უნგრელი ტრიუმფატორი ანუ ვინ არის სინამდვილეში პეტერ მადიარი
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში პეტერ მადიარმა ტრიუმფალურად გაიმარჯვა და დაასრულა ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, თუ ვინ არის ის და როგორ გახდა უნგრეთის მთავარი პოლიტიკური ფიგურა.
პეტერ მადიარი (უნგრულად მისი გვარი ნიშნავს "უნგრელს") 1981 წლის 16 მარტს ბუდაპეშტის ელიტურ ოჯახში დაიბადა. მშობლები იურისტები ჰყავდა. მისი ბაბუა, ერეშ პალი, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე და ტელევარსკვლავი იყო (მიჰყავდა გადაცემა "იურიდიული საქმეები"). პეტერის ნათლია მისი ბებიის ძმა, ფერენც მადლი გახლდათ, რომელსაც 2000-2005 წლებში ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. თავად მადიარმაც იურისტის პროფესია აირჩია.
პეტერ მადიარი ვიქტორ ორბანის მხარდამჭერი იყო (პირველად 1996 წელს შეხვდა, როდესაც პარტია "ფიდესის" ლიდერი სტუდენტებს ხვდებოდა). 2002 წელს მადიარმა ისე განიცადა ორბანის პარტიის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება, რომ პარტია "ფიდესში" შევიდა. 2005 წელს პეტერ მადიარმა გაიცნო 25 წლის იუდიტ ვარგა, რომელიც ასევე იურისტი გახლდათ. ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ. 2012 წელს წყვილი ბრიუსელში გადავიდა, რადგან ვარგა ევროპარლამენტარის თანაშემწედ დაინიშნა.
როცა ცოლი მინისტრია...
2012 წელს უნგრეთში დიდი ამბები მოხდა - ვიქტორ ორბანმა არჩევნებში გაიმარჯვა. 2011 წელს ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვალა და პრემიერის ხელში ძალაუფლების მეტი კონცენტრაცია მოხდა. თავიდან მადიარი ამას მხარს უჭერდა, რადგან მიიჩნევდა, რომ 2008 წლის კრიზისის შემდეგ ქვეყანას "მკაცრი ხელი" სჭირდებოდა. 2018 წელს მადიარი და მისი მეუღლე (უკვე სამი შვილი ჰყავდათ) ბუდაპეშტში დაბრუნდნენ. ვარგა ჯერ ორბანის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივანი იყო, 2019 წელს კი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ბედის ირონიაა, მაგრამ მაშინ პრესა წერდა, რომ ვარგა პრემიერის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა და შესაძლოა ორბანის ერთ-ერთი მემკვიდრეც ყოფილიყო.
თავად მადიარი სტუდენტური კრედიტების ცენტრის გენდირექტორი და ერთ-ერთი სახელმწიფო ბანკის დირექციის ხელმძღვანელი იყო.
2023 წლის მარტში პეტერ მადიარი და იუდიტ ვარგა ერთმანეთს დაშორდნენ.
ყოფილი ცოლის დანგრეული კარიერა და მადიარის აღმასვლა
2023 წლის აპრილში უნგრეთის პრეზიდენტმა კატალინ ნოვაკმა ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის მოადგილე ენდრე კონი შეიწყალა. კონი და ყოფილი დირექტორი 2021 წლიდან ციხეში ისხდნენ: დირექტორი - პედოფილიისთვის, კონი კი დანაშაულის დაფარვისთვის. ამან უნგრეთში უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. მადიარის ყოფილი ცოლი ვარგა პოლიტიკიდან წავიდა, რადგან სკანდალური შეწყალება მან დაამოწმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა.
იმავე დღეს პეტერ მადიარმა სოცქსელში დაწერა, რომ ტოვებდა ყველა თანამდებობას სახელმწიფო კომპანიებში: "არ მინდა ვიყო იმ სისტემის ნაწილი, რომლის ლიდერებიც ქალების კაბებს ეფარებიან. მე დიდხანს მჯეროდა ეროვნული და სუვერენული უნგრეთის იდეის. თუმცა დღეს დავრწმუნდი, რომ ეს მხოლოდ ლამაზი შეფუთვაა, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: ხელისუფლების სისტემის საქმიანობის დაფარვას და დიდი ქონების დაგროვებას".
