„კლიმატის ცვლილება არ არის ლოკალური მოვლენა, ის ერთდროულად მოქმედებს მთელ პლანეტაზე“ - კვირის პალიტრა

„კლიმატის ცვლილება არ არის ლოკალური მოვლენა, ის ერთდროულად მოქმედებს მთელ პლანეტაზე“

თანამედროვე კლიმატის ცვლილების გამო მყინვარებიც იცვლება, რაც გავლენას ახდენს როგორც გლობალურ ოკეანის დონეზე, ასევე რეგიონულ წყლის რესურსებსა და ეკოსისტემებზე. იმისათვის, რომ ამ პროცესების შესახებ განახლებული და მეცნიერულად სწორი ინფორმაცია მიგვეღო, ინტერვიუ ვთხოვეთ ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარს და საქართველოს ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, მსოფლიოში ცნობილ გლაციოლოგს, მყინვარების სპეციალისტს ლევან ტიელიძეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისი თანაავტორობით გამოქვეყნდა სამი მნიშვნელოვანი გლობალური კვლევა მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. პირველი კვლევა ეხება მსოფლიო მყინვარების მასის ცვლილებას, მეორე - მყინვარულ ტბებს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მესამე - მყინვარებზე თოვლისა და წონასწორობის ხაზის განსაზღვრას მსოფლიოს ყველა მთიან რეგიონში. ეს კვლევები ერთობლივად გვაძლევს სრულ სურათს მყინვარების თანამედროვე დინამიკისა და მათი ცვლილებების მასშტაბის შესახებ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც კლიმატის ცვლილების უკეთ გასაგებად, ისე მისი პროგნოზირებისთვის.

- ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ მყინვარების მასის კლება უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს. მხოლოდ 2025 წელს მყინვარებმა დაკარგეს დაახლოებით 408 გიგატონა მასა, რაც პირდაპირ უკავშირდება ოკეანის დონის დაახლოებით 1.1 მმ-ით ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ყველაზე დიდი დანაკარგი დაფიქსირდა სწორედ ბოლო ათწლეულში. ეს პროცესის დაჩქარებაზე მიუთითებს... გლობალური მასის დანაკარგი 1975 წლიდან დღემდე უკვე აღწევს დაახლოებით 9 500 გიგატონას, რაც ნიშნავს, რომ მყინვარები კარგავენ თავიანთი მოცულობის მნიშვნელოვან ნაწილს.

მყინვარების რეაქცია კლიმატის ცვლილებაზე შედარებით გვიან აისახ­ება, რაც ნიშნავს, რომ დღეს დაფიქსირებული ტენდენციები წინა წლებში დაგროვილი ტემპერატურული ცვლილებების შედეგია. შესაბამისად, უკვე არსებული კლიმატური პირობების შემთხვევაშიც კი მყინვარების მნიშვნელოვანი ნაწილი განწირ­ულია დნობისთვის. მყინვარების მასის დაკარგვა გაგრძელდება­ და მნიშვნელოვან გავლენას მოახდ­ენს როგორც მსოფლიო ოკეანის დონეზე, ისე მტკნარი წყლის რესურსებზე.

- რა იწვევს მყინვარების მასის ასეთ სწრაფ კლებას?

- 1990-იანი წლებიდან მყინვარების მასის დაკარგვა პირდაპირ უკავშირდება სათბური აირების ზრდას და გლობალური ტემპერატურის მატებას. ტემპერატურის მატება ზრდის დნობას, ხოლო ნალექის სახით თოვლის დაგროვება ხშირად ვერ ასწრებს ამ დანაკარგის კომპენსაციას. შედეგად, მყინვარები კარგავენ მასას. გარდა ამისა, მცირე ზომის და შედარებით დაბალ სიმაღლეზე მდებარე მყინვარები უფრო სწრაფად რეაგირებენ კლიმატის ცვლილებაზე. ასევე მნიშვნელოვანია ზედაპირის დახრა და ლოკალური კლიმატური პირობები. კვლევები აჩვენებს, რომ მყინვარების მასის დაკარგვა თითქმის ხაზოვნად არის დაკავშირებული ტემპერატურის ზრდასთან. ეს ნიშნავს, რომ ყოველ დამატებით გრადუსს პირდაპირი გავლენა აქვს დნობაზე. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი კლიმატური ცვალებადობაც როლს თამაშობს, თანამედროვე სწრაფი დნობა უფრო ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობის შედეგია.

