რომელია ბიუჯეტური და ამავდროულად სასარგებლო საკვები
თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა სრულყოფილად ვერ იკვებება უდროობის, უსახსრობის და სხვა მიზეზების გამო... ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვედგინა ყველაზე ჯანსაღი და ბიუჯეტური პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ორგანიზმს აუცილებელი ნივთიერებებით მოამარაგებს. სპეციალისტების აზრით, ასეთი საკვები შეიძლება თითქმის ყოველდღე ჩავრთოთ ჩვენს რაციონში. ამ საკითხზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტს ირაკლი არაბულს ვესაუბრეთ:
- დღეს თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვესმის საყვედური, რომ საქართველოში ჯანსაღი საკვები დეფიციტია, რომ ბაზარზე ყველაფერი მავნებელია, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჩვენთანაც მოიპოვება ისეთი საკვები, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. რა თქმა უნდა, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ პროდუქტებს, რომლებიც ნაკლებადაა გადამუშავებული და ჩვენამდე ბუნებრივი სახით მოდის. ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო საკვებს შორის უპირველესია მწვანე ბოსტნეული და ხილი. ბოსტნეული უსაფრთხო და ამავე დროს, აუცილებელი საკვებია, რადგან მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოთი. განსაკუთრებით მდიდარი შემადგენლობისაა: გოგრა, ყაბაყი, მწვანილი, ბროკოლი, სტაფილო, ისპანახი, კიტრი, პომიდორი და ა.შ. ამ პროდუქტის ჭამა ყოველდღე შეიძლება. რაც შეეხება ხილს, მისი მიღებისას ზომიერება უნდა დავიცვათ, რადგან ხილში ბუნებრივი შაქარი შედის. ვაშლი, ციტრუსები, ბანანი, კენკრა, ვიტამინებითაა მდიდარი და ამავე დროს, ენერგიის საუკეთესო წყაროა. ცხადია, შხამ-ქიმიკატებით დაბინძურებული ხილი ისე სასარგებლო არ არის, როგორიც საკუთარ ბაღში ბუნებრივი გზით მოწეული.
- შვრია და წიწიბურა ბევრი ოჯახის ყოველდღიურ რაციონში შედის. გამართლებულია მათი ყოველდღიური გამოყენება?
- ბურღულეული ორგანიზმს ბოჭკოთი და სასიცოცხლო ენერგიით უზრუნველყოფს. იგივე ითქმის შვრიასა და წიწიბურაზე, ოღონდ შვრიას შეუძლია ორგანიზმში კალციუმის რაოდენობა შეამციროს, ამიტომ მასთან ერთად რომელიმე რძის პროდუქტი უნდა მიირთვათ.
- ხორცი ძალიან გაძვირებულია და ცილის მთავარ წყაროდ კვერცხი იქცა.
- კვერცხი ძალიან სასარგებლო საკვებია, რადგან ცილის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, მაგრამ ვიდრე შევიძენთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ვადაგასული არ იყოს და რაც მთავარია, სწორად უნდა დავამუშაოთ. ეს ეხება როგორც გარეცხვას, ასევე მის მოხარშვას და თერმულ დამუშავებას. ვიზუალურად შეიძლება არ ეტყობოდეს, მაგრამ მის შიგთავსში სალმონელას ბაქტერია იყოს, რომელიც საშიშია. მოხარშვის დროს სალმონელა კვდება, ამიტომ კვერცხი კარგად უნდა შევწვათ ან მოვხარშოთ. თოხლო კვერცხს რეკომენდაციას ვერ გავუწევ. მარტო კვერცხი კი არა, ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის საკვები - ხორცი, თევზი თუ ქათმის პროდუქტები, სრულყოფილად უნდა დამუშავდეს და მოიხარშოს - ეს საკვებში პათოგენური მიკროორგანიზმების არსებობას გამორიცხავს. ვინც ხორცის შეძენას ხშირად ვერ ახერხებს, მისთვის ქათმის ფილე საუკეთესო ვარიანტია და მისი ფასიც უფრო ხელმისაწვდომია.
იმისათვის, რომ ადამიანი არ გამოიფიტოს და ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, დიდი მნიშვნელობა აქვს დაბალანსებულ კვებას: საკმარისი რაოდენობით უნდა მივიღოთ ცილებიც, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც. ამიტომ არ არის სასურველი მკაცრი დიეტა და ერთფეროვანი მენიუ. ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს რძის პროდუქტებიც.
- რეგიონებში მცხოვრებთათვის იაფი და გემრიელი პროდუქტია სოკო. რა უნდა გაითვალისწინონ სოკოს მოყვარულებმა?
- ვინც დარწმუნებული არ არის, რომ სოკოს ცნობა იცის, ტყეში შეგროვებული სოკო არ უნდა ჭამოს, მით უმეტეს, რომ მას ერთი უცნაური თვისება აქვს: თუ საჭმელი სოკოს გვერდით შხამიანი იზრდება, მის თვისებებს იღებს და ისევე საშიში ხდება, როგორც შხამიანი. სათბურში შხამიანი სოკო ფიზიკურად ვერ გაძლებს და ვერც გაიზრდება. განსაკუთრებით სარისკოა დაკონსერვებული სოკო, რადგან ის შეიძლება ბოტულიზმის გამომწვევი მიზეზი გახდეს.
- ბოლო წლებში პოპულარული გახდა სელის თესლი და ჩია.
- სასურველია, სელი და ჩია იოგურტთან ან რძის ნაწარმთან ერთად მივიღოთ, თუმცა წყალშიც ბევრი ურევს. სელიც და ჩიაც ბუნებრივი საკვებია, რომელიც გადამუშავებული არ არის და ძალიან კარგია.ყველაზე სასარგებლო პროდუქტების სიას აუცილებლად დავამატებდი ჭარხალს, რომელიც ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს.
- რომელია ყველაზე სასარგებლო, უნივერსალური საკვები, რომელიც ყველა დადებით თვისებას აერთიანებს?
- "უნივერსალური საკვები" არ არსებობს, მაგრამ არის დაბალანსებული, მრავალფეროვანი რაციონი: მწვანე ბოსტნეული, საკმარისი რაოდენობით ცილა, ნახშირწყლები და ჯანსაღი ცხიმები. რასაკვირველია, მთავარია, როგორ პირობებშია პროდუქტი მოყვანილი: თუ ბიოლოგიურად ან ქიმიურად დაბინძურებულია, სასარგებლო ვეღარ იქნება. ნათქვამია, წამალს და საწამლავს შორის განსხვავება მხოლოდ დოზააო. ნებისმიერი პროდუქტი მცირე რაოდენობით და ზომიერად უნდა მოვიხმაროთ. ოქროს შუალედის დაცვა კვებაშიც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერ სხვა საკითხში.
ხათუნა ჩიგოგიძე