"ჩვენი პატრიარქი ცაზე მაღალი იყო"
ზოგჯერ ერთი ფოტო, ერთი კადრი იმაზე მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები. ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ პატრიარქის გვერდით თითქმის 20 წელი იმსახურა და მის მემატიანედაც იქცა. უწმინდესს იღებდა მსახურების, შეხვედრების დროს, მან აღბეჭდა არაერთი ისტორიული მომენტი...
რა დარჩა კადრს მიღმა და როგორ ახსოვს უწმინდესის გვერდით გატარებული წლები, თავად მოგვიყვება.
- სულ ვამბობ, ჩვენი პატრიარქი ცაზე მაღალი იყო. უწმინდესის გვერდით გატარებული ყოველი წუთი დიდი ბედნიერება იყო. მე ამის შესაძლებლობა 2007 წლიდან მქონდა, 19 წელი პატრიარქის ფოტოგრაფი ვიყავი. წინა წლებშიც, როგორც კი საშუალება მომეცემოდა, უწმინდესს ხშირად ვიღებდი, მისი ათასობით ფოტოს ავტორი ვარ.
- პირველი შეხვედრა როგორი იყო?
- ჩემი მეგობარი, ერთი ძალიან კარგი და ღირსეული ქართველი, მასთან საჩუქრის გადასაცემად მიდიოდა. მაშინ უწმინდესის აღსაყდრებიდან 30 წელი სრულდებოდა. ზუსტად მახსოვს, 2007 წლის 12 ოქტომბერი იყო. მოგეხსენებათ, იუბილე 25 დეკემბერს აღინიშნებოდა. ახლაც არ ვიცი, იქ, იმ შეხვედრაზე, ეს სიტყვები რა ძალამ წარმომათქმევინა - უწმინდესს დავპირდი, თქვენი აღსაყდრების დღეს უნდა მოგართვათ წიგნი ქართული კულტურის იმ ძეგლებზე, რომლებიც უცხოეთშია-მეთქი. არ გეგონოთ, რომ ამაზე მანამდე იდეის დონეზე მაინც ნაფიქრი მქონოდა. მერე კი შემოვიკარი თავში ხელი, ეს რამ მათქმევინა, 2 თვეში წიგნის გამოცემას როგორ მოვასწრებ-მეთქი! უწმინდესმა შემომხედა, გამიღიმა და მითხრა, შენ ამას შეძლებო და დამლოცა. უცნაურია, მაგრამ დამეუფლა შეგრძნება, რომ მან ეს თითქოს წინასწარ იცოდა. მისი ლოცვის ძალა არაერთხელ ვიგრძენი, სწორედ ამ ძალამ ბევრი დახურული კარი გამიღო.

პირველი ქვეყანა, სადაც ჩემს მეგობარ ჟურნალისტ და მწერალ პაატა ნაცვლიშვილთან ერთად წავედი, ეგვიპტე იყო. სინას მთა ყველამ ვიცით, ბიბლიური თქმულებით, ეს ის ადგილია, სადაც უფალმა მოსეს ათი მცნება გადასცა. მთის ძირში არის წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესია, სადაც ხელნაწერ ძეგლთა უდიდესი საცავია (ვატიკანის შემდეგ სიდიდით მეორე). ვიცოდი, რომ იქ ქართული ხელნაწერები აღმოაჩინეს და გადაღება მინდოდა, მაგრამ სანამ ამ ტაძართან მივიდოდი, სინას მთაზე ასვლა გადავწყვიტე. ეს ის ადგილია, საიდანაც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სანახავია აისი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, სპეციალურად ვეძებდი ასეთ ადგილებს, ძალიან ბევრი ხედი გადამიღია, მაგრამ ამ ადგილს ვერც ერთი ვერ შეედრება. მთაზე ასასვლელი ორი გზაა. ერთ მიმართულებას აქლემების გზას ეძახიან, შეგიძლია აქლემით 7 კილომეტრი გაიარო და ბოლოს 740 საფეხური ფეხით აიარო. მეორე გზაზე კი 3750 საფეხურია და ეს მიმართულება ურთულესია. პატრიარქმა ეს 3750 საფეხური ფეხშიშველმა აიარა და სინას მთაზე ასე ავიდა. საოცრებაა, საფეხური პირობითი ნათქვამია, ზოგიერთის სიმაღლე შეიძლება 1 მეტრიც კი იყოს.
მე და პაატა სინას მთიდან მშვიდობით დავბრუნდით, რამდენჯერაც მეგონა წავიქცეოდი, გზაში პატრიარქის ლოცვა მეწეოდა. 60 წლის ვიყავი, ეს გზა რომ გავიარე.

