ვეშაპისებრი ზვიგენი ყველაზე დიდია თევზთა შორის
ვ ეშაპისებრი ზვიგენი ერთ-ერთი შთამბეჭდავი და საინტერესო არსებაა წყალქვეშა სამყაროს ბინადართა შორის. მას სხვა ზვიგენებისგან გამორჩეული შეფერილობა აქვს: ვეშაპისებრი ზვიგენის უზარმაზარი მუქი სხეული თეთრი წერტილებითაა დაფარული, ხოლო მისი წონა ხშირად 15 ტონასაც კი აღწევს. ამ ცხოველზე გვიამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
- ვეშაპისებრ ზვიგენს მართლაც გამორჩეული გარეგნობა აქვს; აღსანიშნავია, რომ თეთრი ლაქები, რომლებითაც მისი სხეულია დაფარული, ისეთივე ორიგინალური და განსხვავებულია, როგორიც ადამიანთა თითის ანაბეჭდები. ეს ნიშნავს, რომ მის სხეულზე არსებული თეთრი ლაქები მხოლოდ ლამაზი კი არ არის, თითოეული მათგანი უნიკალურია. არა მარტო ლაქები, თავად ვეშაპისებრი ზვიგენიც უნიკალური არსებაა, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწაზე. მისი სიგრძე 18-19 მეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ "ვეშაპისებრი" ჰქვია, ის ზვიგენია და არა ვეშაპი, ანუ თევზების კლასს მიეკუთვნება და არა ძუძუმწოვრებისა. ასე რომ, ვეშაპისებრი ზვიგენი არ არის ძუძუმწოვარი, ის თევზია და თანაც ყველაზე დიდი არსებაა თევზებს შორის. გავრცელებულია თბილ, ტროპიკულ წყლებში ატლანტის, ინდოეთის და წყნარ ოკეანეებში. როგორც სხვა ზვიგენები, ისიც ხშირად მიგრირებს და საკვების მოსაპოვებლად დიდ მანძილებს ფარავს.
- როგორ მოიპოვებს ვეშაპისებრი ზვიგენი ნადავლს?
- ამისთვის უცნაურ ხერხს იყენებს - ვეშაპისებრი ზვიგენი წყლის ფილტრაციის დახმარებით იკვებება - თავის უზარმაზარ ხახაში დიდი რაოდენობით წყალს იგუბებს და გაფილტვრის შემდეგ რაც დარჩება, სწორედ ეს არის მისი საკვები, კერძოდ: პლანქტონი, კიბოსნაირები, მცირე ზომის უხერხემლო ცხოველები და პატარა თევზები. სიდიდის მიუხედავად, ის არ არის აგრესიული და სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის, თუ ვინმე სპეციალურად არ გამოიწვევს და არ გააბრაზებს. ამ ზვიგენს აქვს 15 ათასამდე უწვრილესი კბილი, რომელიც 20 ზოლად არის ჩამწკრივებული და საკვების მოპოვებაში ძალიან ეხმარება. ამ პატარა წარმონაქმნებს კბილებსაც ვერ ვუწოდებთ, ისინი ერთგვარ ხალიჩას მოგვაგონებს, რომელსაც ეს უზარმაზარი არსება ფილტრაციისთვის იყენებს.

