სასკოლო ფორმების პოლიტიკა - "ზოგიერთ ქვეყანაში ის სოციალური სტატუსისა და ტრადიციის სიმბოლოც გახდა" - კვირის პალიტრა

სასკოლო ფორმების პოლიტიკა - "ზოგიერთ ქვეყანაში ის სოციალური სტატუსისა და ტრადიციის სიმბოლოც გახდა"

მუქი და ღია ლურჯი ფერების კომბინაციით შექმნილი კუბოკრული და სადა პიჯაკი, თეთრი პერანგი, შარვალი, ქვედაკაბა მუხლებამდე და გრძელი ვარიაციით - ასეთია სავალდებულო სასკოლო ფორმა, რომლის ტარებაც საქართველოს საჯარო სკოლებში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო წლიდან სავალდებულო იქნება. სექტემბრამდე მიწოდება ორ ეტაპად გაიყოფა: პირველი - 2026 წლის 31 ივლისამდე საქონლის არანაკლებ 30%-ის, მეორე ეტაპი კი 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით საქონლის დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას მოიცავს. სატენდერო დოკუმენტის თანახმად, განათლების სამინისტროს შპს "საგანმანათლებლო რესურსების" დაკვეთით შესასყიდი რაოდენობა ასეთია: 292 ათასი გოგონას პიჯაკი; 308 ათასი ბიჭის პიჯაკი; 438 ათასი გოგონას შარვალი; 616 ათასი ბიჭის შარვალი; 146 ათასი მუხლამდე ქვედაკაბა; 1000 გრძელი ქვედაკაბა.

სასკოლო ფორმების შეძენა მშობლებს მოუწევთ, გამონაკლისის სახით, 60 000-ზე ნაკლები ქულის მქონე სოციალურად დაუცველთა ოჯახის მოსწავლეებს სახელმწიფო დააფინანსებს. სასკოლო ფორმების ზუსტი ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია, განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ვარაუდობს, რომ ღირებულება დაახლოებით 100 ლარამდე იქნება.

განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ სასკოლო ფორმები 30-50%-მდე უფრო იაფი იქნება იმ ფინანსურ დანახარჯებზე, რომლის გაღებაც მშობლებს სასკოლოდ შვილების შესამოსად სჭირდებოდათ.

საზოგადოების აზრი ორად იყოფა. ნაწი­ლი სასკოლო ფორმების პოლიტიკას ემხრობა და იმედოვნებს, რომ ეს იქნება გზა უთანასწორობისა და ბულინგის პრევენციისთვის, თუმცა მეორე ნაწილი სვამს კითხვას, რატომ არის პრიორიტეტული სასკოლო ფორმები მაშინ, როდესაც სასკოლო კვების საკითხი, ინფრასტრუქტურული პრობლემები, მასწავლებლის ხელფასები, შელახული სახელმძღვანელობი წლებია პრობლემაა.

უნდა ითქვას, რომ სავალდებულო სასკოლო ფორმების პოლიტიკა ევროპის ქვეყნებში, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და კვიპროსის გარდა, ფაქტობრივად, არ გვხვდება. მსგავსი ტენდენცია უფრო აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნე­ბისთვისაა დამახასიათებელი. სტატიაში რამდენიმე ქვეყნის მაგალითს განვიხილავთ.

bc5331a9-4236-4ac6-8491-7300919b16e5-1776611279.jpg

იაპონია

იაპონიაში სასკოლო ფორმები ტრადიცი­ასა და თანამედროვეობას აერთიანებს. მათი ისტორია მე-19 საუკუნის ბოლოს, მეიძის ეპოქაში იწყება, როდესაც იაპონია ფეოდალური სახელმწიფოდან თანამედროვე ინდუ­სტრიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. ამ პერიოდში რეფორმების მიზანი იყო წიგნიერი, ინტეგრირებული მოქალაქეების ჩამოყალიბება და ეროვნული იდენტობის საერთო განცდის გაძლიერება, სასკოლო ფორმა ამ იდეის სიმბოლურ ელემენტად იქცა.

