აფხაზები "პასუხს" ითხოვენ მოსკოვის საპატრიარქოსგან
ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალი გამოიწვია მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის, დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის განცხადებამ, რომ დღევანდელი აფხაზები ადიღეელები არიან და კავშირი არა აქვთ იმ ძველ აფხაზებთან, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობდნენ, ეკლესიებს აშენებდნენ და ჰქონდათ საეპისკოპოსო. აღშფოთება დიდი იყო - ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აფხაზეთის თვითაღიარებული ეკლესიის საბჭომ გაავრცელეს განცხადებები, რომ იაკიმჩუკი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზების ეთნოგენეზის შესახებ და ეს შეურაცხმყოფელია აფხაზი ერისთვის. მეტიც, ე.წ. ეკლესიის საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოსგან "ამ მიუღებელი განცხადების" ოფიციალური შეფასებაც მოითხოვა.
რა თქვა რუსმა დეკანოზმა
აპრილის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა დეკანოზ იგორ იაკიმჩუკის ვიდეოჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ 1992-93 წლების ომის დროს აფხაზებმა გააძევეს ქართველი და ბერძენი მოსახლეობა, შესაბამისად, მთელი ქართველი სამღვდელოება წავიდა. სოხუმში მხოლოდ ერთი სასულიერო პირი დარჩა, ბესარიონ აპლია, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ნაკურთხი იყო. "აპლია დღემდე საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური კლერიკოსია, მიუხედავად მისი (ანტიქართული) რიტორიკისა. შეიძლება ითქვას, ეს აუცილებლობის ხარკია - აფხაზეთში რთულია არსებობა ისე, რომ საქართველო არ დაწყევლო", - ამბობს ის. მისივე თქმით, "რუსეთის ეკლესია პატივს სცემს საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ საზღვრებს და პოლიტიკური საზღვრების ცვლილება არ ნიშნავს საეკლესიო საზღვრების ცვლილებას, - თუმცა დასძენს, რადგან აფხაზები არ შეუშვებენ ქართველ მღვდლებს, მოსკოვის საპატრიარქო სხვადასხვა რუსული ეპარქიის შტატგარეშე კლერიკოსებს გზავნის აფხაზეთში.
რუსი დეკანოზი ასევე ეხება აფხაზების პრეტენზიებს: "აფხაზების ოფიციალური რიტორიკა ასეთია, ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და დამოუკიდებელი ეკლესია უნდა გვქონდეს, რადგან ვითომ ოდესღაც აფხაზეთის საკათალიკოსო არსებობდა. თუმცა ამ ტერმინში გაუგებრობაა - ვის უწოდებენ აფხაზს? აფხაზები, რომლებსაც საკათალიკოსო ჰქონდათ, არ არიან იგივე აფხაზები, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ. დღეს აფხაზეთში მცხოვრები აფხაზები, უფრო სწორად, ადიღეელები არიან, რომლებიც გვიან დასახლდნენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც IV საუკუნეში აქ ტაძრები ააშენა, სამხრეთისკენ წავიდა. აფხაზეთში არის IV საუკუნის ტაძრები, რომლებიც ამ აფხაზების აშენებული არ არის. IV საუკუნეში აფხაზებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა იყო ქრისტიანობა. აქ მცხოვრებ ხალხსაც აფხაზებს უწოდებდნენ, მაგრამ სხვა აფხაზები იყვნენ. მოკლედ, ორი განსხვავებული ხალხი ერთსა და იმავე სახელს იყენებს", - განაცხადა მან.
სწორედ "ადიღეელებად" მოხსენიება გახდა აფხაზების აღშფოთებისა მიზეზი. სოციალურ ქსელებში დაიწერა, რომ საჩივარი უნდა გაიგზავნოს მოსკოვის პატრიარქთან და თუკი პატრიარქი კირილი არ დაგმობს დეკანოზს, რუსი მღვდლებიც უნდა გაყარონ.