მეორე დღეს მადიარი ერთ-ერთ დამოუკიდებელ "იუთუბარხს" ესტუმრა და ორსაათიანმა ინტერვიუმ ის ლამის ეროვნულ გმირად აქცია. მადიარი საუბრობდა უნგრეთის ხელისუფლების კორუმპირებულობასა და ბნელ საქმეებზე. ინტერვიუს მთავარი წარმატება ის იყო, რომ ამას ამბობდა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი, რომელმაც იცის, როგორ არის იქ აღრეული პოლიტიკა, სპეცსამსახურები და ბიზნესი. იყო სხვა მომენტიც - უნგრეთის ოპოზიცია საზოგადოების დიდ ნაწილს უკვე ყელში ჰყავდა ამოსული, მადიარის სახით კი დაინახეს ახალგაზრდა და ქარიზმატული ლიდერი. მადიარმა განაცხადა, რომ პარტიას ქმნიდა, რომელშიც გაწევრება ყველა იმ უნგრელს შეეძლო, რომელთაც სამშობლოს ბედი აღელვებდათ.

ყოფილების სკანდალი ანუ ვინ ვის სცემდა
2024 წლის მარტში მადიარმა გამოაქვეყნა საუბარი სყოფილ ცოლთან, იუდიტ ვარგასთან. საუბარი 2023 წლის იანვარში, სამზარეულოში შედგა. მოკლედ, ჩანაწერში ცოლი ქმარს უყვება, თუ როგორ იქცა უნგრეთის ხელისუფლება მაფიოზურ სისტემად. თავად ვარგა ირწმუნება, რომ მეუღლემ ფარულად ჩაწერა და ერთი წლის განმავლობაში მისი გამოქვეყნებით აშანტაჟებდა: "მან ჩანაწერი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. ასეთი ადამიანი ნდობას არ იმსახურებს. ეს გააკეთა ადამიანმა, რომელსაც სამი ვაჟი ვაჩუქე და რომელსაც ბევრჯერ მივეცი შანსი, ყველაფერი თავიდან დაგვეწყო, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობაში ძალადობა იყო".
რა თქმა უნდა, სამთავრობო მედიამ ვარგას განცხადება, რომ ქმარი მას სცემდა, თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ორბანის მთავარმა რუპორმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით "ცინგლიანი", რომელშიც მადიარს ნულს უწოდებდა და ამტკიცებდა, პეტერმა ყველაფერს თავისი მეუღლის საშუალებით მიაღწია, რომელმაც ის, ბოლოს და ბოლოს, მიატოვა.
ვალში არც პეტერ მადიარი დარჩა: "ჩემი შვილების დედაზე ხელი არასოდეს ამიწევია, მას კი ჩემზე ბევრჯერ - მუშტებითაც, ფეხითაც, მოწმეების თანდასწრებითაც და დახურულ კარს მიღმაც". მადიარი აცხადებდა, რომ მთელი ეს კამპანია მის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. სხვათა შორის, ყოფილი ცოლ-ქმრის სკანდალზე ჟურნალისტებმა კომენტარი ორბანსაც სთხოვეს. "მე სახელმწიფო საქმეებით ვარ დაკავებული და არა საპნის ოპერებით", - იყო ორბანის პასუხი.
ძველი პარტია ახალი ლიდერით
2024 წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნები იყო დაგეგმილი. პეტერ მადიარი პარტიის დაარსებას ვეღარ ასწრებდა, ამიტომაც 2024 წლის აპრილში განაცხადა, რომ ის და მისი მომხრეები არჩევნებში მონაწილეობას პარტიიდან "პატივისცემა და თავისუფლემა" მიიღებდნენ (უნგრული აბრევიატურა "ტისა"). ეს იყო მარგინალური პარტია, რომელიც ორმა მოხუცმა დააარსა. უნგრეთის დროშის ფერებით მოხატული სატვირთო ავტომანქანით ქვეყანაში მოგზაურობდნენ და შემდეგ "იუთუბზე" ვიდეოებს დებდნენ.
მადიარს სხვა ოპოზიციონერებისგან სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა გამოარჩევს. 2024 და 2026 წლების არჩევენებისას მისი მთავარი "ბრენდი" იყო რეგიონებში რამდენიმედღიანი ტური, რომლის დროსაც მადიარი ამომრჩეველთან დღეში 4-6 შეხვედრას მართავდა. მიტინგების აუცილებელი ატრიბუტი იყო მადიარის სიტყვით გამოსვლა, სპონტანურ შეკითხვებზე პასუხი და სელფი ნებისმიერ მსურველთან, ყოველი შეხვედრა კი უნგრეთის ყველაზე პოპულარული სიმღერის "შემოდგომის ქარი" შესრულებით მთავრდებოდა. 2024 წლის ივნისში "ტისამ" ხმების 30% მიიღო და ევროპარლამენტში 7 კაცი გაიყვანა.
