ცოცხალი სკულპტურების არაჩვეულებრივი გამოფენა - კვირის პალიტრა

ცოცხალი სკულპტურების არაჩვეულებრივი გამოფენა

ზუგდიდელი ალიკა ქარჩავას სახლთან მდებარე ნაკვეთს ეზო ნაკლებად ეთქმის, ეს უფრო დენდროლოგიური პარკია, სადაც სხვადასხვაგვარი მარადმწვანე მცენარეები ცოცხალ სკულპტურებად არის გადაქცეული. აქაურობის შესახებ ვიდეოსტატუსიდან შევიტყვეთ, რომელიც ინტერნეტმომხმარებელმა დავით კვარაცხელიამ გამოაქვეყნა და შესანიშნავი აღწერაც დაურთო. "მამულ-დედული" ზუგდიდელ ოსტატს საკუთარი ეზოს შესახებ ესაუბრა.

392df1a7-7341-4abc-98a7-1e03c1db95d0-1776630328.jpg

ალიკა ქარჩავა:

- ვცხოვრობ ზუგდიდში, პროფესიით ეკონომისტი გახლავართ, თუმცა ეკონომისტად არ მიმუშავია. ყოფილი სპორტსმენიც ვარ, ჯერ კარატეში ვვარჯიშობდი, მერე კი უშუს სისტემას დავეუფლე. თითქმის 12 წელიწადს ვვარჯიშობდი აქტიურად. ამ ეზოში მუშაობა კი ჩემი დიდი სიყვარული და გატაცებაა.

- საოცარი ეზო გაქვთ. როდის დაიწყეთ ეს საქმიანობა?

- ჯერ იმას გეტყვით, რომ სულ ჩემით ვისწავლე ყველაფერი. არც ინტერნეტი მქონდა მაშინ, რომ სადმე თვალი მომეკრა, როგორ კეთდებოდა. თვითნასწავლი ვარ. 14 წელიწადია, ამ ყველაფერს ჩემი გემოვნებით ვქმნი.

თავიდან ნერგები შევიძინე და მათი დარგვით დავიწყე. ნერგებს თანდათან ვამატებდი. ამიტომ ზოგი 14 წლისაა, ზოგი 10-ის და ზოგიც 7-ის.

49f10f73-4256-4b3c-8e72-6a88df7daa5d-1776630328.jpg

- მოკლედ, მცენარეები თქვენი ხედვით გაანაწილეთ და გადაწყვიტეთ, რომ სახლის წინ ფართობი, ეზო ფაქტობრივად დენდროლოგიურ პარკად გადაგექციათ?

- ასე გამოვიდა. ძირითადად მარადმწვანე მცენარეები მაქვს - კვიპაროსები ბევრი სახეობის არსებობს, მაგრამ დეკორატიული კვიპაროსები, სულ სხვაა. რაკი თავიდან არაფერი ვიცოდი, ინტუიციით, ფანტაზიითა და წარმოსახვით ვმოქმედებდი. მერე ყველაფერი თავისით მოვიდა.

ხეები რომ გაიზარდა, ფორმირება გადავწყვიტე. ახლა რასაც უყურებთ, ეს ყველაფერი ხელის საკრეჭი მაკრატლითაა გაკეთებული და ეტაპობრივად მაქვს თითოეული მცენარე ფორმირებული.

- მთლიანად რა ფართობისაა ეზო?

- დაახლოებით 5 000 კვადრატული მეტრია, მაგრამ ამ მცენარეებით გამწვანებული მხოლოდ 600 კვადრატია.

734e6c8d-afb1-4c57-96b9-3a3e2d2155c0-1776630327.jpg

- ხეები სპირალისებურად, პირამიდებად, ვარსკვლავებად, ჯვრებად და სხვადასხვა ფიგურად არის ნაქცევი. ფაქტობრივად, ცოცხალი სკულპტურებია... ყველა კვიპაროსია?

- არა, მაგალითად, ვარსკვლავები ლეილანდებისგან არის შექმნილი. მოყვითალო ფერის მცენარეები ლიმონიკებია, ორი ჯიშის. ერთი 3-4 მეტრამდე იზრდება, მეორე - 5-6 მეტრამდე. თითოეულ ხემცენარეს თავისებური მიდგომა უნდა... არის პირამიდები, ორმაგი სპირალურები, რომლებიც სმარაგდებია, ტუიის ერთ-ერთი ჯიში. თითოეულისთვის თავისი სტილი მაქვს შერჩეული და მორგებული. თუ უხდება, ე.ი. მისია.

- ასე როგორ შეძელით, მართლაც გასაოცარია... ხომ არ ხატავთ და ამაში ხომ არ არის ამ ყველაფრის გასაღები?

- მხატვრობის ნიჭი ბავშვობაში მქონდა. უბრალოდ, დრო ვერ გამოვძებნე, რომ მასწავლებელთან მევლო.

- და რაც ფურცელზე არ და ვერ გადაიტანეთ, ის, ალბათ, ამ ხეების ასეთ ფორმირებაში გამოიხატა.