ხალხის აღშფოთების კვალდაკვალ განცხადება გაავრცელა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ დეკანოზის განცხადება პროვოკაციული და მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ აფხაზებმა გააძევეს ქართველი მოსახლეობა და აფხაზეთში ქართველების მიმართ ანტაგონისტური რიტორიკის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ეს "ხელოვნურად ამკვიდრებს აფხაზი ხალხის აგრესორის იმიჯს".
"სამინისტრო" ასევე დამამცირებელს უწოდებს აფხაზი ხალხის ეთნოგენეზზე იაკიმჩუკის შეფასებებს: "აფხაზების "ადიღედან ჩამოსახლებულებად" წარმოჩენის მცდელობა არის პავლე ინგოროყვას ანტიმეცნიერული მემკვიდრეობის რეტრანსლირება.…"დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი ავრცელებს დამახინჯებულ ნარატივებს, რაც იმეორებს საქართველოს ეკლესიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის რიტორიკას".
ვრცელი გამოხმაურება ჰქონდა აფხაზეთის არაღიარებული ეკლესიის საბჭოსაც. მათი მტკიცებით, "აფხაზეთის ეკლესიას" სამოციქულოს უწოდებენ, რადგან 12 მოციქულიდან ორი, სიმონ კანანელი და ანდრია პირველწოდებული, ჩავიდა აფხაზეთში. ასევე აღნიშნავენ, რომ 325 წელს პირველ საეკლესიო კრებაზე პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილოსი მონაწილეობდა. "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს აღადგინოს აფხაზეთის კათოლიკოსატი მოსკოვის საპატრიარქოსთან ერთიანობაში, მიუხედავად იაკიმჩუკის პირადი აზრისა, გვჯერა, რომ მას მოუწევს პასუხის გაცემა ეკლესიის კანონიკის მიხედვით მოსკოვის პატრიარქის წინაშე და მისი უწმინდესობა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი, რომელიც ჩვენი აფხაზი ეპისკოპოსია, სათანადო შეფასებას მისცემს მის მიუღებელ განცხადებებს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს".
"დღევანდელი აფხაზები აფსუები არიან - ეს უკვე რუსეთის ეკლესიაშიც თქვეს"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - აფხაზეთის დე ფაქტო კანონში "მოქალაქეობის შესახებ" წერია, რომ აფხაზეთის მოქალაქე შეიძლება იყოს ყველა აფხაზი და ფრჩხილებში წერია - აბაზა. დღევანდელი აფხაზები არიან აბაზები, XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ჩერქეზულ-ადიღეური ტომი. ვინც იქ აღშფოთებულია, ყველამ იცის, მისი შორეული წინაპარი საიდან არის. ადრე რუსმა მღვდელმა და პროფესორმა ანდრეი კურაევმა, რომელიც დღეს განდევნილია რუსული ეკლესიიდან, იგივე განაცხადა, დღევანდელი აფხაზები აფსუები არიანო. თუმცა კურაევი რიგითი მღვდელი იყო, ახლა კი იგივე მოვისმინეთ რუსეთის ეკლესიის ოფიციალური პირისგან და ამან გამახარა. რუსეთის ეკლესიაში იციან რეალური ვითარება და ასე საჯაროდ თქმა მისასალმებელია.