ეკატერინეს ტაძარში შესვლა და ხელნაწერების გადაღება ადვილი არ იყო. სომხების ოფიციალური დელეგაცია დაგვხვდა, წინასწარი შეთანხმებით მისულები, ერთი კვირა ელოდებოდნენ შესვლის ნებართვას, ჩვენ კი ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მივედით, მხოლოდ პატრიარქის თხოვნა გვქონდა, რომ მუშაობის შესაძლებლობა მოგვცემოდა. როგორც კი უწმინდესის სახელი ვახსენეთ, იცით, რა მოხდა? თავად მამაომ გამოიტანა ხელნაწერები, რომლებიც გადავიღე და წიგნში შევიდა. უწმინდესის ლოცვამ შეუძლებელი შემაძლებინა, 2 თვესა და 12 დღეში 5 ქვეყანა მოვიარე: ეგვიპტე, ისრაელი, ირანი, აზერბაიჯანი, ტაო-კლარჯეთში კი 2-ჯერ ვიყავით. პატრიარქის აღსაყდრების დღისთვის პირველი 50 ეგზემპლარი უკვე მზად იყო. "ქართული სული ბადრი ვადაჭკორიას თვალით" - ვინც საგამომცემლო საქმეში ჩახედულია, ის მიმიხვდება, რამდენად მცირე დროა ეს წიგნის გამოსაცემად. ამის შემდეგ პატრიარქი არც ერთ ქვეყანაში არ წასულა, მე და ჩემი შვილი, ირაკლი რომ არ ვხლებოდით.
- როგორც ამბობენ, უწმინდესი სანამ სასულიერო პირი გახდებოდა, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. ამის შესახებ თქვენთან ხომ არ უსაუბრია?
- არა, ამ თემაზე არ გვისაუბრია. მას ძალიან მოსწონდა ჩემი ფოტოები, წიგნები. ახლახან რიგით მე-19 წიგნი გამოვეცი: "ჩვენი თბილისი". მალე გამოვა მე-20 წიგნი: "ჩვენი საქართველო", რომელსაც პატრიარქს მივუძღვნი. სპეციალურად არ ვამბობ მის სულს-მეთქი, რადგან ის ჩემთვის (ჩვენთვის) მარადიულია. ჩემი თითქმის ყველა წიგნი უწმინდესის კურთხევით არის გამოცემული.
- თქვენი პატრიარქი როგორი იყო?
- უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულით გამორჩეული. რომ ვუცქერდი, ვგრძნობდი, რა დიდი ბედნიერება იყო მის გვერდით ყოფნა. საოცარი მადლი მოდიოდა, შეუძლებელი იყო, ეს არ გეგრძნო. არაერთხელ შევსწრებივარ, დიდი ქვეყნების პრეზიდენტები როგორი მოწიწებით ესაუბრებოდნენ, როგორ ეფერებოდნენ. ვხედავდი, როგორ ცდილობდნენ ყველანი ადრე მისულიყვნენ, სანამ უწმინდესი მივიდოდა და იქ დალოდებოდნენ. მას უდიდეს პატივს სცემდნენ არა მხოლოდ ქრისტიანულ სამყაროში და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა იმ დღეებში, როდესაც უკანასკნელ გზაზე ვაცილებდით...
მან იცოდა, რომ მე დიდად ეკლესიური არ ვიყავი, ვცხოვრობდი ისე, როგორც შემეძლო, სულ ვცდილობდი, წესიერად მეცხოვრა. უწმინდესთან ამაზე საუბარი თითქოს არც იყო საჭირო, ისედაც ყველაფერი იცოდა.

- ამბავი, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ...
- ერთ დღეს უწმინდესი სამებაში ბრძანდებოდა. მითხრეს, საკურთხეველში გადამეღო. ამ დროს თავად დამიძახა, - ბატონო ბადრი! ისე სწრაფად გავიქეცი, ისე ავჩქარდი, დინამიკის სადენს ფეხი წამოვდე და რამდენიმე მეტრი ჰაერში ჰორიზონტალურად ვიფრინე. რომ გავიფიქრე, ახლა დავასკდები იატაკს და მეც და ჩემს აპარატურასაც ნაწილ-ნაწილ აგვაწყობენ-მეთქი, ამ დროს შემომხედა უწმინდესმა. უცნაურად მოგეჩვებათ, მაგრამ ახლაც ვგრძნობ, როგორ შევჩერდი ჰაერში (არაფერს ვაჭარბებ), როგორ ნარნარად დავეშვი პატრიარქის წინ მუხლებზე და ვეამბორე. ღიმილით შემომხედა და გვერდით მყოფ მამაოს გადაულაპარაკა, ნახეთ, ბადრი როგორ გადავარჩინე?
მსგავსი "ფრენა" მეორედ კიდევ მქონდა ერთ-ერთ პრემიერ-მინისტრთან, მაგრამ მაშინ მე და ჩემი კამერა ძლივს აგვაწყვეს.
სვეტიცხოვლის 1700 წელი რომ სრულდებოდა. პატრიარქმა მთხოვა, ამ ტაძარზე ალბომი სასწრაფოდ გამეკეთებინა. ამ მნიშვნელოვან თარიღამდე 22 დღე იყო დარჩენილი. წარმოგიდგენიათ, 22 დღეში წიგნის გამოცემა რამდენად რთულია? მე ვიტყოდი, წარმოუდგენელიც, მაგრამ უწმინდესის ლოცვით ეს შევძელი. შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე ეგზემპლარი გადმომცა და მთხოვა, ბადრი, ეს წიგნი მხოლოდ კარგ ადამიანებს აჩუქეო... ვისაც ვჩუქნიდი, ყველა კარგი ადამიანი ხდებოდა, თუ მანამდე არ იყო...
პატრიარქთან ერთად მის მშობლიურ სნოშიც არაერთხელ ვყოფილვარ. ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, ყველა ცდილობდა მის გვერდით აღმოჩენილიყო.
- თქვენი ფოტოებიდან რომელიმე გამორჩეულად უყვარდა?
- ყველა ფოტო უყვარდა, როცა ათვალიერებდა, უნდა გენახათ, სახეზე როგორი ღიმილი და სითბო ჰქონდა. ეს გადაღებულიც მაქვს. მე ხომ საქართველოზე ვმუშაობ, ეს ქვეყანაა ჩემი სიამაყეც და ტკივილიც.
- თავად გამორჩეულად პატრიარქის რომელი ფოტო გიყვართ?
- დაფიქრებული პატრიარქი. ეს ფოტო წლების წინ სვეტიცხოველშია გადაღებული და ჩემს ახალ წიგნში აუცილებლად შევა.
თამუნა კვინიკაძე