მეიძის ეპოქაში, როდესაც ქვეყანა დასავლურ კულტურას ეცნობოდა, მოსწავლეები სკოლაში ტრადიციულ ტანსაცმელს - "კიმონოს" ატარებდნენ. დასავლური გავლენის შედეგად შეიქმნა ახალი სტილი: ბიჭებისთვის - სამხედრო სტილის ფორმა ("გაკურანი") მოიცავდა­ მუქ პიჯაკს, მაღალ საყელოსა და სწორ შარვალს. გოგონებისთვის - საზღვაო სტილის ფორმა ("სეილორფუკუ") შედგებოდა საზღვაო საყელოსგან, თხელი ქსოვილისგან შეკერილი ზედა ნაწილისგან, ქვედაკაბისგან, ლენტის ან ჰალსტუხისგან. ეს სტილი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების უნიფორმის მიხედვით არის შექმნილი.

1960-70-იან წლებში სკოლებმა ფორმების მოდერნიზაცია დაიწყეს. შედეგად, გოგონების ფორმები ნაწილობრივ შეიცვალა და მეზღვაურის სტილის ტანსაცმლიდან პიჯაკებისა და ქვედაკაბის კომბინაციამდე განვითარდა, რომელიც ხშირად ლენტებით ან ჰალსტუხით იყო გაფორმებული. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, მეიძის ეპოქის მემკვიდრეობა თანამედროვე სკოლის ტანსაცმლის დიზაინში კვლავ მკაფიოდაა წარმოდგენილი. მიუხედავად სტანდარტიზაციისა, მოსწავლეები ხშირად ცდილობენ ფორმებში ინდივიდუალური ელემენტების შეტანას, მათ გაფორმებას დეკორატიული აქსესუარებითა და სხვადასხვა ფერის წინდებით.

ამდენად, გაკურანი და მეზღვაურის ტიპის სასკოლო ფორმები ტრადიციას, დისციპლინასა და ერთიანობას გამოხატავს. ისინი იაპონური კულტურის ნაწილია და ხშირად გვხვდება ანიმეებსა და მანგაში, რამაც სასკოლო ფორმები კიდევ უფრო პოპულარული გახადა, რადგან მოსწავლეები მათ საყვარელ პერსონაჟებთან მსგავსებას ხედავენ. იაპონურმა სასკოლო ფორმებმა გავლენა მოახდინა ქუჩის მოდაზეც და შესაბამისად, ისინი საერთაშორისო მოდის ნაწილადაც იქცა.

სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეის სკოლებში სასკოლო ფორმა ("გიობოკი") დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა უბრალოდ ჩაცმულობა, ის წარმოადგენდა წესრიგის, დისციპლინისა და ერთიანი სასკოლო იდენტობის სიმბოლოს. სწორედ ამიტომ განათლების სისტემაში ფორმას განსაკუთრებული კულტურული და სოციალური მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა დღეს ეს ტრადიცია თანდათან იცვლება: სამხრეთი კორეა თანდათან გადადის უფრო მოქნილ, პრაქტიკულ და ნაკლებად ფორმალურ ჩაცმის სისტემაზე.