პავლე ინგოროყვას სახელი აქვთ ხელზე დახვეული - 50-იან წლებში მისი ნაშრომი გააკრიტიკეს და მერე დაიმახსოვრეს ეს გვარი. არადა, ინგოროყვა საერთოდ მოვლენილი არ იყო დედამიწაზე, როდესაც ევროპელი და რუსი მეცნიერები წერდნენ ამ საკითხზე. ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს მოსაზრება გაჩნდა მე-19 საუკუნეში - რუსეთში მოღვაწე ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე წერდა ამაზე. ცოტა ადრე უცხოელი ავტორები, რომლებიც კავკასიას იკვლევდნენ, ამბობდნენ, რომ ეს ჩამოსახლებული ხალხია. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც თითქმის თანამედროვე იყო ჩამოსახლების პროცესის, ამბობს, ისინი შემოდიან და სახლდებიან და მოქვში აღარ არიან ეპისკოპოსებიო. მანამდე ადგილობრივი აფხაზი მოსახლეობა ქართველი იყო, დიდი ალბათობით, მეგრელები, რომლებიც შემდეგ ნაწილობრივ სამეგრელოსა და იმერეთში გადავიდნენ. ეს ტაძრების კედლებზეც ჩანს, ყველგან ქართული წარწერებია. ბიჭვინთაში აღმოჩენილია IV საუკუნის ტაძრის საძირკველი. შესაძლოა მაშინ მსახურება ბერძნულად მიმდინარეობდა, თუმცა XII საუკუნის ბიჭვინთისა და XIII საუკუნის მოქვის ოთხთავები ქართულ ენაზეა. როცა აფხაზები საკათალიკოსოზე საუბრობენ, ეს VIII-X საუკუნეებს ეხება და მაშინ ღვთისმსახურება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, კათალიკოსებს კი ქართული გვარები ჰქონდათ, ეს დოკუმენტურად დასტურდება. უკვე XVI საუკუნის ბოლოდან ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩერქეზულ-ადიღეური ტომები იწყებენ ჩამოსახლებას, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი გაიქცა, ნაწილი ტყვედ აქციეს და შემდეგ საუკუნეების განმავლობაში გაააფხაზეს. ეს ხდება იმ პერიოდში, როცა საქართველო დაქუცმაცებულია, შიდა დაპირისპირებებია სამეფო-სამთავროებს შორის - დასავლეთს თურქეთი აკონტროლებს, აღმოსავლეთს - ირანი. არსებობს ცნობები, რომ მე-17 საუკუნეში ასამდე მღვდელი დახოცეს, ვინც ვერ მოასწრო გაქცევა. ისინი წმინდანებად უნდა გამოცხადდნენ, თუმცა ეს სენსიტიურობას ქმნის აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაში. პეტრე პირველის დროინდელი რუსი ისტორიკოსი ტატიშჩევიც აღნიშნავს, რომ თანამედროვე აფხაზეთი ჩრდილოეთი სამეგრელოა, რომელიც ყუბანელებით არის დასახლებული - ასე ეძახდნენ ჩერქეზებს და ყაბარდოელებს.
აფხაზები განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ, როცა მსგავს განცხადებებს არაქართველები აკეთებენ. არა მგონია, მოსკოვიდან ამას რეაგირება მოჰყვეს. იქ ამას არასერიოზულად აღიქვამენ. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი შემთხვევით ასე დეტალურად არ იტყოდა, ეს უბრალო განცხადება არ არის. რა შედეგები ექნება, ვერ ვიტყვი, თუმცა ერთი ცხადია, რუსეთის ეკლესიამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა აფხაზეთის საკათალიკოსო და დღევანდელი აფხაზური ყალბი ეკლესიის აღიარება არ იქნება. ამას მივესალმები.
