“საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც მამას უპასუხია, ასევე დეპეშით: "გაიკერე ჯიბე. მამა". - მოგონებები გია დანელიასა და სოფიკო ჭიაურელზე - კვირის პალიტრა

“საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც მამას უპასუხია, ასევე დეპეშით: "გაიკერე ჯიბე. მამა". - მოგონებები გია დანელიასა და სოფიკო ჭიაურელზე

(არქივიდან)

"ხომ საუცხოო ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ხდებოდნენ მსახიობი და რეჟისორი“

ნიკუშა შენგელაიასთან ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ სოფიკო ჭიაურელსა და გია დანელიაზეა. სევდიანი კომედიების ავტორის ქართული დღეები ხომ სწორედ ამ ოჯახში გადიოდა. აქ ჩნდებოდა სიუჟეტები მისი ფილმებისთვის და პერსონაჟებიც კი აქ იბადებოდნენ. როგორი იყო გია დანელია და როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მას და სოფიკოს, ჩვენი ინტერვიუთი შეიტყობთ.

- რაც თავი მახსოვს, ჩემს მეხსიერებაში სულ არის გია დანელია. ჩვენი ოჯახის წევრი იყო. გია და მისი დედა მერი, როცა თბილისში ჩამოდიოდნენ, სულ ჩვენთან ცხოვრობდნენ. ძალიან მხიარული კაცი იყო, საყვარელი, გამორჩეული იუმორი ჰქონდა, თავისებური, ისეთი, როგორიც ფილმებში აქვს. დანელიასნაირი იუმორი არავის აქვს. მერი ვერიკოს და იყო და სულ ერთ ოთახში იყვნენ. როგორც ოჯახის სხვა წევრები, ისე მახსოვს გიაც. გია შვიდი წლით იყო დედაზე უფროსი. ერთად იყვნენ გაზრდილი. ჩემო საყვარელო დაიკოო, ასე მიმართავდა ხოლმე გია.

- გია დანელია მოგონებებში წერს, თბილისში ჩამოსულს დროსტარებაში თანხა მალე გამოლევია და მამისთვის დეპეშა გაუგზავნია: "საყვარელო მამა, დავკარგე ჯიბის ფული. გკოცნი, გია", რაზეც მამას უპასუხია, ასევე დეპეშით: "გაიკერე ჯიბე. მამა".

- ძალიან კარგი კაცი იყო კოლია, გია დანელიას მამა. ნამდვილი ინჟინერი... მოსკოვში არაერთი მეტროსადგურია მისი აშენებული. თავიდან გიას პროფესიულ არჩევანს არასერიოზულად უყურებდა. მერე, აღიარებული რომ გახდა, მისი ფილმები მოსწონდა, თუმცა მაინც არასერიოზული პროფესიის წარმომადგენლად თვლიდა.

- გია დანელიას მიხეილ ჭიაურელთან ჰქონია არაჩვეულებრივი ურთიერთობა. როგორც ვიცი, მისი მოყოლილი არაერთი ამბავი მერე დანელიას ფილმის სიუჟეტად იქცა.

- ძველ თბილისზე მიშას მოყოლილი ამბები სხვადასხვა ფილმში მხვდება. მის მონაყოლზე რიგები იყო. სახლში ხშირად მოსულან რეჟისორები, ძია მიშა, ეს როგორ გავაკეთოთო. მიშა ჭიაურელი იყო უშრეტი ენერგიისა და უზღვავი ინფორმაციის დამტევი ადამიანი. მისი მონაყოლის მიხედვით მუსიკალური ნომრები და დეკორაციებიც იდგმებოდა. გიაც ჩვენთან რომ ჩამოდიოდა, საათობით იჯდა პაპაჩემთან და რაღაცებს აყოლებდა. როგორც ვიცი, "არ დაიდარდოს" ერთ-ერთი ეპიზოდი, კერძოდ, ექიმ ლევანის მიერ სიცოცხლეში საკუთარი ქელეხის ინსცენირება პაპაჩემის მოყოლილი ამბის მიხედვით გადაიღო. ამის შესახებ წერს კიდეც გია თავის მოგონებებში. ამ თავს "დირექტორის გასვენება" ჰქვია.

განაგრძეთ კითხვა