- შესაძლოა. ფორმირებას ბევრი რამ უნდა, სისწორე, სიზუსტე უნდა დაიცვა, ყველაფერი გათვალო. თუ რამე შეგეშალა, ისეთი არ გამოვა და თან ის დარღვევა შესამჩნევი იქნება. ამიტომ დიდი დაკვირვება უნდა.

381010f4-6d0c-4899-aa07-9ed6d436bd99-1776630327.jpg

- როდის უნდა მოხდეს ამ ხეების ფორმირება?

- ამ ეტაპზე მიდის ფორმირება, შემდეგ, მაის-ივნისის მერე და მოგვიანებით - სექტემბერ-ოქტომბრიდან. ასევე უნდა შეწამვლაც და კიდევ ბევრი რამ.

- ანუ ახლა შეიძლება, ხომ?

- კი, დაახლოებით 10 დღეს. მერე მაისის ბოლოს და შემოდგომით, როგორც ვთქვი, სექტემბერ-ოქტომბერში. კარგად სწორდება ზამთარშიც.

- თქვენი მარადმწვანე მცენარეები ჯანსაღი რომ იყოს, რა არის საჭირო?

- ზაფხულში წყალი ყოველ მესამე დღეს უნდა მივაწოდოთ. ეს აუცილებელია. ზამთარში კი წყალი ნაკლებად უნდა.

გარკვეული მავნებლების საწინააღმდეგოდ სამ-ოთხჯერ აუცილებლად სჭირდება შეწამვლა შესაბამისი პრეპარატებით. გარკვეული წამლები ზაფხულში მათ სიცხისგანაც იცავს.

- სულ მარტო უმკლავდებით ამხელა საქმეს? ოჯახის წევრები არ გეხმარებიან?

- ამ ყველაფერს მხოლოდ მე, მარტო ვაკეთებ. დედ-მამა და დები ამ საქმეში არ არიან ჩართული.

cdbd71c5-3be3-4352-8ac2-08339a5888d7-1776630327.jpg

- სამეგრელოში ლამაზი ეზოები არავის უკვირს, რადგან ამ კუთხეში ეზოს მოვლის მაღალი კულტურა არსებობს. თუმცა მთლად ასე, დენდროლოგიურ პარკად რომ იყოს ეზო ქცეული, იშვიათობაა... თქვენი ფორმირებული ხეები ცოცხალ ძეგლებს ჰგავს... ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას არ იჩენს?

- მეზობლებს მოსწონთ, ინტერესდებიან, მაფასებენ, მაგრამ სხვა არავინ მოსულა... ხანდახან ეზოს გასალამაზებლად ვიღაცები მეძახიან და ჩემს საქმეს რომ მოვრჩები, მათთან მივდივარ. კიდევ სანადიროდ დავდივარ და დრო ასე გადის.

საერთოდ, ეს საქმე ძალიან მაინტერესებს, ჩემთვის ამ ყველაფრის კეთება ყველაფერია, მამშვიდებს, მსიამოვნებს. თუმცა ადრეულ წლებში ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამას შევძლებდი, ან საერთოდ ამ საქმით ვიქნებოდი დაკავებული. როგორ გავაკეთე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და როგორ გამომივიდა, არც ვიცი.

- დაახლოებით რამდენი დასახელების მცენარე იქნება ეზოში თავმოყრილი?

- ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ბევრია, 30-ზე მეტი იქნება, რომლებისგანაც არის შექმნილი სპირალები, 3D-ნამუშევრები, პირამიდები, ვარსკვლავები, ჯვრები. სმარაგდა სულ სხვა მცენარეა და სხვანაირად მაქვს შეჭრილი, ნახევრად ზღვის ტალღისებურად. არის ასევე ბურთებივით შეჭრილი მცენარეები, რაც დიდ დროს მოითხოვს.

საკმაოდ შრომატევადი საქმეა, დილით რომ დავიწყებ, საღამომდე ორს ვასწრებ, მეტი არ გამოდის. ცოტა დრო არ მიაქვს ამ კვიპაროსების, დიდი და პატარა ლიმონიკების, ბზების ფორმირებას. ბზა სამკუთხედებად მაქვს შეჭრილი. არის ასევე გოლდრაიდერი, ჭაობის კვიპაროსები.

- ადვილად ემორჩილებიან ფორმირებას?

- ადვილად დასაყოლიებელი არც ერთი არ არის. თითოეული მე უნდა დავიყოლიო. სიჩქარე არც ერთს არ უხდება, განსაკუთრებით, სპირალურების ფორმირებას. მეტ დაკვირვებას მოითხოვს და ცოტა განსხვავებული შეჭრა სჭირდება.

- გეგმებზეც ვილაპარაკოთ - კიდევ რას აპირებთ ამ თქვენს არაჩვეულებრივ ბაღში?

- ძალიან ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. სულ სხვა ეტაპზე მინდა გადავიდე. ხეები ცხოველების გამოსახულებით მინდა შევკრიჭო. დათვი უკვე მაქვს. ისეთების გაკეთება მინდა, რომ რეალურს ჰგავდეს. ამ ყველაფერს სამი წელიწადი მაინც დასჭირდება, თან ეს ყველაფერი ხომ უნდა გაიზარდოს.