ნავთობის დიდი ლაქა საქართველოსკენ დაიძრა?! - ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს სანაპიროებს
ეს ფრაგმენტირებული ნაგლეჯები შეიძლება დიდი ალბათობით მოხვდეს ჯერ ჩვენი აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდეგ ანაკლიაში და ასე შემოვიდეს საქართველოს მთლიან სანაპირო ზოლზე“,- ამის შესახებ ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოსდაცვითმა მმართველმა მარიამ ჭედლიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ შავ ზღვაში ჩაღვრილ ნავთობზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, შავ ზღვაში, ანაპის სანაპიროდან 11 კილომეტრში ნავთობის დიდი ლაქა გამოჩნდა, შემაკავებელმა ზომებმა კი მისი ნაპირისკენ დრეიფი ვერ შეაჩერა.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლება ლაქის ყველაზე სავარაუდო მიზეზად „შავ და აზოვის ზღვებში გემებსა და სანაპირო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმებს“ ასახელებს.
რაც შეეხება მასშტაბებს, რუს გარემოსდამცველთა ჯგუფის მიერ თანამგზავრ Sentinel-1-ის სურათების გაანალიზების თანახმად, ნავთობის ლაქა 117 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და სამხრეთ-დასავლეთით 43 კილომეტრზე არის გადაჭიმული. გარემოსდამცველები დაღვრილი ნავთობის მოცულობას 300-350 ტონად აფასებენ.
„ახლა ნავთობის შავი ლაქა კიდევ უფრო გაიშლება ზღვის ზედაპირზე“
მოსალოდნელია თუ არა, რომ დაბინძურებამ საქართველომდე მოაღწიოს, გარემოსდაცვითი მმართველი მარიამ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად შესაძლებელია. მეტიც, მისი თქმით, აფხაზეთის სანაპირომდე რომ მივა, ეს ცალსახაა.
“შესაძლებელია რა თქმა უნდა. როდესაც ასეთი დიდი მასშტაბის დაღვრაზეა საუბარი, ის საკმაოდ დიდ რეგიონებს, ზღვის საკმაოდ დიდ ეკოსისტემებს მოიცავს. ახლა ეს ლაქა ნელ-ნელა კიდევ უფრო გადანაწილდება და გაიშლება ზღვის ზედაპირზე. თან ზაფხულის პერიოდი მოდის და მზის ზემოქმედების შედეგად ის დაიწყებს ფრაგმენტირებას. იმის მიხედვით თუ როგორ წაიღებს დინება, ეს ფრაგმენტირებული ნაგლეჯები შეიძლება დიდი ალბათობით, მოხვდეს ჯერ ჩვენი აფხაზეთის ტერიტორიაზე და შემდეგ ანაკლიაში და ასე შემოვიდეს საქართველოს მთლიან სანაპირო ზოლზე, რომელიც ჯამში დაახლოებით 150 კილომეტრია (აფხაზეთის ჩათვლით). ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს მოხვდება ჩვენს ტერიტორიაზეც.
ეს რა თქმა უნდა, დაბინძურება იმოქმედებს ყველანაირ კვების ჯაჭვზე, დაწყებული ზედაპირიდან შემდეგ ეს ნელ-ნელა დაიშლება, ჩავა ქვემოთ და შემდეგ სეგმენტურად გადანაწილდება. შეიძლება იყოს ღელვა და ღელვამაც გამოიტანოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცალსახად, ეს ყველა მოსაზღვრე ქვეყანას შეუქმნის ეკოლოგიურ საფრთხეს“,- ამბობს მარიამ მჭედლიშვილი.
კითხვაზე, რამდენად დიდი შეიძლება იყოს ზიანი და რა უნდა გაკეთოს ქვეყანამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პასუხობს:
„ჩვენი მხრიდან მექანიკური შეგროვების მეთოდების გამოყენება შეიძლება, თუ დიდი ლაქა მოხვდა ჩვენთან. ხოლო შემდეგ უკვე შესაძლებელია წყლის ბიორემედიაციაც.
ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ასე - წყლის გარკვეულ ზედაპირზე საზღვრის გაკეთება, შემდეგ მექანიკური შეგროვება და ამის შემდეგ უკვე ბიორემედიაცია. აი ეს არის კლასიკური გაწმენდის გზა ნებისმიერ წყლის ეკოსისტემების, სადაც ნახშირწყალბადები იღვრება.
რაც შეეხება კონკრეტულ საფრთხეებს, ახლა საჭიროა ამ ლაქაზე მეცნიერული დრონებით დაკვირვება და საინტერესოა ისიც, სამეცნიერო კვლევები რა მიმართულებით მიდის. უნდა ვიცოდეთ ქარის მიმართულება, რადგან ის მოქმედებს დინებებზე. ზოგადად, შავ ზღვას ახასიათებს ჩახვევითი დინებები, ანუ წრიული, როდესაც გადადიხარ ნაპირისკენ და ახლა რომელ მხარეს რას წამოიღებს, ეს არის ჯერ სანახავი. ყურადღებით უნდა იყვნენ სასაზღვრო დანიშნულების კატერებზე, ასევე შავი ზღვის ნაწილზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობა..