„ჯერ ნახეთ, მერე განსაჯეთ!“ - „ხალხის სიყვარულმა გადამარჩინა, თორემ მარტივი დღეები ნამდვილად არ იყო“
რუსთაველის ეროვნულ თეატრში რობერტ სტურუას მიერ დადგმულმა "ვეფხისტყაოსანმა" საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწარმოების თეატრალური ინტერპრეტაცია ნაწილმა სიახლედ და საინტერესო ხედვად მიიჩნია, ნაწილმა კი ტრადიციული აღქმისგან დაშორებად. განსაკუთრებული ყურადღება თინათინმა მიიპყრო, ნაწარმოების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა გმირმა, რომელიც სიბრძნისა და ღირსების სიმბოლოდ გვევლინება. თინათინის სცენური სახე მსახიობმა ქეთი სვანიძემ შექმნა, ის თავად გვესაუბრება, როგორი იყო პერსონაჟზე მუშაობის 2-წლინი პროცესი და პრემიერის შემდგომი ხმაურიანი დღეები.
- "ვეფხისტყაოსანზე" მუშაობის პირველივე დღიდან ვიცოდით, რომ სპექტაკლს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ველოდებოდით კრიტიკასაც, რაც რუსთაველის თეატრისთვის უცხო ნამდვილად არ არის. რატომღაც კრიტიკის ქარცეცხლში ის ადამიანები უფრო გვახვევენ, ვისაც სპექტაკლი ნანახი არა აქვთ. არც მსახიობების მისამართით არის მართებული იმ ეპითეტების გამოყენება, რაც ამ სპექტაკლს მოჰყვა. უბედნიერესი ვარ, რომ ამ დღეებში გაცილებით მეტი თბილი სიტყვა მოვისმინე, ვიდრე უარყოფითი. თეატრში 800 მაყურებლამდე ეტევა და ყველა ჩვენებამ ძალიან კარგად ჩაიარა. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც წარმოდგენას დაესწრო, სპექტაკლი კარგად მიიღო, რაოდენ ხმამაღალ ნათქვამადაც არ უნდა ჩამეთვალოს. მადლიერი ვარ იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჩემი ახლობლებისგან და რაც მთავარია, უცხო ადამიანებისგან მივიღე.
- თუმცა იყო ძალიან დიდი კრიტიკა თინათინის თამამ ჩაცმულობაზე, სასიყვარულო სცენაზე... რას ეტყვით ამ ადამიანებს?
- სოცქსელებში ბევრი რამ არ წამიკითხავს, დროც არ მქონდა. იმდენად ბევრი ზარი შემოდიოდა ჩემს ტელეფონზე, ამდენი ლაპარაკისგან ხმაც კი დავკარგე. ადამიანებს, რომლებსაც სპექტაკლი არ უნახავთ და თინათინი ვერ მიიღეს, პასუხს ვერ გავცემ. მხოლოდ ცუდად დამონტაჟებული, მოჭრილი კადრების ნახვით შემოიფარგლებიან, ფოტოები მოახლოებულია, გადათეთრებულია, ცუდად რომ წარმოჩენილიყო.

- გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია?
- ცუდად არის სცენები ამოჭრილი. ვინც თეატრში მოვა, დამიჯერეთ, მას სცენაზე სულ სხვა რამ დახვდება. სასიყვარულო სცენა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ძალიან ესთეტიკურადაა გაკეთებული. ამ აჟიოტაჟმა ბევრ ისეთ ადამიანსაც მოანდომა სპექტაკლზე მოსვლა, ვინც ამას არ ფიქრობდა.
- კრიტიკის ნიაღვარზე თქვენი ოჯახის წევრებს რა რეაქცია ჰქონდათ.
