"ხელოვნური აპარატი ეკეთა, სუნთქვა უჭირდა, თან სიგარეტს ეწეოდა და თან ჩაფლული იყო მუშაობაში. სულ ქმნიდა..." - კვირის პალიტრა

"ხელოვნური აპარატი ეკეთა, სუნთქვა უჭირდა, თან სიგარეტს ეწეოდა და თან ჩაფლული იყო მუშაობაში. სულ ქმნიდა..."

ბუბა კიკაბიძის მოგონებიდან: "ერთ დღეს გია დანელიამ დამირეკა, იმ სიმღერისმაგვარი სიმღერა ჩამოვიტანე, რომელიც ყანჩელმა მინდა დაწეროს "მიმინოსთვის". დღეს ლულია (გია ყანჩელის მეუღლე) სადილად დაგვპატიჟებს და ამ სიმღერასაც მოვასმენინებთო. მივედით. დანელიამ ფირფიტა მიაწოდა, ასეთი სიმღერა მინდაო. იმან ჩართო და რეი ჩარლზი მღერის Esterday-ს. გასაგებიაო, ყანჩელმა და მესამე დღეს მოუტანა "ჩიტო-გვრიტო"

გია ყანჩელი: "იცის კი ვინმემ, რა ფერის შეიძლება იყოს სევდა? სამწუხაროდ, არც მე ვიცი, მაგრამ ამავე დროს, მოვლენები ჩვენ ირგვლივ შეფერილია განსაკუთრებული ფერებით... ჩვენ ხომ ყველას ჩვენი სევდის ფერების ქვეყანა გვაქვს... ისე, სიხარულის ფერების ქვეყანა არსებობს კი სადმე? არ ვიცი... ერთადერთი, რაც უფლებას მაძლევს ჩავთვალო, რომ ჩემს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია, არის ის სამარისებური სიჩუმე, რომელიც იწყება ჩემი ნაწარმოების დასრულების შემდეგ... "გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. თითქოს სიმბოლურია - დიდუბის პანთეონისაკენ მიმავალი მისი უკანასკნელი გზა ყვითელი ფოთლებით იყო მოფენილი. იმ დღეს სევდა ამ ფოთლების ფერი იყო...

"მანქანა გააჩერა და მითხრა, ნანი, სიმღერა დაგიწერეო"

ნანი ბრეგვაძე, მომღერალი: - ბევრის თქმა მინდა გიაზე, მაგრამ ძალიან მიჭირს. ჩვენ დიდი კომპოზიტორი დავკარგეთ. გიამ "ის აქ არის" ჩემთვის დაწერა. ერთ დღეს ქუჩაში მივდიოდი. მაშინ გიას კი ვიცნობდი, მაგრამ არ ვმეგობრობდით. მანქანა გააჩერა და მითხრა, ნანი, სიმღერა დაგიწერე და მინდა მოგასმენინოო. ეს იყო 1957 წელს. ამ სიმღერას იმ დღიდან ვმღერი. გიას განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა. ისე მოჰყვებოდა რაღაცას, თავად არც ეღიმებოდა, ჩვენ კი ცუდად ვხდებოდით, იმდენს ვიცინოდით. უნიჭიერესი იყო - როგორ მეტყველებდა, როგორ აზროვნებდა...

"გიამ ჩემი ბოლო ფილმისთვის ზურა ყიფშიძე აამღერა"

ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი: - სიკვდილის შვილები ვართ ყველა, მაგრამ ის ტანჯვის გზა, რომელიც გიამ ბოლო თვეებში გაიარა, უმძიმესია. "როცა აყვავდა ნუშით" დაწყებული, ჩემს ყველა ფილმზე გიასთან ერთად ვმუშაობდი. ბოლო ფილმიც, "ოქროს ძაფი", გიამ გააფორმა მუსიკალურად. პრემიერაზეც ერთად ვაპირებდით წასვლას... ფილმისთვის მინდოდა სიმღერა დაეწერა და უცებ მოიფიქრა, ზურა ყიფშიძე აამღერა.

გიას ჩვენი საერთო მეგობარი ზაირა არსენიშვილი გაუცინარ ხელმწიფეს ეძახდა, თან ხომ ჯმუხი იყო, თან ენამახვილი. თავისი პრინციპები ჰქონდა და იმის მიმდევარი იყო მთელი ცხოვრება.

ბოლოს ჩემს შვილთან ერთად ვესტუმრე. ხელოვნური აპარატი ეკეთა, სუნთქვა უჭირდა, თან სიგარეტს ეწეოდა და თან ჩაფლული იყო მუშაობაში. სულ ქმნიდა...

"ყველას ჩვენი გია გვყავს"

ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი: - ამ მსოფლიო მასშტაბის კომპოზიტორზე ბევრ ლამაზ სიტყვას იტყვიან, მაგრამ ისე მომხიბლა ამერიკის საელჩოს განცხადებამ: "დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს"...

ბოლოს მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით, ახალი გამოსული იყო საავადმყოფოდან. სუფრასთან ბევრი იხუმრა, ისეთი ლაღი იყო... გავიდა 2 თვე და გია აღარ არის. უკვდავია მისი მუსიკა და ქართველების სიყვარული. ყველას ჩვენი გია გვყავს, გვიყვარს და გვეყვარება.

განაგრძეთ კითხვა