"ახლახან ჩავიბარე 80 წლის ექიმი ქალისაგან ძვირფასი ბეჭედი ბრილიანტის ქვით, რომლის ფასი 7.000 ლარია" - რეპორტაჟი ოქროს ბირჟიდან: რატომ ეძებენ 50-60-იანი წლების სამკაულებს?! - კვირის პალიტრა

"ახლახან ჩავიბარე 80 წლის ექიმი ქალისაგან ძვირფასი ბეჭედი ბრილიანტის ქვით, რომლის ფასი 7.000 ლარია" - რეპორტაჟი ოქროს ბირჟიდან: რატომ ეძებენ 50-60-იანი წლების სამკაულებს?!

აბა, გამოიცანით, რა ღირს ნიშნობის ბეჭედი ანუ ჩვენში იგივე ბაჯაღლო? თუმცა, ვისაც ჯერჯერობით ეს არ გვჭირდება, შეგვიძლიათ თავი ამაზე ფიქრით არც დავიღალოთ. ვისაც გვჭირდება და ოქროს ბეჭედი მაინც უნდა შევიძინოთ, მათთვის თბილისის ვაგზლის ოქროს ბირჟაზე გავლაც კმარა, რომელიც უფროსი თაობის თვალწინ ყალიბდებოდა მიწისქვეშა ოქროს ვაჭრობიდან ერთიან ცენტრად. თუ სად "გაფრინდა" ოქროს ფასები, განსხვავდება ის თუ არა დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით, ამის შესახებ ოქროს ბირჟის მოვაჭრე ნანული ხარაიშვილი მოგვითხრობს. მის ხელში 25 წლის განმავლობაში ათეული კილოგრამობით ოქრომ გაიარა და კარგად იცის მომხმარებლის რეაქცია ოქროს ფასის მომატებასა თუ იშვიათ კლებაზე.

- ქალბატონო ნანული, მოველოდი, რომ როდესაც ოქროს ფასები გიგანტურად იზრდება, ოქროს ბირჟაზე მყიდველი აღარ იქნებოდა, თუმცა ხალხი ძველებურად არის. როგორ მოქმედებს ოქროს ფასის ზრდა ოქროს ბირჟაზე, მის მოვაჭრეებსა და მომხმარებელზე?

- ბოლო წლებში ოქროს ფასი სულ იზრდება, თითქმის არასოდეს იკლებს, მაგრამ ოქრო იმის ოქროა, რომ მისი მყიდველი სულ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს ფასმა­ კატასტროფულად მოიმატა, მყიდველი მაინც სულ არის. ახლა ამბობენ, წლის ბოლომდე მატება 140%-მდე ავაო, მაგრამ მყიდველი მაინც იქნება.

სხვათა შორის, ოქროს ფასის მატებას ხანდახან მოვაჭრეებისთვის სარგებელიც მოაქვს, იმიტომ, რომ ოქროს მოყვარული ადამიანი ფიქრობს, ხვალ-ზეგ ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება, ამიტომ ოქროს ვიყიდი და შევინახავ, თუ გამიჭირდა, ხვალ უფრო მეტ ფასად გავყიდიო.

- ასეთი ბევრია?

- საკმარისად. გასულ წელს ოქრო შოკურად ძვირდებოდა, მაგრამ მყიდველი მაინც იყო, განსაკუთრებით ძველ ოქროზე, კომუნისტების დროინდელ 50-60-იანი წლების სამკაულებზე, რადგან მაღალი სინჯის ხარისხიანი ოქროა.

- ნუთუ იმდროინდელი ოქრო კიდევ დარჩა გასაყიდი? რამდენადაც ვიცი, 90-იანი წლებიდან, როდესაც ცხოვრება გაჭირდა, თითქმის ყველგან გამოიტანეს ოჯახებიდან ოქრო და რომ იტყვიან, ჩალის ფასად გაყიდეს, რათა საარსებო სახსარი მოეპოვებინათ.