- სასაცილოდ არ ეყოთ ის, რაზეც ამბავი ატყდა. უკვე რამდენიმე ჩვენება გვქონდა და ბევრი დარწმუნდა, რომ ეს ხმაური ხელოვნურად მოაწყვეს... ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიღებ. მე ვარ ადამიანი, რომელიც კრიტიკაზე იზრდება, როგორც პროფესიონალი. ცხოვრებაში ისეთ რამეს არასდროს გავაკეთებ, რაც ჩემს ოჯახს შეარცხვენს. საკუთარ თავსაც არასდროს შევარცხვენ. ბატონ რობერტს ბოლომდე ვენდობი, ჩვენ ერთად არაერთ სპექტაკლზე გვიმუშავია, თამამი სცენებიც ყოფილა, მაგრამ ლამაზი და ესთეტიკური. მან ყველაზე კარგად იცის, როგორ გააკეთოს კონკრეტული სცენის საუკეთესო ვერსია. მადლიერი ვარ, ბოროტებას ბოროტებით ვერ ვუპასუხებ, მაგრამ კარგი იქნება, ადამიანები თუ გაითვალისწინებენ, რომ ყველა არ არის ძლიერი ფსიქიკის, მსახიობებიც ხომ რიგითი ადამიანები ვართ. სიძულვილის ენას ყველა ერთნაირად ვერ უძლებს, შეიძლება მსახიობი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანო, საქმიანობა ვეღარ გააგრძელოს. თან რომ არ გინახავს და ისე ლაპარაკობ, ეს სწორია?! ჯერ ნახე და მერე ილაპარაკე! ყველას მოსაწონი რომ ვერ ვიქნებით, ესეც გასაგებია.
მე ხალხის სიყვარულმა გადამარჩინა, თორემ მარტივი დღეები ნამდვილად არ იყო. მყავს მეუღლე, შვილი, დედა, ახლობლები... მადლიერი ვარ, მხარში რომ დამიდგნენ, როგორც ჩემი, ასევე ჩემი მეუღლის ნათესავები. ისინი ძალიან კარგად მიცნობენ, ბევრი პრემიერაზეც იყო და სასაცილოდაც არ ჰყოფნით ეს ხელოვნური აჟიოტაჟი.
ბედნიერი ვარ, რეჟისორმა თინათინის როლის შესრულება რომ მანდო. 2 წელი ვმუშაობდით, უამრავი ვერსია და ძალიან მაგარი სცენები გვქონდა დადგმული, ნაწილი სპექტაკლში არც შევიდა და საბოლოოდ ის სახე მიეცა, რაც მაყურებელმა ნახა. ბატონმა რობიკომ თინათინის პერსონაჟი კიდევ სხვაგვარად დამანახა. ის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. როცა ნაწარმოებს კითხულობ, შეიძლება ყველა დეტალი მძაფრად ვერც შეიგრძნო, მაგრამ როცა უღრმავდები, სულ სხვა განცდები მოაქვს. ბავშვი, რომელსაც სიცოცხლე უხარია, წამში ხდება არაბეთის მმართველი, ის ბევრ ბრძოლას გადის, რადგან მეფობა არ უნდა. თინათინს ძალიან ბევრი "ფერი" აქვს და ამით ურთულესი შესასრულებელია. პრემიერებზე ყველაზე მეტად იმას ვნერვიულობდი, არც ერთი დეტალი, არც ერთი ემოცია არ გამომრჩენოდა. მსახიობი ვერც კი იოცნებებს ერთ როლზე, რომელშიც ამდენი სათამაშო ექნება... წარმოიდგინეთ, თინათინი ჯერ არის ბავშვი, მერე მეფე, შვილი, შეყვარებული... არ უნდა მმართველი იყოს, რადგან მმართველობას ხასიათის სიმკაცრე მოაქვს... 80 წუთში ამ ყველა ემოციის თამაში მსახიობისთვის უდიდესი ბედნიერებაა. დანარჩენი მაყურებელმა განსაჯოს...

