რატომ არის ბატის გამრავლება მომგებიანი - კვირის პალიტრა

რატომ არის ბატის გამრავლება მომგებიანი

ახმეტაში, სოფელ ზედა ხოდაშენში მცხოვრები ახალგაზრდა ფერმერის ნინო მელქუაშვილის კარგი შედეგები არ უნდა გვიკვირდეს მისი შრომისმოყვარეობის, ნიჭისა და ალღოს წყალობით. მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ფერმის გაძღოლა დაქირავებული მუშახელის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია, ის კი ახერხებს. ფერმერ ქალს ამჯერად ისეთ სასარგებლო და მომგებიან ფრინველზე ვესაუბრეთ, როგორიც ბატია. გამოჩეკის სეზონიც ბატს სწორედ ახლა აქვს. თუმცა, ვიდრე ამ თემას შევეხებოდეთ, წარმოუდგენელია არაფერი ვთქვათ ჩვენი რესპონდენტის ფრინველის ფერმაზე. ამიტომ საუბარი იმ კითხვით დავიწყეთ, რომელიც ალბათ, ყველას დააინტერესებს, ვისაც სურს ფრინველების მოშენებით სარგებელი ნახოს.

4b3d6a7d-edfc-4902-b586-70b93e93329f-1776630328.jpg

ნინო მელქუაშვილი:

- ყველა ფრინველი მყავს, მწყრის ჩათვლით. მალე შევიძენ სირაქლემასაც, რადგანაც მისი გამრავლება მაინტერესებს. ფრინველები ძალიან მიყვარს, ამიტომ მინდა ყველა სახეობა მყავდეს. თუ ადამიანს შრომა უყვარს, მას არავის ხელებში არ დასჭირდება ყურება, რომ როგორმე მისთვის რამე გაიღონ. შრომით შევძელი ოჯახის ნელ-ნელა ფეხზე დაყენება და იმედიანად ვარ, რადგან ჩემი მეუღლეც მიდგას მხარში, თითქმის ყველა ხელობა იცის და როდესაც სხვა საქმეებისგან თავისუფალია, მთელ დროს ფერმას უთმობს. ზოგ ტექნიკას, რაც მეფრინველეობაში შრომას ამსუბუქებს და არც ისე ძვირია, გამოწერით ვიღებთ. ეს ძალიან დამეხმარა მწყრის ფერმაში. ამჟამად თითქმის 3000 მწყერი მყავს.

- როგორც ვიცი, მწყრის რეალიზაცია არც ისე მარტივია.

- კი, ნამდვილად რთულია და მეც მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალურ კვებაზე მყავს გაზრდილი, მაგრამ მწყერი სპეციფიკური ფრინველია და ყიდულობს მხოლოდ ის, ვინც იცის მწყრისა და მისი კვერცხის მაქსიმალური სარგებლიანობა. თუმცა ასეთი ხალხი საბედნიეროდ არსებობს და მიკავშირდება.

614af498-b5b7-4e99-b0d9-2d9f01a234a4-1776630328.jpg

ესთეტიკისა და სილამაზისთვის ვზრდი ულამაზეს ფარშევანგებს, რეალიზაციისთვის კი, რა თქმა უნდა, ქათამს, იხვსა და ბატს, რომელიც სასარგებლოა როგორც მეხორცულობით, ისე კვერცხითა და ბუმბულით. ბატი სწორედ მაგიტომ არის საინტერესო, რომ ასე ვთქვათ, საიდანაც უნდა შეხედო, ყოველმხრივ სარგებლის მომცემია. გამოჩეკის სეზონი სწორედ ახლა აქვს, თავადაც მაქვს ინკუბატორში დაწყობილი ბატის კვერცხი გამოსაჩეკად. თუმცა, როგორც ვხვდები, ბატის ჭუჭულების გამოჩეკისთვის მაინც ბუნებრივი გამოჩეკა ჯობს. უმჯობესია თავად ბატს გამოვაჩეკვინოთ, როდესაც კრუხობს, თუ არადა, ქათამიც გამოდგება. ეგ არის, იმდენ ბატის კვერცხს ვერ მოითავსებს, რამდენსაც ბატი.

- კვერცხის შოვნაც, ალბათ, პრობლემაა, ბატს კიდევ უფრო ნაკლები ზრდის, ვიდრე ქათამს. თუმცა მომრავლების სურვილი ბევრს აქვს და ამიტომ გეკითხებით.

