მთვარის მისია - კვირის პალიტრა

მთვარის მისია

ისტორიული მისია შესრულებულია - "არტემის 2"-ის ეკიპაჟი დედამიწაზე დაგეგმილი მარშრუტით დაბრუნდა. NASA-ს ასტრონავტები: რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი ჯერემი ჰენსენი თბილისის დროით 4:07 საათზე წყნარ ოკეანეში, სან-დიეგოს სანაპიროსთან დაეშვნენ. ამით დასრულდა თითქმის 10-დღიანი მოგზაურობა, რომლის დროსაც მათ დედამიწიდან მაქსიმალურ წერტილში დაახლოებით 406 770 კმ მანძილს მიაღწიეს... რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მისია და რატომ ეწოდა მას ისტორიული, დარგის სპეციალისტს ვასილ გაბუნიას ვესაუბრეთ.

0e1f409f-0b8c-4d3b-9139-847fc49b0417-1776622482.jpg

- ეს იყო ზუსტად შესრულებული მისია, როგორც ამბობენ, კაფსულაც კი დადგენილი სიზუსტით იმ ადგილას დაეშვა. საბედნიეროდ, დაშვების დროს, ატმოსფეროს სქელ ფენაში შემოსვლისას, კარგად გაუძლო კაფსულის თბოსაფარმა. "არტემის 1"-ს ჰქონდა ამის პრობლემა და ახლა გამოიცადა ახალი მასალები. შემოსვლის დროს კაფსულა ძალიან ხურდება, დაახლოებით 2700 გრადუსზე. ახლაც გახურდა, მაგრამ რადიაციის წინააღმდეგ თბოსაფარმა კარგად იმუშავა, კაფსულას პრობლემა არ შექმნია.

"არტემის II"-ის ეკიპაჟის დაბრუნება დედამიწაზე რამდენიმე კრიტიკულ წუთში გადაწყდა. ატმოსფეროში შემოსვლისას Orion Spacecraft-ი საათში დაახლოებით 39 000 კმ/საათი სიჩქარით მოძრაობდა, კაფსულის ზედაპირი კი 2700 გრადუსამდე ცხელდებოდა. ამ მომენტში ხომალდი პრაქტიკულად ცეცხლის ბურთად იქცევა. როდესაც კაფსულა შედარებით დაბალ სიმაღლეზე გადავიდა, გაიხსნა მცირე პარაშუტები, რომლებმაც სიჩქარე დაახლოებით 500 კმ/საათამდე შეამცირეს. ამის შემდეგ ამოქმედდა სამი ძირითადი პარაშუტი, რამაც დაშვების სიჩქარე მკვეთრად შეამცირა. საბოლოოდ კაფსულა წყალზე დაეშვა 30 კმ|\ /საათის სიჩქარით - ეს უკვე კონტროლირებადი, მაგრამ მაინც ძლიერი შეჯახებაა, რომელიც სპეციალურად არის გათვლილი ეკიპაჟის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

ეს მისია კოსმოსის ათვისების დასაბამია და ყველაფერი უშეცდომოდ წარიმართა: ხელით მართვა, მთვარის გრავიტაციის გამოყენება დედამიწაზე დასაბრუნებლად, დაშვება 100%-იანი სიზუსტით. "აპოლო13"-ის შემდეგ 53 წელი გავიდა, მას შემდეგ ეს უდიდესი ნახტომია ტექნოლოგიაში. მაშინ იქ რა კომპიუტერიც ედგათ, დღეს მასზე 200-ჯერ ძლიერი ტელეფონები გვაქვს.

სხვათა შორის, ჩატარდა ბიოლოგიური­ ექსპერიმენტიც. ოთხივე კოსმონავტისგან აიღეს ბიოლოგიური ნიმუში: სისხლის, ქსოვილების, ძვლის ტვინის და დაიწყეს ამ უჯრედების გამრავლება დედამიწაზეც და კოსმოსშიც, რა ცვლილებები იქნებოდა რადიაციისა და უწონადობის პირობებში და ჩვეულებრივ მდგომარეობაში, რათა შემდეგ შეედარებინათ. პირველადი მონაცემებით იმუნური სისტემის, უჯრედების გამოყოფა შემცირდა, ჩანს, იმუნიტეტი მაინც სუსტდება კოსმოსში, უჯრედები ნაკლებად გამომუშავდა... უკვე დაგეგმილია შემდეგი მისიები. "არტემის 3", წესით, მომავალ წელს გაფრინდება მთვარეზე, მაგრამ მთვარეზე დაჯდომის მისია ექნება "არტემის 4"-ს, რომელიც 2028 წლისთვის უნდა განხორციელდეს.