- გამოდის, ვეშაპისებრი ზვიგენი აქტიური მტაცებლების რიგს არ მიეკუთვნება?
- დიახ, ის სხვა ზვიგენების მსგავსი აქტიური მტაცებელი არ არის, პირიქით, მშვიდი ცხოველია. ზოგჯერ წყალქვეშა მყვინთავები ამ ცხოველებთან ერთად დაცურავენ და მათი არ ეშინიათ. ვეშაპისებრი ზვიგენებიც არ რეაგირებენ მყვინთავებზე - ისინი ცურვას განაგრძობენ.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს თავს არ ესხმის, ამ უწყინარ ზვიგენსაც ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ: ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როცა ის მცირე ზომის სპორტულ თუ საცურაო ნავს დაეჯახა. ამგვარ საფრთხეს ნებისმიერი დიდი ცხოველი ქმნის, ამიტომ ვეშაპისებრ ზვიგენთან გათამამება და ახლოს მისვლა ნამდვილად არ ღირს.
- რამდენად სწრაფად მრავლდება ეს ცხოველი?
- ვეშაპისებრი ზვიგენი სიმწიფის ასაკს მხოლოდ მაშინ აღწევს, როცა მისი სიგრძე 8-9 მეტრია. მდედრები და მამრები დაახლოებით ერთი ზომის არიან. ვეშაპისებრი ზვიგენი მრავლდება კვერცხებით, რომლებიც მის ორგანიზმში ვითარდება. ეს სახეობა იყენებს გამრავლების მექანიზმს, როდესაც დედა რამდენიმე კვერცხს თავის სხეულში ინახავს, მერე თითოეულ ამ კვერცხში ემბრიონი ვითარდება, ბოლოს კი პატარა არსებები იბადებიან. მსგავსი რამ გავრცელებულია არა მარტო თევზებში, არამედ ქვეწარმავლებშიც, რომლებიც სწორედ ასე ვითარდებიან და ჩნდებიან. აღწერილია შემთხვევა, რომელიც 1996 წელს მოხდა: ოკეანეში დაიჭირეს დაახლოებით 11-მეტრიანი ვეშაპისებრი ზვიგენი, რომლის სხეულში დაახლოებით 300-მდე ემბრიონი იპოვეს. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა ამ ზომის ცხოველისთვის.

- წყალქვეშა სამყაროს ბინადართაგან რომელია ვეშაპისებრი ზვიგენის ყველაზე საშიში მტერი?
- მისი დაუძინებელი მტრები დიდი ზვიგენები არიან, მათ შორის უნდა დავასახელოთ თეთრი და ვეფხვისებრი ზვიგენები - ორივე სახეობა აქტიური მტაცებელია. ისინი თავს ესხმიან ვეშაპისებრ ზვიგენს, ყველაზე დიდ საფრთხეს კი ახალგაზრდა ინდივიდებს უქმნიან.
- ცნობილია, რომ ამ გიგანტურ ცხოველს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, როგორია მისი რიცხოვნობა დედამიწაზე?
- ვეშაპისებრ ზვიგენზე ადამიანები იშვიათად ნადირობდნენ, ის არ ყოფილა სანადირო ობიექტი, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა დედამიწაზე სულ უფრო მცირდება. სამწუხაროდ, ვეშაპისებრი ზვიგენი დღეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობად არის მიჩნეული. რა არის ამის მიზეზი? - ბევრი რამ: ბუნებრივი მტრები, გარემოს დაბინძურება და საარსებო ჰაბიტატის შემცირება, გემებთან შეჯახება, მეთევზეობა... იმის მიუხედავად, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს, ამ გიგანტურ ცხოველს ადამიანები მაინც ერჩიან. მაგალითად, ცნობილია, რომ კუბის ერთ-ერთ მოქალაქეს ცხრა ვეშაპისებრი ზვიგენი ჰყავს დაჭერილი. მისი ცხიმი ისე ძვირფასი არ არის, როგორც ვეშაპის ცხიმია, მაგრამ მაინც კარგი ფასი აქვს, რადგან იყენებენ როგორც თევზის ქონს. ამ მიზეზებს ისიც ემატება, რომ ვეშაპისებრ ზვიგენებს დიდი რაოდენობით საკვები სჭირდებათ, ამის გამო კილომეტრების გადალახვა უწევთ და ხიფათს ადვილად გადაეყრებიან. სწორედ ამიტომ ვეშაპისებრი ზვიგენების რაოდენობა დღესდღეობით მხოლოდ 150 ათასია.

- ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია ზოოპარკები და აკვარიუმები, სადაც ეს ცხოველი ჰყავთ...
- დიახ, ვეშაპისებრი ზვიგენი სულ რამდენიმე აკვარიუმში ბინადრობს, მაგალითად, ატლანტაში - ჯორჯიის შტატის ყველაზე დიდი ქალაქის აკვარიუმში და კუნძულ ოკინავაზე - იაპონიაში. ამ ცხოველს ძალიან დიდი აკვარიუმი და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ალბათ, მკითხველიც დამეთანხმება, რომ ამის ფუფუნება ყველა ზოოპარკს არა აქვს.
ხათუნა ჩიგოგიძე