- თუ მოვინდომებთ, ბატის კვერცხებს ყოველთვის შევიძენთ, არის ხალხი, ვისაც ბატები ჰყავს და კვერცხსაც საგანგებოდ ინახავს გასაყიდად, რადგან არცთუ იაფი ღირს. ცუდი ის არის, რომ შესაძლოა თვით კვერცხის მესაკუთრემაც არ იცოდეს, რამდენად ხარისხიან კვერცხს გაძლევს. მქონდა შემთხვევა, როდესაც 50 კვერცხიდან მხოლოდ 11 ჭუჭული გამოიჩეკა. თუმცა გულწრფელად გეუბნებით, რომ ბატის სარგებლიანობის გათვალისწინებით 11 ჭუჭულიც კარგი შენაძენია, ოღონდ ეგ არის, ინკუბატორში ცოტა ჭირს გამოჩეკა - რატომღაც უჭირთ ჭუჭულებს კვერცხის ნაჭუჭის ამოტეხა და გარეთ გამოსვლა, ამიტომ მე ვეხმარები. სხვებსაც, რა თქმა უნდა, შეუძლიათ დაეხმარონ, თუ ჭუჭულებს გაუჭირდებათ კვერცხიდან გადმოსვლა.

d74bcc52-9508-42ff-8a29-20027f274545-1776630327.jpg

- საინტერესოა, როგორ ეხმარებით ჭუჭულებს?

- მარტივი ამბავია - ბატის ჭუჭულს გამოსატეხად 28 დღე სჭირდება. 28-ე დღეს დავანათებ ტელეფონით კვერცხს და სადაც ჭუჭულს ნისკარტი აქვს მიბჯენილი, იქ ამოვტეხ ფრთხილად პინცეტით. თუ ჭუჭული დაიწივლებს, ე.ი. ჯანსაღია. მერე თავს ნაჭუჭიდან ამოაძვრენს და ჯერ კიდევ სველი ამოდის. ამის ნახვა ერთი სიამოვნებაა - მოდის ახალი სიცოცხლე და ხარობ. ბატის ჭუჭულები ძალიან ლამაზები არიან. დაწყობილად დადიან ყველგან, სხვათა შორის, მეც რიგში დაწყობილი დამდევენ. აი, ეგ მიკვირს, მე რატომ დამდევენ, წყალზე ან ბალახზე რომ მიდიოდნენ, კიდევ გასაგებია, მაგრამ ჩემი ჭუკები მე დამდევენ და არა ოჯახის სხვა წევრებს. ეგ რომ ვიკითხე, ასე რატომ ხდება-მეთქი, არავინ იცოდა. ამიტომ თავად დავასკვენი, ჩემს ხმას ან სილუეტს აღიქვამენ როგორც პატრონისას, რომელიც მათ საკენკს აძლევს და, ალბათ, ამიტომ დამდევენ.

- გამოჩეკისას პირველს ვისაც დაინახავს, დედადაც მას მიიჩნევს და დასდევს... ანუ ბატი ბალახობს?

- კი, ბალახობს, როგორც, ვთქვათ, ბატკანი. ზოგადად, შინაურ ფრინველს უყვარს ბალახის კენკვა, ეს მათ აკაჟებს, მაგრამ ბატი შინაურ ფრინველებს შორის ყველაზე მეტად არის ბალახის მოყვარული. დილით ერთჯერადად გადაუყრი საკენკს, ისიც ცოტას და მერე მიდის საბალახოდ. შემდეგ მთავარია, წყალი ჰქონდეს და ბატიც წყლისა და ბალახის გარდა არაფერს დაიჭირვებს. ამას მათთვის ვამბობ, ვინც სოფლად ცხოვრობს, ახლომახლო წყალი აქვს და ფრინველის გაზრდა სურს. ამ შემთხვევაში ბატი იდეალური ფრინველია.

- ისეთი თვისებები ჩამოთვალეთ, რომ ბატი უნიკალური შენაძენია სოფლად მცხოვრებთათვის, ვისაც ფრინველის მომრავლება სურს. ამას თუ დავუმატებთ ბატის დიდსა და ნოყიერ კვერცხს, ბატის აპოხტს (ლორს) თუ ბუმბულს, ვინც ამ ფრინველს გაამრავლებს, არ წააგებს.

- სხვადასხვა ჯიშის უამრავ ფრინველს ვზრდი, მაგრამ მათ შორის ბატზე მართლაც რომ დიდი მოთხოვნაა.