- რატომ იყო ამხელა შუალედი, რატომ არ იყო ამდენ ხანს მთვარეზე მისიები?

- მაშინ ეს იყო უფრო შეჯიბრების პროგრამა, რომელიც საბჭოთა კავშირმა აშშ-სთან წააგო. 60-70-იან წლებში ამერიკას უნდა დაემტკიცებინა საკუთარი ძალა და შესაძლებლობები კოსმოსში. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა პირველი ადამიანი გაგზავნა კოსმოსში (იური გაგარინი), შეერთებულ შტატებსაც უნდა ეღონა რამე და ისეთი რამ შეძლო, საბჭოთა კავშირი ვეღარ დაეწია. სხვა დატვირთვა იმ პერიოდში მთვარეზე დაჯდომას არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, დიდხანს ეს პროგრამა აღარ განიხილებოდა, აღარავის სჭირდებოდა მთვარე. ახლა გაირკვა, რომ ძალიანაც საჭიროა.

მთვარეზე პირველად დაჯდომის შემდეგ, კოსმოსის აYთვისებისთვის რბოლა დასრულდა. ამასთან, მთვარეზე გამგზავრების მისია ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ამერიკელებმა პროგრამა მაშინ შეწყვიტეს. 70- იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთვარეს, ახლა კი, რაც უფრო იზრდება კოსმოსის როლი ადამიანების ცხოვრებაში, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მთვარეც.

1970 წელს დედამიწაზე დასაბრუნებლად მთვარის გრავიტაცია გამოიყენეს. ეს იყო ამ მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი მისია. პირველად ეს "აპოლონ 13"-მა გამოცადა თავის თავზე, როდესაც გაეთიშა ძრავები და მთვარის ენერგიით დაბრუნდა დედამიწაზე. ეს იყო შურდულის პრინციპი, მთვარემ გამოტყორცნა "აპოლონ 13". ანალოგიური რამ სცადეს "არტემის 2"-ითY და იდეალურად შესრულდა დავალება. "არტემის 2"-ის ეკიპაჟი კოსმოსში ყველაზე შორ წერტილამდე მივიდა, სადაც კი ოდესმე ადამიანი ყოფილა. ეკიპაჟი დედამიწას დაახლოებით 406 771 კილომეტრით დაშორდა, რაც 6 606 კილომეტრით აღემატება "აპოლო 13"-ის მიერ 1970 წელს დამყარებულ რეკორდს.

artemis-ii-european-service-module-perspective-pillars-1776622482.png

მთვარეზე დაჯდომის რბოლას 70-იან წლებში ბევრი ადამიანი შეეწირა როგორც საბჭოთა კავშირის, ისე შეერთებული შტატების მხრიდან. დღეს უკვე პრიორიტეტი არა პოლიტიკა, არამედ ადამიანის უსაფრთხოებაა. 1962 წელს, როდესაც ამსტრონგი დაფრინდა მთვარეზე, შეერთებული შტატების პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს გამზადებული ჰქონდა სამგლოვიარო ტექსტი. ეკიპაჟის წევრები არ იყვნენ დარწმუნებული, დაბრუნდებოდნენ თუ არა.