მთის მყინვარების დნობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოკეანის დონის მატებაში. კვლევების მიხედვით, ის მეორე ადგილზეა ოკეანის თერმული გაფართოების შემდეგ და ზოგ შემთხვევაში აღემატება გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულის ფენების წვლილსაც. ეს პროცესი უკვე იწვევს სანაპირო ზონების დატბორვის რისკის ზრდას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთის მყინვარებს დამატებით კიდევ აქვთ მსოფლიო ოკეანის დონის ათობით სანტიმეტრით მატების პოტენციალი. შესაბამისად, თუ ეს პროცესი გაგრძელდება, მომავალში შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს სანაპირო ეკოსისტემები და ადამიანთა საცხოვრებელი ზონები. ამიტომ მყინვარების დნობა არა მხოლოდ გეოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემაცაა.

49b510bf-c41d-4851-ac37-ecffaed5eef2-1776626964.jpg

- რომელ რეგიონებშია მყინვარების დნობა ყველაზე ინტენსიური?

- 2025 წლის მონაცემებით, ყველაზე დიდი მასის დანაკარგი დაფიქსირდა­ დასავლეთ კანადასა და აშშ-ში, ისლანდიასა და ცენტრალურ ევროპაში, გლობალური მასშტაბით კი ყველაზე დიდი წვლილი მოდის ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა აზიის მაღალმთიანეთი, ალასკა და რუსეთის არქტიკა.

ბოლო წლებში მასის კლება პრაქტიკულად ყველა რეგიონში ფიქსირდება. ეს უკვე გლობალური და სისტემური პროცესია. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, სკანდინავიაში, დროებით შეიძლება დაფიქსირდეს მასის მატებაც ძლიერი თოვლის დაგროვების გამო, თუმცა გრძელვადიანი ტენდენცია მაინც უარყოფითია. ეს აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება არ არის ლოკალური მოვლენა, ის ერთდროულად მოქმედებს მთელ პლანეტაზე.

- რა არის მყინვარული ტბები?

- მყინვარული ტბები წარმოიქმნება მყინვარების წინ პერიგლაციალურ ზონაში, ან მათთან უშუალო კონტაქტში. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მყინვარების დინამიკაში, რადგან აჩქარებენ დნობას და ზრდიან ყინულის მოძრაობის სიჩქარეს. ტბებთან კონტაქტი იწვევს დამატებით პროცესებს, როგორიცაა მექანიკური ნგრევა (ყინულის ბლოკების მოწყვეტა) და წყალქვეშა დნობა. ეს პროცესები ერთობლივად ზრდის მყინვარების მასის დაკარგვას. შესაბამისად, ტბასთან კონტაქტი მყინვარისთვის ნიშნავს უფრო სწრაფ დეგრადაციას. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, პატაგონიაში, ასეთი პროცესები წლიურად ათეულობით გიგატონა მასას აკარგვინებს მყინვარებს. გარდა ამისა, ასეთი ტბები დაკავშირებულია ბუნებრივ საფრთხეებთან, განსაკუთრებით მყინვარული ტბების გარღვევასთან, რამაც შეიძლება კატასტროფული გლაციალური ღვარცოფები და წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ამიტომ მათი შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც კლიმატის კვლევისთვის, ისე რისკების მართვისთვის.

ჩვენი კვლევის მიხედვით, მსოფლიოში არსებული 274 000-ზე მეტი მყინვარიდან (2000 წლის მონაცემებით) დაახლოებით 1.4% პირდაპირ კონტაქტშია ტბებთან. საქართველოში ამის კარგი მაგალითია მყინვარი წანერი ზემო სვანეთის რეგიონში. ასეთი მყინვარები ფარავს მთლიანი მყინვარული ფართობის დაახლოებით 11.4%-ს, რეგიონულად ეს მაჩვენებელი მერყეობს. ზოგიერთ რეგიონში ტბასთან დაკავშირებული მყინვარების წილი 6-7%-საც აღწევს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ მყინვარული ტბები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ მყინვარულ სისტემაზე, მიუხედავად მათი შედარებით მცირე რაოდენობისა.