საკუთარი თავის პიარით არასდროს გამოვირჩევი, ის გზა, რომელიც დღემდე გამოვიარე, არ იყო მარტივი. ბევრი სირთულე დავძლიე და მიღწევად ვთვლი, რომ რობერტ სტურუას სპექტაკლებში ვთამაშობ, რომ გია ყანჩელთან მიმუშავია, ჯანსუღ კახიძესთან ბავშვთა გუნდში ვმღეროდი...
- იმ სცენებზე, რომელიც სპექტაკლში არ შევიდა, გული დაგწყდათ?
- რობერტ სტურუამ ყველაზე კარგად იცის, საბოლოოდ რა დატოვოს. ზოგიერთი ამბობს, 2 წელი ამას აკეთებდითო? მხოლოდ ამას არ ვაკეთებდით, ეს იყო ძიების პროცესი. რეჟისორი ჩვენთან ერთად ეძებდა, რა და როგორ გაეკეთებინა, მსახიობებს აზრს გვეკითხებოდა. ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი, რთული და დაძაბული რეპეტიციები, რაც კი აქამდე გამივლია. ეს ბუნებრივია, ჩვენ ხომ ჩვეულებრივ პიესაზე არ ვმუშაობდით?! ვისაც არ უნახავს, როგორია რობერტ სტურუა რეპეტიციებზე, ვერასდროს მიხვდება, რამდენად დიდი ადამიანია. მასთან მუშაობა მარტივი არ არის, შეიძლება გეჩხუბოს, შეიძლება ტირილამდეც მიგიყვანოს, მაგრამ სულ გიხსნის, რომ ის იმ წუთში ქეთის არ ეჩხუბება, ის საქმისთვის ჩხუბობს. ამ სპექტაკლში მაქსიმალური შემაძლებინა, სული ამომიღო, რომ ისე გამეკეთებინა, როგორც მას უნდოდა.
- ლევან ხურცია და თქვენ მეგობრები ხართ, სასიყვარულო სცენის თამაში რთული არ იყო?
- ლევანს მეგობარსაც ვეღარ ვუწოდებ, ოჯახის წევრია. პარტნიორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საკვანძო სცენის თამაში ყველაზე რთული იყო. მხარში მედგა, სულ ცდილობდა, დამხმარებოდა. იყო გარკვეული უხერხულობაც, მით უმეტეს სასიყვარულო სცენის თამაშისას. მე და ლევანს ასეთი სცენა სხვა სპექტაკლშიც გვითამაშია, მაგრამ აქ კიდევ სხვაგვარ შინაგან სიმართლეს მოითხოვდა. მადლობა ლევანს, ის, როგორც მსახიობი, კიდევ ერთხელ თავიდან აღმოვაჩინე. ის არ არის მსახიობი, რომელიც სცენაზე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
- სოციალურ ქსელში ლევან ხურციამ მხარდამჭერი პოსტი მოგიძღვნათ.
- ყველაზე სასიამოვნო მისი ოჯახის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა იყო. მსახიობები ყველაფერზე ვმსჯელობთ, იმაზეც, როგორ მიიღებენ ჩვენს როლებს ოჯახის წევრები. რომ არა ლევანი, ალბათ ასეთი თინათინი არ გამომივიდოდა.
არ შემიძლია, არ ვახსენო დავით უფლისაშვილი და ახალგაზრდები, რომლებიც ამ სპექტაკლში თამაშობენ. ამ პირველ ნაწილში ერთადერთი ქალი პერსონაჟი ვიყავი, ჩემზე დიდი დატვირთვა მოდიოდა და ყველა მხარში მედგა. რუსთაველის თეატრში ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოვიდა, მათაც გაუმართლათ, რომ მოხვდნენ ამ თეატრსა და ამ სპექტაკლში. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის მადლობელი ვარ, ერთად ბევრი სირთულე დავძლიეთ. ბედნიერები ვართ, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებთ, "ვეფხისტყაოსანში" მოვხვდით და ვთამაშობთ. დანარჩენი მაყურებელმა განსაჯოს, მაგრამ ჯერ ნახოს და მერე განსაჯოს!
თამუნა კვინიკაძე