"საქმე გვაქვს გარიგებასთან - მოსკოვი აფხაზურ ეკლესიას არ აღიარებს"
კახა გოგიშვილი, თეოლოგი: - აფხაზები და მათი სეპარატისტული ხელისუფლება ძველი აფხაზეთის საკათალიკოსოს არსებობას იყენებენ არგუმენტად, რომ მათ ეკუთვნით საკუთარი ავტოკეფალური ეკლესია, ან სულ მცირე, ცალკე სამიტროპოლიტო ეპარქია, რომელიც რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში იქნება. იაკიმჩუკმა ხაზი გაუსვა, რომ ძველი აფხაზეთის საკათალიკოსო არ იყო თანამედროვე აფხაზთა, აფსუათა საკათალიკოსო. ამაზე საუბრობდა თეოლოგი და ფილოსოფოსი ანდრეი კურაევი. პროტოდიაკონი კურაევი 2010-2011 წლებში აფხაზეთში იმყოფებოდა, ნახა იქაური ეკლესიები და ადგილობრივი სიტუაციის ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ აფხაზეთში დღეს მცხოვრებ აფხაზებს კულტურული თვალსაზრისით არაფერი აქვთ საერთო აფხაზეთის ისტორიულ საეკლესიო მემკვიდრეობასთან. მაშინაც სეპარატისტებს აგრესიული გამოხმაურება ჰქონდათ. ახლა იგივე გაიმეორა იაკიმჩუკმა. მან თქვა, რომ "აფხაზეთის ეკლესია" საქართველოს ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა. საქმე გვაქვს ერთგვარ გარიგებასთან საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის - ქართული ეკლესია არ აღიარებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას რუსეთისგან, სანაცვლოდ კი რუსეთი არ ცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სამრევლოების დამოუკიდებლობას მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქციისგან.
რაც შეეხება ისტორიულ რაკურსს: სეპარატისტების ერთი ჯგუფი ითხოვს აფხაზეთში არსებული სამრევლოებისა და ეკლესიების ერთ ეპარქიად გარდაქმნას, რომელიც რუსულ იურისდიქციაში შევა. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ბესარიონ აპლია. არსებობს მეორე ჯგუფიც - დოროთე დბარი, რომელიც კიდევ უფრო შორს მიდის და დამოუკიდებელ ეკლესიაზე საუბრობს. დბარი ახალი ათონის მონასტერშია, შექმნა "ბიჭვინთის სამიტროპოლიტო" და დამოუკიდებლობის მოთხოვნას ამყარებს იმაზე, რომ აფხაზებს IV საუკუნეში ჰქონდათ საკუთარი საეპისკოპოსო და პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე მონაწილეობდა ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში. ისტორიულად ცნობილი არ არის, ვის იურისდიქციაში იყო სტრატოფილე. ისტორიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ის არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ეკლესიას - ის ბერძენი ეპისკოპოსი იყო და ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი ეპისკოპოსის სტატუსით ესწრებოდა კრებას და არა აფხაზეთის სახელით. იმხანად აფხაზეთს დამოუკიდებელი ეკლესია არ ჰქონია. მეტიც, მაშინ არც საქართველოს ეკლესია იყო ავტოკეფალური, ამიტომ ეს არგუმენტი საფუძვლად ვერ გამოდგება. რაც შეეხება აფხაზთა საკათალიკოსოს, ის მართლაც არსებობდა - ისტორიკოსთა ნაწილის აზრითთ, X საუკუნიდან, ნაწილის აზრით, XIII საუკუნიდან. თუმცა აფხაზთა კათალიკოსი დამოუკიდებელი ეკლესიის მეთაური არ ყოფილა, ის მცხეთის კათალიკოსს ექვემდებარებოდა. ამასთან, ეს იყო ქართული ეკლესია და მას კავშირი არ აქვს თანამედროვე აფხაზურ ეთნოსთან, აფსუებთან. ყველა ისტორიული წყარო, იქნება ეკლესიებზე არსებული წარწერები თუ დოკუმენტები, ქართულ ენაზეა და არ იძლევა ეთნიკური სხვაობის ნიშანს.
რატომ გაახსენდათ ეს ახლა? რუსეთის საპატრიარქოს მიერ აფხაზური თემის, ერთი შეხედვით, "პროქართული" კუთხით გაშუქება, ერთი მხრივ, შესაძლოა გათვლილი იყოს საქართველოს ახალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევამდე ანტირუსული განწყობების შესამცირებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მომავალში ამგვარად "მოთაფლული" ახალი პატრიარქის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხის გადახედვის პერსპექტივის თავიდან ასაცილებლად.
ეკატერინე ბასილაია