"კახელი" იაპონელი: კიოტოდან სოფელ შალაურამდე - „ღვინის ინტერესმა ჩამომიყვანა და ვენახებიც შევიძინე“ - კვირის პალიტრა

"კახელი" იაპონელი: კიოტოდან სოფელ შალაურამდე - „ღვინის ინტერესმა ჩამომიყვანა და ვენახებიც შევიძინე“

კანჯი საკემი იაპონიაში, ქალაქ კიოტოში დაიბადა, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დაამთავრა და 2018 წელს საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, გაცვლითი პროგრამით სწავლობდა მევენახეობა-მეღვინეობას. ერთხელ ლექცია ჰქონდა ქართული ღვინის ისტორიაზე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან იყო ლექტორი ჩასული და პირველად სწორედ მაშინ შეიტყო საქართველოს შესახებ. შემდეგ ქართველმა მეგობარმა დაბადების დღეზე ქართული ღვინო აჩუქა - ქვევრში დაყენებული რქაწითელი, რომელსაც მისთვის სხვანაირი, საინტერესო გემო ჰქონდა. მერე გადაწყვიტა ქართული შეესწავლა და საქართველოში ჩამოვიდა. თავიდან სენაკში ცხოვრობდა, შემდეგ აჭარაში, ახლახან კი თელავის მუნიციპალიტეტში,

სოფელ შალაურში შეიძინა ვენახი. თავის საინტერესო ყოფაზე კანჯი საკემი გვიამბობს.

- საქართველოში ექვს წელიწადზე მეტია ვცხოვრობ და სულ მინდოდა ჩემი ღვინის დაყენება, თან ქართული ღვინისადმი ინტერესია საქართველოში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი. კარგა ხანია აქა ვარ და ვიფიქრე, უკვე დროა დავიწყო-მეთქი. ჯერ ახალი დაწყებული მაქვს და ყველაფერი უნდა ვისწავლო მევენახეობაზე, აქაური ვაზის მოვლის წესებზე. 15-20 წლის საფერავის ვენახი შევიძინე, ყოფილი მესაკუთრე თვითონ მეღვინეა და ვაზის მოვლას მასწავლის. ეგ დიდი დახმარებაა, რადგან პრაქტიკული მევენახეობის გამოცდილება ჯერ არ მქონდა.

3ef884f7-5a92-4e8c-abb3-cb3ba383f6fb-1776630326.jpg

- რა იყო ყველაზე დიდი სირთულე, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეგხვდათ?

- უდიდესი სირთულე ქართული ენაა. დასაწყისში ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვაგრძელებ სწავლას, რომ აქაურ ხალხთან კომუნიკაცია შემეძლოს.

- როგორია დღეს თქვენი ყოველდღიურობა სოფლად?

- ჩემს საყვარელ ძაღლთან ერთად ვცხოვრობ, დილით ვასეირნებ ხოლმე, შემდეგ ვსაუზმობ. თუ ამინდია, ვენახში ელექტროველოსიპედით მივდივარ, მაგრამ იაპონურ ენას დისტანციურად ვასწავლი და გაკვეთილამდე სახლში ვბრუნდები. საღამოს კიდევ ვასეირნებ, ვათამაშებ ძაღლს. ახლა ქათმები მოვიყვანე და მათაც ვუვლი. საჭმელს ჩემით ვიკეთებ. ბოსტანიც მაქვს და იმედია, კარგი მოსავალი მექნება.

- მეზობლები გყავთ?

- დიახ, და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მეხმარებიან. უკვე სუფრებზეც მეპატიჟებიან. სახლის მესაკუთრეც გვერდით ცხოვრობს და ძალიან კეთილია, ბევრ რამეში მეხმარება.

- ამ ექვსი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეს გაეცნობოდით.

- დიახ, და სასიხარულოა, რომ სხვადასხვა მხარე ვნახე... კერძების, ტრადიციების, ბუნების, ენისა და სხვა ბევრი რამის მრავალფეროვნების გამო არასდროს მომბეზრებია საქართველოში მოგზაურობა და ცხოვრება.

დასავლეთი საქართველო კლიმატით ცოტა ჩემს სამშობლოს ჰგავს. განსაკუთრებით აჭარა, იქ სინესტე და ისეთი ფლორაა... მანდარინს იაპონიაშიც ვჭამდი ხოლმე. სამეგრელო ენისა და კერძების თვალსაზრისით განსაკუთრებულად უნიკალური კუთხეა. ცხარე საჭმელი მომწონს და ამიტომაც მეგრული კერძები მიყვარს ყველაზე მეტად. ყაზბეგი, სვანეთი და ჯავახეთიც მომეწონა, იაპონიაში ასეთ სიმაღლეზე არასდროს მიცხოვრია და მთის ბუნებით, ჰაერის სისუფთავით დავტკბი.

გურიაში მხოლოდ რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, იქ ძალიან გემრიელ ჩაის ამზადებენ. იაპონიაშიც ჩაის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სოფლის მეურნეობის დარგია, იქ სულ მწვანე ჩაის ვსვამდი. გურული მწვანე ჩაიც ძალიან მომეწონა. კახეთი ღვინის კუთხეა, რა თქმა უნდა. თუშეთსა და პანკისში ჯერ არ ვარ ნამყოფი და ოდესმე აუცილებლად ვიმოგზაურებ. რაჭა-ლეჩხუმი საცხოვრებლად იდეალური იქნებოდა ჩემთვის, რადგან ორივეგან შესაძლებელია მთაში ცხოვრება და მეღვინეობა.

- იაპონელ მეგობრებს თუ გააცანით საქართველო?

- მეგობრები რამდენიმეჯერ სამოგზაუროდ ჩამოვიდნენ. მოკლე ხნით იყვნენ და საქართველოში ნაცნობობის გასაბმელად დრო საკმარისი არ იყო. თუმცა ქართული ღვინო და ბუნება გავაცანი და ძალიან მოეწონათ.