პუტინის ოკუპანტები ისევ მოძვრებიან... "ტრუბიდან“...
უკრაინელი სამხედროები იტყობინებიან, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სუმის ოლქში, იაბლუნივკას დასახლებასთან ახლოს, გაზსადენით წინსვლა სცადეს. ყურადღების გადასატანად, მათ ერთდროულად მოტოციკლებით თავდასხმა განახორციელეს.
ამის შესახებ 71-ე ცალკეული საჰაერო-მობილური ბრიგადის პრესსამსახურმა განაცხადა .
სამხედროების ცნობით, 71-ე ცალკეული საჰაერო-მობილური ბრიგადის და დამხმარე დანაყოფების კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, მოქმედებები დროულად იქნა აღმოჩენილი და შეჩერებული.
მტრის მთლიანმა დანაკარგმა 35 მებრძოლი შეადგინა,17 დაიჭრა. უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს სამი მოტოციკლი და ოთხი ყველგანმავალი.
ნავთობის და ბუნებრივი აირის სადენი მილების გამოყენება ფარულად გადასაადგილებლად ფრონტის ხაზთან ან სულაც მოწინააღმდეგის ზურგშიც შესაღწევადაც კი, საინტერესო სამხედრო ეშმაკობას წარმოადგენს და ამ ხერხს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ამ ომში უკვე რამდენჯერმე მიმართეს.
ეს 2026 წელს რუსი ჯარების მიერ, სულ მცირე, მეოთხე მცდელობაა, რომ „დრუჟბას“ გაზსადენის მონაკვეთების გამოყენებით ამ სექტორში უკრაინული დანაყოფების ზურგში შევიდნენ.
თუმცა, პირველად რუსმა სამხედროებმა ამ სამხედრო ეშმაკობას ერთი წლის წინ მიმართეს და ისიც თავისივე ტერიტორიაზე-კურსკის ოლქში, რომლის ნაწილიც მაშინ უკრაინელ მებრძოლებს ჰქონდათ დროებით ოკუპირებული.
2025 წლის მარტში, რუსეთის ჯარებმა განახორციელეს ოპერაცია „ტრუბა“, ფარულად გადაკვეთეს დაახლოებით 14 კილომეტრი ურენგოი-პომარი-უჟგოროდის ცარიელი გაზსადენი კურსკის რეგიონში . წყაროების ცნობით, 800-მდე ჯარისკაცმა გადაკვეთა მილსადენი, რათა შეჭრილიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების უკანა ზონებში სუჯასთან ახლოს, რაც უჩვეულო ტაქტიკური მანევრი იყო.
თავად რუსული წყაროები იუწყებოდნენ,რომ რუსმა სამხედრო მოსამსახურეებმა 1 420 მმ დიამეტრის მილის შიგნით იარეს, რომელიც ურენგოი-პომარი-უჟგოროდის გაზსადენის ნაწილია და რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი 2025 წლის 1 იანვრიდან აღარ მიეწოდებოდა. მილსადენში გამვლელი ჯარისკაცების ამოცანა სუჯაზე თავდასხმაში მონაწილეობა იყო .
ამ ოპერაციაში მონაწილეობდნენ „ვეტერანების“ სადაზვერვო-საიერიშო ბრიგადის, „ვოსტოკის“ საიერიშო ბრიგადის, მე-11 ცალკეული გვარდიული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის, მე-30 ცალკეული გვარდიული მოტორიზებული ბრიგადისა და „ახმატის“ სპეციალური დანიშნულების რაზმების ნაწილები.
ოპერაციისთვის მზადება სამ კვირას გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მილსადენიდან აირის ნარჩენები ამოიტუმბა, მილი რამდენიმე ადგილას ამოჭრეს დამატებითი ამოსასვლელების შესაქმნელად და საბრძოლო მასალის, საკვები პროდუქტების მისაწოდებლად.
რუსი სამხედროები მილსადენის 14 კილომეტრის გასავლელად ექვსი დღის განმავლობაში მიცოცავდნენ, ჟანგბადისა და წყლის დეფიციტის პირობებში. მილსადენში ნარჩენი ბუნებრივი აირის გამო ისინი იძულებულნი იყვნენ ზოგიერთი მონაკვეთი ჟანგბადის ავზებით გაევლოთ [ 8 ] .
მილში 800-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფებოდა და სრულ სიბნელეში, ჰაერის ნაკლებობასა და ყინვაში უწევდათ სიარული. მეთანის შესუნთქვის შედეგად ბევრმა ჯარისკაცმა ფილტვების ქიმიური დამწვრობა მიიღო.დამწვრობამ სწრაფად გამოიწვია პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.
საბოლოო ჯამში მილიდან ასიოდე რუსი სამხედრო თუ გამოვიდა, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შეეძლოთ ბრძოლის გაგრძელება,დანარჩენები კი დაიწამლნენ, ზოგი მილშივე დაიღუპა, მილიდან ევაკუირებულებს კი საშუალო სიმძიმის მწვავე ბრონქიტი დაუდგინდათ და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მილების საშუალებით ფარულად გადაადგილებას ერთი უდიდესი პრობლემაც გააჩნია-მილში მცოცავი მებრძოლები ფაქტობრივად გამოკეტილნი არიან და თუკი მოწინააღმდეგემ შეიტყო მათი ჩანაფიქრი,მათ ამავე მილში ამოხოცავს...