იყო პერიოდები, როდესაც სამხრეთ კორეის სასკოლო ფორმა იაპონიის კოლონიური პერიოდის გავლენით ე.წ. გაკურანისა და სეილორფუკუს სტილს ჰგავდა, დღევანდელი კორეული სასკოლო ფორმა კი განსხვავებულია. ბიჭები პიჯაკს, თეთრ პერანგს, ჰალსტუხს/ლენტს და შარვალს იცვამენ, ხოლო გოგონები - მაისურს, ქვედაკაბას, პიჯაკს ან ჟილეტს. სკოლების მიხედვით განსხვავდება ფერები, გერბები და დიზაინის დეტალები. არსებობს სეზონური ვარიაციებიც. ფორმის ტარებას ხშირად თან ახლავს მკაცრი წესები, რომლებიც არეგულირებს არა მხოლოდ ჩაცმულობას, არამედ ვარცხნილობას და ზოგჯერ მაკიაჟსაც, თუმცა ბოლო წლებში ეს შეზღუდვები ნაწილობრივ შერბილდა. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ სასკოლო ფორმების სრული კომპლექტის ღირებულება ხშირად 600.000 ვონს (დაახლოებით 400+ აშშ დოლარს) აღწევს. ამის საპასუხოდ, სამხრეთ კორეის განათლების სამინისტრომ დაიწყო ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5700 საშუალო და უფროსი სკოლის შესწავლა, რათა შეფასდეს ფორმების ფასები, ტენდერების სისტემა და კონტრაქტორების შერჩევა. არსებული სისტემის მიხედვით, რეგიონული განათლების ოფისები ყოველწლიურად ადგენენ ფორმალური სასკოლო ფორმების ფასის ზედა ზღვარს, თუმცა ეს შეზღუდვა ხშირად მხოლოდ კლასიკურ ფორმალურ ტანსაცმელს ეხება და არა ყოველდღიურ ან სპორტულ ტანსაცმელს, რის გამოც ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ მთავრობა გეგმავს ცალკეული ტანსაცმლის კატეგორიებზე ინდივიდუალური ზედა ზღვრის დაწესებას, რაც მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებას. სახელმწიფოს პოლიტიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ სკოლებმა თანდათან უარი თქვან მკაცრად ფორმალურ სასკოლო ფორმებზე და გადავიდნენ უფრო პრაქტიკულ და ყოველდღიურ ტანსაცმელზე ან სპორტულ სტილზე, როგორც ძირითად სასკოლო ჩაცმულობაზე. მთავრობა ცდილობს შეცვალოს სასკოლო ფორმების დაფინანსების სისტემაც: ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 17 საგანმანათლებლო ოფისიდან 13 - 300.000-დან 400.000 ვონამდე დახმრებას გასცემს ოფიციალური ფორმებისთვის, დახმარება გაიცემა ნაღდი ფულით ან ვაუჩერის სახით. ამდენად, სამხრეთი კორეა სასკოლო ფორმებს მთლიანად ჯერ არ აუქმებს, თუმცა ქვეყანა მკაცრი ფორმალური სასკოლო უნიფორმის სისტემიდან უფრო პრაქტიკულ და ეკონომიკურად ხელმისაწვდომ ჩაცმის მოდელზე გადადის.

დიდი ბრიტანეთი

10e97364-72b4-4ac0-8e03-4dd0cc18059e-1776611279.jpg

დიდ ბრიტანეთში სასკოლო ფორმა განათლების სისტემის ერთ-ერთი ძველი ტრადიციაა. მისი წარმოშობა შუა საუკუნეებს უკავშირდება, როდესაც ჯერ კიდევ XIII საუკუნეში, 1222 წელს, კენტერბერის არქიეპისკოპოსის ბრძანებით ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეებს გრძე­ლი მოსასხამის - ე.წ. Cappa Clausa-ს ტარება ევალდებოდათ. ეს ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს სასკოლო უნიფორმის ჩამოყალიბების პირველ ეტაპად. 1552 წელს ლონდონში დაარსებულ Christ’s Hospital-ში პირველად დაინერგა სისტემური და ერთიანი სასკოლო ფორმა, რომლის მიზანიც ობოლი და ღარიბი ბავშვების განათლებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა იყო. ამ სკოლის ფორმა დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ იერს და მოიცავს გრძელ ლურჯ ქურთუკს, მუხლამდე შარვალს ან ქვედაკაბას, ყვითელ წინდებსა და თეთრ საყელოს. ბრიტანეთში სასკოლო ფორმების განვითარება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ე.წ. ელიტურ Public Schools-ში, სადაც ფორმა მხოლოდ წესრიგის ნაწილი კი არა, სოციალური სტატუსისა და ტრადიციის სიმბოლოც გახდა. დღეს დიდ ბრიტანეთში სასკოლო ფორმა კვლავ ფართოდ გამოიყენება, თუმცა მისი დიზაინი თანდათან უფრო მარტივდება. ბევრ სკოლაში მძიმე და მკაცრი ფორმები იცვლება უფრო პრაქტიკული ვარიანტებით, როგორიცაა პოლო-მაისურები, მსუბუქი პიჯაკები და ნაკლებად ფორმალური შარვლები. მიუხედავად ამისა, ელიტური სკოლები კვლავ ინარჩუნებენ ისტორიულ სტილს, რადგან მათთვის ფორმა არა მხოლოდ ჩაცმულობა, არამედ საუკუნოვანი ტრადიციისა და იდენტობის ნაწილია.

