„მსხვერპლად გვაქციეს!..სუნი გვახრჩობს, წვიმს და ნაგვიდან ნაჟური წყლების ჭუჭყიანი და შხამიანი ნაკადი მთელ თბილისს წამლავს" - რა ხდება ლილოს დასახლებაში?! - კვირის პალიტრა

„მსხვერპლად გვაქციეს!..სუნი გვახრჩობს, წვიმს და ნაგვიდან ნაჟური წყლების ჭუჭყიანი და შხამიანი ნაკადი მთელ თბილისს წამლავს" - რა ხდება ლილოს დასახლებაში?!

ლილოს ნაგავსაყრელი იმ ე.წ ჯოჯოხეთურ პრობლემათა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც წლების განმავლობაში რთულდება. აქ, ლილოს დასახლებიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მთელი თბილისის ნარჩენები იცლება, დღეში დაახლოებით 1300 ტონამდე, რომელსაც სუნთქავს აქაური მოსახლეობა და არა მხოლოდ სუნთქავს! ვინც ამ შემზარავ რიცხვს წარმოიდგენს, ადვილად მიხვდება, რა მდგომარეობაში შეიძლება იყვნენ აქ მცხოვრებნი, რომელთაც ქალაქის ბინძური ნარჩენების შესუნთქვისა და ქარით მოფრიალე ცელოფანების მოშორებაში გაჰყავთ წლები.

ამ გაუსაძლისი მდგომარეობის გამო 2010 წლიდან დღემდე აქ მოსახლეობის პროტესტი არ შენელებულა, ისევე როგორც არ შენელებულა ამ დაახლოებით 100 ჰექტარი ტერიტორიის ამოვსება ნარჩენების გორებით. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ უპასუხო პროტესტი ბოლოს და ბოლოს მიჩუმდება, თუმცა ასე არ არის, ამ ხალხმა 16 წლის განმავლობაში ბრძოლით თბილისის მერიას რამდენიმე დოკუმენტური გადაწყვეტილება მიაღებინა. მათ შორის არის ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნის აშენება და ახალი პოლიგონის შექმნა ქალაქიდან მოშორებით.

როგორც აქაურები ამბობენ, შესაძლოა ამ მძიმე მდგომარეობით გატანჯულ მოსახლეობას კვლავ აქციები დასჭირდეს უსაშველოდ გაჭიანურებული ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად, მით უფრო, როგორც ეჭვობენ, ქალაქის მერია ახალი პოლიგონის მოწყობას კვლავ ლილოში, ამჟამინდელი ნაგავსაყრელის გაფართოების ხარჯზე გეგმავს.

ქრისტინა ტოგონიძე: - ლილოს პოლიგონის მოწყობით თბილისის მერიამ მსხვერპლად გვაქცია. როდესაც მსხვერპლს ვამბობ, ვგულისხმობ გაწამებულ ადამიანებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმ შეგრძნებით იტანჯებიან, რომ თბილისის ათასობით ტონა ნარჩენის შხამს სუნთქავენ. თავის დროზე აქ კარგი სასოფლო მიწები იყო, რომელსაც ხალხი ამუშავებდა. თუმცა 2010 წელს აქაურებს თბილისის მერიამ უარი უთხრა მიწების დარეგისტრირებაზე. 2013 წლიდან კი ახლანდელმა ხელისუფლებამ ნელ-ნელა დაიწყო ამ მიწების ნაგვის პოლიგონად გადაქცევა. ჯოჯოხეთში ვართ, როგორც კი ქარი ამოვარდება, 100 ჰექტარზე გადაჭიმული ნაგავსაყრელის სუნი გვახრჩობს, წვიმს და ნაგვიდან ნაჟური წყლების ჭუჭყიანი და შხამიანი ნაკადი მთელ თბილისს წამლავს. რამდენიმე წლის წინ აქ წყლის გამწმენდი მოწყობილობა მუშაობდა, მაგრამ ახლა გაფუჭებულია და არავის ადარდებს, ეს წყალი რომ მთელ თბილისს წამლავს. ეგ კი არა, თბილისის ზღვაში ლილოს ნაგავსაყრელიდან ქარისგან გავრცელებული ცელოფანის მთები დგას, მაგრამ განმკითხავი ვინ არის! რამდენიმე ხნის წინ თბილისის ზღვის მეთევზეებს დავა ჰქონდათ, ზღვას ვიღაც ცელოფანებით შეგნებულად აჭუჭყიანებსო. სინამდვილეში ზღვაში ლილოს პოლიგონიდან შეტანილი ნაგავი ჩადის.

- ცნობილია, რომ დიდი ლილოს მოსახლეობა ამის წინააღმდეგ თავგანწირულად იბრძვის. რას მიაღწიეთ ამ ბრძოლით?

- ვიღებთ დაპირებებს, რომელთაგან ჯერ არც ერთი არ შესრულებულა. თუმცა, ვისაც ჰგონია, რომ დავიღლებით და გავჩუმდებით, ასე არ იქნება, მერიას ვაიძულებთ ყველა პირობა შეასრულოს. 2024 წელს მერია იძულებული გახდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან დაედო ხელშეკრულება, რომ ლილოში ნარჩენების გადამმუშავებელი ქარხნა აშენებულიყო, მაგრამ ქარხანა არ ჩანს.

ამასობაში ლილოს ნაგავსაყრელმა ტევადობა ამოწურა, ახალი ნაგავსაყრელი მართლაც უნდა დაემატოს. თუმცა, ვფიქრობ, მერია ამასაც გვატყუებს და ახალი ნაგავსაყრელისთვის ახალ ტერიტორიას სულაც არ ეძებს, ისევ ლილოს ძველი ნაგავსაყრელის გაფართოებას გეგმავს.

ერთი რამეც არის სათქმელი - თბილისის დასუფთავების სამსახურში დასაქმებული ტრაილერის მძღოლებიც კანონს არღვევენ. საქმე ის არის, რომ მძღოლებმა ნორიოს ხიდი დააზიანეს, რადგან ტრაილერების წონისათვის არ იყო აგებული, ჩაინგრა. ტრაილერის მძღოლებს ნაგავსაყრელისკენ შემოვლითი გზა გაუკეთეს, მათ კი გზა იშორეს და ახლა სოფლის, დიდი ლილოს გავლით დადიან დედაქალაქისკენ ფარებჩამქრალი ტრაილერებით, ვინაიდან სოფლის გზაზე ტრაილერის სიარული აკრძალულია. ჩვენ არაერთხელ მივაწოდეთ ეს ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს, მაგრამ რეაგირება არ არის. ეს ადასტურებს, რომ ეს საქმეც შესაძლოა ძალიან დიდ დაძაბულობამდე მივიდეს. ველით ადეკვატურ რეაგირებას, ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ.

პ.ს. აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებით დავუკავშირდით თბილისის მერიის `თბილსერვისჯგუფს~, სადაც გვიპასუხეს: `თბილისის ახალი ნაგავსაყრელის ადგილმდებარეობის თემა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. მიცემულია დავალება საკონსულტაციო ჯგუფისთვის, რომელიც აფასებს პოტენციურ ლოკაციებს ახალი ნაგავსაყრელისთვის. სეპარირების ქარხანასა და მექანიკურ ბიოლოგიურ პუნქტთან დაკავშირებით შერჩეულია საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ამზადებს ტექნიკურ საკითხებს, რათა შევძლოთ აღნიშნული სამშენებლო ტენდერის გამოცხადება. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოძრავ ნაგავმზიდებს, ისინი გადაადგილდებიან შემოვლითი გზებით.