"აპოლო 13" უნდა ყოფილიყო მისია, რომელიც სამ ასტრონავტს მთვარეზე დასვამდა. თუმცა დედამიწიდან დაახლოებით 300 000 კილომეტრის დაშორებით ყველაფერი წამში შეიცვალა - ხომალდზე აფეთქება მოხდა, ჟანგბადის ავზი დაზიანდა. ეკიპაჟმა ჟანგბადი მთლიანად არ დაკარგა, მაგრამ სწორედ ის რესურსი, რომელიც საჭირო იყო როგორც სიცოცხლისთვის, ისე ხომალდის სისტემების მუშაობისთვის და დედამიწაზე დასაბრუნებლად, გამოუსადეგარი გახდა. ასტრონავტებმა დატოვეს მთავარი მართვის მოდული და გადავიდნენ მთვარის მოდულში - იმ ნაწილში, რომელიც უნდა დარჩენილიყო მთვარეზე. სწორედ ეს მოდული იქცა მათი გადარჩენის ერთადერთ შანსად. მათ ჰაერში ხელახლა ააწყვეს მოდული, მისი რესურსები ისე გადაანაწილეს, რომ შესძლებოდათ დედამიწაზე დაბრუნება. სწორედ მათ გამოიყენეს პირველად მთვარის მიზიდულობა, რაც ამჯერად "არტემის 2"-ის ეკიპაჟმა გამოიყენა.

დაბრუნების მომენტი დრამატული იყო. როდესაც ხომალდი დედამიწის ატმოსფეროში შედის, ხახუნის შედეგად წარმოქმნილი მაღალი ტემპერატურის გამო კავშირი დაახლოებით 3 წუთით იკარგება, "აპოლო 13"-ის სიჩუმე კი 8 წუთს გაგრძელდა. ამ წუთებში მილიონობით ადამიანი ელოდა კოსმონავტების ხმას, იმედი თითქმის აღარავის ჰქონდა, თუმცა შემდეგ გაისმა ხმა, რომელიც ისტორიაში დარჩა: "ჩვენ აქ ვართ". ეს იყო ადამიანური გამძლეობის, ინჟინრული გონების და იმედის ერთ-ერთი შთამბეჭდავი მაგალითი კოსმოსის ისტორიაში.

წლებთან ერთად და მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად, მთვარის მნიშვნელობა გაიზარდა. ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის საჩვენოდ გამოყენება შეგვიძლია. მთვარეზე 6-ჯერ უფრო ნაკლებია მიზიდულობის ძალა, ვიდრე დედამიწაზე. ეს არის უდიდესი რესურსი, რათა მთვარიდან იმართოს საწარმოები. მთვარიდან უფრო ადვილი იქნება კოსმოსის ნებისმიერ წერტილში კოსმოსური აპარატების გაგზავნა, კავშირგაბმულობის თანამგზავრების თუ სხვა დანიშნულების აპარატების. რაც მთავარია, დაბალი გრავიტაცია იძლევა შურდულის ეფექტს, როგორც ქვას ისვრი, დაახლოებით ამავე პრინციპით იქნება რაკეტების აფრენა შესაძლებელი და არა ისე, როგორც ახლა, მილიარდები რომ ჯდება ერთი რაკეტის აფრენა და თან ისპობა დედამიწის ეკოლოგია. თუ შეძლებენ, რომ იქ მოეწყოს საწარმოები, რომლის წინა პირობებიც, მგონი, უკვე არსებობს, ეს იქნება კაცობრიობისთვის უდიდესი ნაბიჯი. ცნობილია, რომ მთვარეზე ისეთივე ვულკანური პროცესები იყო, როგორიც დედამიწაზე, ლავის შედეგად წარმოიშვა ე.წ. ვულკანური მილები, მღვიმეები. განსხვავებით დედამიწისგან, მთვარეზე წარმოქმნილი მილები ბევრად დიდია, საუბარია დაახლოებით 50-60 მეტრის დიამეტრის მღვიმეებზე. ამ მილებში შესაძლებელი იქნება კოსმოსური საწარმოების განთავსება და კოსმონავტებისთვის სამუშაო სივრცეების მოწყობა. მილებში შეიძლება ხელოვნური მზის გაკეთებაც ულტრაიისფერი სხივებით, შესაძლებელია მცენარეებიც გაიზარდოს. ვარაუდობენ, რომ მილებში შედარებით ნორმალური ტემპერატურა იქნება. ამ მღვიმეებში ადამიანი ტემპერატურისა და დასხივებისგან დაცული იქნება. ეს მილები ჯერ არ არის აღმოჩენილი, თუმცა რადგან მთვარეზე ვულკანური პროცესები იყო, ვიცით, რომ იქნება - ეს ფიზიკის თეორიაა.