- ყველას არ გაუყიდია, თორემ ახლა ხომ არ ჩაგვაბარებდნენ. არა მხოლოდ თბილისში, სხვა ქალქებშიც არის მცირე ოქროს ბირჟები და ლომბარდები, სადაც უმეტესად ხანში შესული ადამიანები, რომელთაც ოჯახის წევრები აღარ ჰყავთ, ან ისე ვერ პატრონობენ, რომ თავის რჩენა შეძლონ, ოქროს სამკაულებს ყიდიან - ხალხი, რომელიც ახალგაზრდობაში მეტ-ნაკლებად უზრუნველად ცხოვრობდა და ხშირად ოქროს საჩუქრადაც იღებდა. იმ წლებში ოქრო ისეთი ძვირი არ იყო, როგორც ახლაა. სწორედ ახლახან ჩავიბარე 80 წლის ექიმი ქალისაგან ძვირფასი ბეჭედი ბრილიანტის ქვით, რომლის ფასი 7.000 ლარია.

- ცხადია, ოქროს ჩაბარება იმის ნახევარ ფასადაც ვერ ხდება, ვიდრე ყიდით.

- რაც არ უნდა უსამართლოდ მოგეჩვენოთ, ოქროთი მოვაჭრეების მოგება სწორედ ეგ არის, რომ იაფად ვიბარებთ და შედარებით ძვირად ვყიდით. თუმცა ყოველდღიურად ოქროს ჩაბარების დადგენილი ფასებიც მოქმედებს. არის ერთი კატეგორია, რომლისგანაც მე ოქროს ვერ ავიღებ, რაც გინდა ძველი და ძვირფასი იყოს. ეს არის ის ოქრო, რომელიც ოჯახიდან ახალგაზრდებს მოაქვთ ჩასაბარებლად და მიჩნდება ეჭვი, რომ ოჯახიდან მოპარულია კაზინოში თამაშის ანდა ნარკოტიკის გამო. ასე რომ არ იყოს, ვინ გამოატანდა 18-20 წლის ბიჭებს ოქროს ძვირფას საათს ან ბეჭედს ბირჟაზე ჩასაბარებლად?

- სამაგიეროდ, ლომბარდები იბარებენ და მერე თავად ყიდიან. ესეც მითხარით, როგორია ოქროს შეძენის ფასები, რა ღირს გრამი ოქრო მისი ყველაზე დაბალი და მაღალი სინჯი?

- ოქროს ფასი ყოველთვის გრამობით არ განისაზღვრება, რაც ძველია ნაკეთობა, გრამობით უფრო მეტი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. სინჯები დაბლიდან მაღლა განისაზღვრება იმით, შენადნობში ოქროსთან ერთად რა რაოდენობის სხვა ლითონი შედის. მაგალითად,

ყველაზე დაბალი, 375 სინჯის ოქრო შეიცავს სულ 38% ოქროს, დანარჩენი ვერცხლი და სპილენძია. ეს შემადგენლობა ფერზეც ეტყობა; 500-იან სინჯში ოქრო 50,5%-ია; 750-ში - 75,5%, ხოლო 958, 999 სინჯი სუფთა ოქროა, მაგრამ ის არ გამოიყენება საქორწინო ბეჭდის დასამზადებლად, რადგან ძალიან რბილია და ფორმას იცვლის. საქორწინო ბეჭდებს ამზადებენ 50 სინჯის ოქროთი და გრამი ძალიან ძვირი, თითქმის 500 ლარი ღირს.

- ანუ თუნდაც 8-გრამიან საქორწინო ბეჭედში 4.000 ლარი უნდა გადაიხადო?

- დიახ. რა გიკვირთ? თუ ტელეფონის ფასია 5.000 ლარი, რომელიც სულ ცოტა ხანში სამუდამოდ გამოდის წყობიდან, ოქრო, რომელიც სამუდამოდ ინახება, რატომ არ უნდა ღირდეს ამდენი?!

გრამი ოქროს ფასი ამჟამად 300 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის, გააჩნია ნაკეთობასა და სიძველეს. მსოფლიო იმდენად გიჟურად ცხოვრობს, რომ სავარაუდოდ, ოქროს ფასი უახლოეს ხანში კიდევ გაიზრდება. გირჩევთ თუ არა ყიდვას? ეგ იმაზეა დამოკიდებული, ოქრო რამდენად გიყვართ. ზოგს მისი არსებობა სულაც არ ანაღვლებს. თუმცა საბოლოოდ არც ოქროს დამგროვებლები აგებენ, რადგანაც თავიანთი ოქროს მოშველიების იმედი სულ აქვთ.