ავსტრიაში HiPP-ის საბავშვო საკვებში ვირთხის წამალი აღმოაჩინეს - "ქილაში უცხო ნივთიერება ხელოვნურად იყო შეყვანილი"
ავსტრიის პოლიცია მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს, რადგან მედიის ცნობით, ცნობილი ბრენდის, HiPP-ის საბავშვო საკვების ერთ-ერთ ქილაში ვირთხის წამლის ნაწილაკები აღმოაჩინეს.
შემთხვევა ბურგენლანდის რეგიონში დაფიქსირდა.
- პოლიციის განმარტებით, მათ მოწამლული სტაფილოსა და კარტოფილის პიურეს საბავშვო საკვების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა. საბედნიეროდ, ბავშვს საკვები არ მიუღია. დათვალიერებისას გაირკვა, რომ ქილა წინასწარ იყო გახსნილი და მასში უცხო ნივთიერება ხელოვნურად იყო შეყვანილი.
სამართალდამცავებს მიაჩნიათ, რომ გაყიდვაში სულ მცირე კიდევ ერთი ქილა არის დარჩენილი, რომელშიც მოწამლული საკვებია.
HiPP-ის რეაქცია და პროდუქციის გაწვევა
შაბათს კომპანია HiPP-მა ავსტრიის Spar-ის ქსელიდან პიურეების მთელი ასორტიმენტი გაიწვია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი პრევენციულია, რადგან პროდუქტის მოხმარება შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.
"პროდუქციის გაწვევა არ უკავშირდება წარმოების ხარისხს ან ქარხნულ დეფექტს. ეს არის კრიმინალური აქტი, რომელსაც სამართალდამცავები იძიებენ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.