას უკვე დაუგროვდა 10 შეცდომა, რომლებსაც პირდაპირ გოლები მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპებზე. ნოიერი მეორე ადგილზეა ერთ კლუბში ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის მატჩების რაოდენობით. მას უკვე 137 მატჩი აქვს ჩატარებული FC Bayern Munich-ის შემადგენლობაში და გადაასწრო მესის (136 მატჩი FC Barcelona-ში), ხოლო წინ მხოლოდ კასილასია 149 მატჩით Real Madrid CF-ში.
მიუხედავად ამისა, ნოიერი აღიარებულია როგორც ლეგენდა და ელიტური მეკარე. ყოველი შეცდომის სანაცვლოდ, რომელთაც გოლი მოჰყვება ხოლმე, ის ორ-სამ გამორჩეულ თამაშს აჩვენებს - მაგალითად, "რეალთან" პირველი მატჩის დროს. 40 წლის ასაკშიც კი ის კვლავ დიდ დახმარებას უწევს "ბაიერნს".
ნიკოლოზ თევდორაშვილი