“პატრიარქამდე ღმერთმა ასე მიმიყვანა...მჯერა, რომ ახლა ღმერთთან არის და იქიდან შეგვეწევა“ - კახა მიქიაშვილის “სახალხო ინტერვიუ“
“მოგესალმებით მე ვარ კახა მიქიაშვილი, მსახიობი, ტელე-რადიო წამყვანი. სულ ეს არის მოკლედ, რაც შემიძლია ჩემზე ვთქვა“ - ასე დაიწყო Ambebi.ge-სა და “პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუ“ მორიგ სტუმართან, კახა მიქიაშვილთან, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-სტიქაროსანი იყო. მსახიობმა მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო “სახალხო ინტერვიუს“ სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
ნინი:
- კახა, მოგესალმებით. მსახიობობა როდის, რატომ, ვისი თუ რისი გავლენით გადაწყვიტეთ?
- ბავშვობიდან, როცა მეკითხებოდნენ, ვინ გინდა გამოხვიდეო? რატომღაც მსახიობი-თქო, ამას ვამბობდი. ოღონდ, სანათესავოში, ოჯახში მსახიობი არავინ მყოლია, თეატრშიც უკვე მოზრდილი მივედი, არავის გავლენის ქვეშ მოვხვედრილვარ. შესაძლოა მაინც იმან განაპირობა, რომ ბებია მზრდიდა და ჩემს საყვარელ რაჭაში დავყავდი, ბევრი ლექსი ვიცოდი და ლექსებს მაკითხებდნენ. შემოვდგებოდი სკამზე და ვკითხულობდი. ეტყობა, ეს პოპულარული ბავშვობა მომწონდა და შეიძლება ამანაც იმოქმედა... მოკლედ, არ ვიცი. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელს არ ჩამიბარებია, ერთი წელი ვიფიქრე. როცა გადავწყვიტე და “თეატრალურში“ ჩავაბარე, მივხვდი, რომ მე სხვა რამე მინდოდა და იქ სხვა რაღაც ხდებოდა. ყველაფერი უფრო მარტივად წარმომედგინა. მეგონა, რომ ჩააბარებდი, კინოში გადაგიღებენ, პოპულარული გახდები... თან ჩემი სტუდენტობა 90-იან წლებს დაემთხვა, მაგრამ ძალიან მომეწონა, სადაც მოვხვდი. ეს ჩემი გენიალური პედაგოგის ბატონი შალვა გაწერელიას დამსახურებაა. მას მერე ვარ ამ პროფესიაში და სხვაგან წასვლა არც მიფიქრია. მსახიობობა ჩემი ცხოვრების ნაწილია თუ ცხოვრება, უკვე აღარ ვიცი. ბევრი მსახიობისგან მოისმენდით ცნობილ ფრაზას, რომ თეატრი მეორე ოჯახია. ჩემი კოლეგები და თეატრის თანამშრომლები უფრო ხშირად მხედავენ, ვიდრე ოჯახის წევრები. ეს არის ჩემი ყოფა, ჩემი ფიქრი, ჩემი პროფესია და ჩემი მუდმივი განვითარება.
ფოტო: კახა მიქიაშვილი და მისი პედაგოგი შალვა გაწერელია
თინა:
- თეატრი, სცენა, სპექტაკლი, კულისები - რა არის თქვენთვის?
- ეს არის ის, რაც მე ვარ და ეს ყველაზე კარგად აქ წარმოჩინდება. წარმოჩინდება სცენაზე გმირების სახით, კულისებში, საგრიმიოროში. ძალიან მარტივია ყველაფერი, რენტგენივითაა. ერთმანეთს კარგად ვიცნობთ... იქ ვერავინ ვერაფერს ვერ დავმალავთ... ამიტომ ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხანდახან მტკივნეული და დამღლელიც... შეიძლება გვიფიქრია, რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ მაინც ისეა, რომ ვერ ელევი... გიზიდავს. თეატრს ეს აქვს. ამას მარტო თეატრის ხალხი ხვდება. რაღაც აუხსნელი რამაა. ერთხელ თუ ჩაისუნთქე იქაური სურნელი, ვეღარ მოწყდები.