ტაილანდი

9bb35c48-0e7b-48bd-97bd-a71293412ae6-1776611279.jpg

ტაილანდში სასკოლო ფორმა განათლების სისტემის მკაცრად რეგულირებული და უნივერსალურ ელემენტია. ის სავალდებულოა თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მათ შორის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებშიც. ბიჭების სასკოლო ფორმა შედგება მუქი ლურჯი, შავი ან ხაკისფერი შორტისგან და თეთრი მოკლესახელოიანი პერანგისგან. ამას ემატება თეთრი ან მუქი წინდები და შავი ან ყავისფერი ფეხსაცმელი. გოგონების ფორმა მოიცავს მუხლამდე მუქ ქვედაკაბას ან შარვალს, თეთრ ან ღია ფერის ზედას და პატარა ბაფთას. ზოგიერთ სკოლაში ფორმაზე ასევე ამოქარგულია მოსწავლის სახელი, ნომერი და სკოლის ემბლემა, რაც უფრო აძლიერებს იდენტიფიკაციისა და ერთიანობის განცდას.

ტაილანდურ სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დისციპლინას არა მხოლოდ ჩაცმულობაში, არამედ მოსწავლეების გარეგნობაშიც. მკაცრად რეგულირდება თმის სიგრძე და ვარცხნილობა. აკრძალულია თმის შეღებვა, ტატუები და გარკვეული ტიპის აქსესუარები. გარდა ყოველდღიური ფორმისა, ტაილანდის სკოლებში კვირაში ერთი დღე, როგორც წესი, ოთხშაბათი, ეთმობა სკაუტურ აქტივობებს, როდესაც მოსწავლეებს აცვიათ სპეციალური სკაუტური ფორმა. მიუხედავად მკაცრი წესებისა, ტაილანდში არის საერთაშორისო სკოლებიც, სადაც ფორმა სავალდებულო არ არის.

იაპონურმა სასკოლო ფორმებმა გავლენა მოახდინა ქუჩის მოდაზეც და შესაბამისად, ისინი საერთაშორისო მოდის ნაწილადაც იქცა

სამხრეთ კორეაში სკოლების მიხედვით განსხვავდება ფერები, გერბები და დიზაინის დეტალები, რაც თითოეულ სკოლას საკუთარ იდენტობას ანიჭებს

ბრიტანეთში სასკოლო ფორმების განვითარება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ე.წ. ელიტურ Public Schools-ში, სადაც ფორმა მხოლოდ წესრიგის ნაწილი კი არა, სოციალური სტატუსისა და ტრადიციის სიმბოლოც გახდა

ტაილანდში სასკოლო ფორმა მკაცრად რეგულირებული და უნივერსალურ ელემენტია. ის სავალდებულოა თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, მათ შორის კოლეჯებსა და უნივერსიტეტებშიც

მარიამ ბუკია