"შავი ლაქა" ანაპიდან: ემუქრება თუ არა საქართველოს სანაპიროს დიდი საფრთხე?! - ნინო ჩხობაძის პროგნოზი
როგორც ცნობილია, შავ ზღვაში, ანაპის სანაპიროდან 11 კილომეტრში, ნავთობის დიდი ლაქა გამოჩნდა, შემაკავებელმა ზომებმა კი მისი ნაპირისკენ დრეიფი ვერ შეაჩერა.
კრასნოდარის მხარის ხელისუფლება ლაქის ყველაზე სავარაუდო მიზეზად „შავ და აზოვის ზღვებში გემებსა და სანაპირო ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმებს“ ასახელებს.
რაც შეეხება მასშტაბებს, რუს გარემოსდამცველთა ჯგუფის მიერ თანამგზავრ Sentinel-1-ის სურათების გაანალიზების თანახმად, ნავთობის ლაქა 117 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და სამხრეთ-დასავლეთით, 43 კილომეტრზე არის გადაჭიმული. გარემოსდამცველები დაღვრილი ნავთობის მოცულობას 300-350 ტონად აფასებენ.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ფრაგმენტირებული ნაგლეჯები შეიძლება დიდი ალბათობით, რუსეთიდან ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვდეს, შემდეგ ანაკლიაში და ასე შემოვიდეს საქართველოს მთლიან სანაპირო ზოლზე.
მოსალოდნელია თუ არა, რომ დაბინძურებამ საქართველომდე მოაღწიოს და ქვეყანას ეკოლოგიური სართხე შეუქმნას? ამ კითხვაზე „კვირის პალიტრას“ გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე პასუხობს:
- ლაქა ჯერ რუსეთის წყლებშია, ნეიტრალურ წყლებში როგორ გადავა და, პირველ რიგში, ვის ტერიტორიაზე მივა, დაკვირვების გზით უნდა განისაზღვროს. უნდა ვიცოდეთ ქარის მიმართულება, რადგან ის მოქმედებს დინებებზე.
არა მგონია, ამ ლაქამ ჩვენამდე მოაღწიოს, ვინაიდან ახლა დინება შავ ზღვაში არის ისევ სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ და ჩვენკენ არ გავრცელდება. გარდა ამისა, ანაპაში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სპეციალური საშუალებებით უკვე შეზღუდეს გავრცელება (გავრცელდა ეს ფაქტები), ასე რომ, იმედია, ჩვენ დაბინძურება არ დაგვემუქრება. ეს რუსეთის ტერიტორიული წყლებია და მათ აქვთ ის საშუალებები, რომ ლიკვიდირება დაიწყონ.
- დავუშვათ, ბოლომდე ვერ იქნა ლიკვიდირებული და მაინც მოაღწია ჩვენს წყლებამდე, რა სახის საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, მის თავიდან ასაცილებლად?
- ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი ლაქის გამოჩენის დროს ხდება სპეციალური საშუალებებით მისი შეკავება (რაც უკვე გააკეთა რუსეთმა), ასე რომ, არ მგონია, ლაქა ჩვენს ტერიტორიულ წყლებში გამოვიდეს. ჩვენთან თუ მაინც შემოაღწია, ის წყლის ეკოსისტემებსა და წყლის ბინადრებს შეუქმნის პრობლემას.
- ოდესმე მსგავსი თუ მომხდარა?
- 4-5 წლის წინ მოხდა ნავთობის დაღვრა ნოვოროსიისკთან ახლოს, მაგრამ ისიც ჩრდილოეთისკენ წავიდა და ჩვენკენ არ წამოსულა. არ მგონია, აფხაზეთში შეაღწიოს, თუ დაბინძურებულმა გადამფრენმა ფრინველებმა არ გადაიტანეს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, იქ ამოიღეს ფრინველებიც და ცდილობენ, მათ უშველონ. ნავთობი თუ გაიშალა, ზოგადად, მას შეუძლია იხტიოფაუნა დააზიანოს. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენს მხარეს ეს დაბინძურება არ იქნება და ტურისტულ სეზონს ნუ ჩავაგდებთ.
(სპეციალურად საიტისთვის)