2026 წლის 12 აპრილის არჩევნები
2026 წლის არჩევნებისთვის მზადება პეტერ მადიარმა ჯერ კიდევ 2025 წელს დაიწყო. ხანგრძლივი ტურები რეგიონებში, დღეში რამდენიმე შეხვედრა, ისეთ სოფლებშიც კი მიდიოდა, სადაც ადგილობრივი საბჭოების დეპუტატებიც კი არ იყვნენ ნამყოფი. სიტყვით გამოსვლისას მადიარი აქცენტებს აკეთებდა ეკონომიკურ, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, კორუფციასთან ბრძოლასა და ვიქტორ ორბანის საგარეო პოლიტიკის კრიტიკაზე. თუმცა მადიარი შეეცადა იმათი ხმებიც მიეღო, რომლებიც ორბანს მხარს მისი კონსერვატორული და ნაციონალისტური იდეების გამო უჭერდნენ. მადიარი მხარს უჭერდა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, ფრთხილად საუბრობდა ლგბტ თემთან დაკავშირებულ საკითხებზე და ა.შ. მისი გუნდი ძირითადად ბიზნესის წარმომადგენლებისგან შედგება. რაც მთავარია, მან სოციალურ ქსელში საინფორმაციო ომი პირწმინდად მოუგო ორბანის მიერ კონტროლირებად მედიას. პეტერ მადიარის წარმატების მთავარი მიზეზი კი აი რა იყო: პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, უნგრეთის საზოგადოება ისე დაიღალა ორბანის მმართველობით, რომ ერთ რამეში მიაღწიეს შეთანხმებას - დღეს უნგრეთისთვის მთავარია ძველი ლიდერი შეიცვალოს და "შემდეგ რამე გამოჩნდება".
"ბოლოს და ბოლოს, მასზე ხომ არ ვქორწინდებით"
მადიარის გასაშავებელი კამპანია მასშტაბური იყო. თუმცა ვერ ერთმა ბრალდებამ მის რეიტინგზე ვერ იმოქმედა. მათ შორის იმანაც, რომ უწოდებდნენ ოჯახის, პარტიისა და სამშობლოს გამყიდველს.
2024 წელს მასზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასაც კი აპირებდნენ. ერთ-ერთ ღამის კლუბში მთვრალმა მადიარმა მამაკაცს ტელეფონი წაართვა (ის ცდილობდა გადაეღო, თუ როგორ ცეკვავდა უნგრეთის მომავალი პრემიერი) და მდინარეში გადაუგდო. მადიარმა პროკურატურის საპასუხოდ განაცხადა, რომ აჯობებდა სახელისუფლებო კორუფცია გამოეძიებინათ. საბოლოოდ საქმე ვერ აღძრეს.
მოგვიანებით პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ორბანის გარემოცვა "რუსული სტილით" მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას აპირებდა, მაგრამ ვიდეო სოცქსელებში არ გამოჩენილა.
თუმცა მადიარს მხოლოდ ორბანის მხრიდან არ ესხმოდნენ თავს. კოლეგა ოპოზიციონერები (რომლებიც მადიარის გამოჩენამდე უშედეგოდ ებრძოდნენ ორბანს) მას ამპარტავნობასა და ეგოისტობაში ადანაშაულებდნენ. ამბობდნენ, რომ "ტისა" თანდათანობით ემსგავსება "ფიდეს" (მას ხშირად ახსენებენ, რომ ორბანის პარტიის წევრი იყო); აბრალებდნენ, რომ თანაგუნდელების ნაწილს ინტერვიუების მიცემა აუკრძალა და ა.შ.
"როგორიც არ უნდა იყოს პიროვნულად, ბოლოს და ბოლოს, მასზე ხომ არ ვქორწინდებით. მთავარია, იყოს ისეთი, რომელიც ორბანს წარსულში დატოვებს", - თქვა ერთ-ერთმა მისმა მომხრემ.
გიორგი კვიტაშვილი