- რატომ არის რთული მყინვარული ტბების გლობალური შეფასება?

- მთავარი სირთულე დაკავშირებულია მონაცემების ნაკლებობასა და მეთოდოლოგიურ განსხვავებებთან. სხვადასხვა კვლევაში ტბების რაოდენობა და მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს გამოწვეულია სატელიტური მონაცემების სიმცირით, ავტომატური ალგორითმების შეცდომებით და ტბების სწრაფი ცვლილებით დროში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კვლევა არ ახდენს ტბების კლასიფიკაციას იმის მიხედვით, თუ რომელი ტბაა უშუალოდ მყინვართან კონტაქტში და რომელი, უბრალოდ, ახლოს მდებარეობს. ამიტომ არის საჭირო ზუსტი და რეგულარულად განახლებადი მონაცემთა ბაზები.

- როგორ აუმჯობესებს თქვენი კვლევა პალეოკლიმატის რეკონსტრუქციას?

- ჩვენი ახალი კვლევა ეფუძნება დაახლოებით 215 000 მყინვარის მოდელირებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მონაცემთა სიზუსტეს. იგი ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორს, ისეთს, როგორიცაა, თანამედროვე კლიმატი, მყინვარის გეომეტრია, დახრილობა, ექსპოზიცია და მორფოლოგიური ტიპი. შედეგად, შესაძლებელია უფრო ზუსტი შეფასებები წარსული ტემპერატურისა და ნალექის შესახებ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი კლიმატური ცვლილებების გასაგებად და თანამედროვე ცვლილებების კონტექსტში შესადარებლად.

- როგორია კავკასიონის მყინვარების თანამედროვე მდგომარეობა და რამდენად განსხვავდება ის გლობალური ტენდენციებისგან?

- კავკასიონის მყინვარები სრულად ეხმიანება გლობალურ ტენდენციებს, თუმცა გარკვეული რეგიონული თავისებურებებიც აქვს. აქაც ფიქსირდება მყინვარების ფართობისა და მოცულობის სტაბილური შემცირება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე და საშუალო ზომის მყინვარებზე.­ ამავე დროს, კავკასიონი კლიმატურად კომპლექსური რეგიონია, სადაც შავი ზღვის გავლენა და ატმოსფერული ცირკულაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. დასავლეთ კავკასიონის ზოგიერთ მონაკვეთში ნალექის სიუხვემ შესაძლოა ნაწილობრივ შეანელოს მყინვარების შემცირება, თუმცა ეს ეფექტი ვერ აბალანსებს ტემპერატურის ზრდით გამოწვეულ ინტენსიურ დნობას.

კავკასიონის მყინვარები მტკნარი წყლის მნიშვნელოვანი რესურსია. მათი შემცირება პირდაპირ აისახება მდინარეულ ჩამონადენზე, რაც გავლენას ახდენს ჰიდროენერგეტიკაზე. კავკასიონის მყინვარები არა მხოლოდ კლიმატის ინდიკატორი, სტრატეგიული ბუნებრივი რესურსიცაა.

კავკასიონში მყინვარული ტბების რაოდენობა და ფართობი ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია მყინვარების დნობასთან. ეს თავისთავად ზრდის გლაციალური ღვარცოფების და უეცარი წყალმოვარდნების რისკებს. კავკასიონზე უკვე დაფიქსირებულია მსგავსი მაგალითები, რაც მიუთითებს, რომ მომავალში ეს რისკები უფრო გაიზრდება. ამიტომ აუცილებელია მყინვარული ტბების სისტემატური მონიტორინგი თანამედროვე სატელიტური და გეოდეზიური მეთოდებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც მთიანი რეგიონები დასახლებულია და ბუნებრივი პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს მთის მოსახლეობაზე.