მთვარის გეოლოგია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც დედამიწის, უბრალოდ, უფრო პატარაა და ადრე გაცივდა, ვიდრე დედამიწა, ჩვენი პლანეტა ჯერ კიდევ ცოცხალია. მთვარე ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაშია, მას აქვს ბირთვი, მანტია და საკმაოდ სქელი ქერქი.

მთვარე ხომ ფაქტობრივად ჩვენი ტყუპისცალია, ჩვენგან მოწყვეტილი. რა თქმა უნდა, იქ ნავთობი და ქვანახშირი არ არის, მაგრამ არის მინერალები, სასარგებლო წიაღისეული, რომლის ადგილობრივად გამოყენება იქნება შესაძლებელი. ეს 50 წელში სავსებით რეალური იქნება. მთვარეზე არის რეგოლითი, ქანი, რომელიც თითქოს შეიცავს დიდი რაოდენობით "ჰელიუმ 3"-ს, რომელიც დედამიწაზე ძალიან ცოტაა. ერთი ტონა "ჰელიუმ 3"-ის გამომუშავებული ენერგია 50 მილიონი ტონა ნავთობის მიერ გამომუშავებულ ენერგიას უტოლდება ანუ თუ ვიპოვით "ჰელიუმ 3"-ის გამომუშავების და შემდგომ მისი საწვავად გამოყენების საშუალებას, მზის ენერგიასთან ერთად გვექნება უწყვეტი ენერგიის წყარო მთვარეზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთვარის სამხრეთ პოლუსზე არის წყალი. როდესაც სხვადასხვა სპექტრით მისი ზონდირება გაკეთდა, დადგინდა, რომ სამხრეთ პოლუსზე წყალი ყინულის სახით არის, ქანებშია ჩამაგრებული. მისი გამოდნობაც საქმეა, იმიტომ, რომ წყლის ელექტროლიზის შედეგად შეიძლება ჟანგბადისა და წყალბადის მიღება. მოგეხსენებათ, წყალბადი მშვენიერი საწვავია...

- ასე რომ, მთვარეს დიდი მნიშვნელობა აქვს დედამიწისთვის...

- მთვარე რომ არ იყოს, დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ის გვაძლევს სტაბილიზაციას. მთვარე 4.5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, როდესაც დედამიწას მარსის ზომის ციური სხეული, თეია შეეჯახა. შეჯახების შედეგად, კოსმოსში ამოტყორცნილი დედამიწისა და თეიას ნამსხვრევები დედამიწის გარშემო აკრეციულ დისკოდ გაერთიანდა, საიდანაც გრავიტაციული შეკუმშვით მთვარე ჩამოყალიბდა. ამ შეჯახების შედეგად დედამიწა 13 გრადუსით გადაიხარა, პარალელურად მივიღეთ დამუხრუჭება. მილიარდობით წლის განმავლობაში ამ მუდმივმა დამუხრუჭებამ დღის ხანგრძლივობა 6 საათიდან დღევანდელ 24-საათიან ციკლამდე გაზარდა. მთვარემ მოგვცა სტაბილურად მბრუნავი დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო; მივიღეთ არა მხოლოდ საკუთარი ღერძის ირგვლივ ტრიალი, არამედ ქანქარას ტიპისაც. სწორედ ამიტომ არის, რომ ხან მივექცევით მზისკენ, არის გაზაფხული, შემდეგ იქნება ზაფხული, შემდეგ გასწორდება ეს ყველაფერი, დედამიწა ისევ დაიწყებს უკან გადახრას და სამხრეთ ნახევარსფეროში დადგება გაზაფხული და ზაფხული - ანუ მთვარისგან სეზონების ცვლილებაც მივიღეთ.

- რატომ არის ეს მისია ასეთი მნიშვნელოვანი და ისტორიული?

- იმიტომ, რომ განახლდა მთვარის მისია. მთვარემ შეიძინა უდიდესი მნიშვნელობა, როგორც სასტარტო ადგილმა ვარსკვლავთშორის სამყაროში, რათა ადვილად და იაფად გავუშვათ თანამგზავრები, რომლებიც უზრუნველყოფენ არა მხოლოდ კავშირგაბმულობას, არამედ მთვარიდან გაცილებით ადვილი იქნება კოსმოსური კვლევების ჩატარება.

სოფო კაჭარავა