"აინშტაინს აქვს ნათქვამი: როცა ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგებაო, ხარ სულელი! ვინც მათ უგეგმავს, აშკარად სულელია" - თენგიზ შარმანაშვილი "ოპოზიციურ ალიანსზე" - კვირის პალიტრა

"აინშტაინს აქვს ნათქვამი: როცა ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგებაო, ხარ სულელი! ვინც მათ უგეგმავს, აშკარად სულელია" - თენგიზ შარმანაშვილი "ოპოზიციურ ალიანსზე"

ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება - მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველო კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ოპოზიციური ალიანსის” განცხადებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, “ეს ორგანიზაცია და გაერთიანება არის მკვდრადშობილი, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ და ამისთვის “ქართული ოცნების” დახმარება არ დასჭირდებათ”.

“ეს რაღაც ლამაზი ტერმინი კი არ არის, მართლა მკვდრადშობილი გაერთიანებაა - ორი და სამი ისეთი ნივთიერება, რომელიც ერთმანეთს არ შეერევა ფიზიკის კანონიდან და ბუნების კანონიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ერთ ორგანიზაციაში იყვნენ თავიდან და ერთად მიიყვანეს საქართველო კატასტროფამდე, პიროვნულად შეუთავსებელი ხალხია. მაშინ ერთი დიქტატორი აჯდა თავზე და იმ დიქტატორს შეეძლო ესენი რაღაცნაირად ერეგულირებინა. ახლა დამოუკიდებლად ერთმანეთთან ვერ მივიდოდნენ, რადგან ერთმანეთი მართლა ეზიზღებათ. შეუთავსებელი ხალხია. ჩემზე შეიძლება პიარულად თქვან უფრო ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღებათ და ვერ იტანენ. ეს ორგანიზაცია და გაერთიანება არის მკვდრადშობილი - ყოველ ფეხის ნაბიჯზე თვითონვე დაამტკიცებენ, ჩვენი დახმარება არ დასჭირდებათ”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე, თუ საერთო არაფერი აქვთ, მაშინ რატომ გაერთიანდნენ, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ ვინც ამ გაერთიანებას გეგმავს, “აშკარად სულელია”.

“რა გგონიათ, რომ გენიოსები გეგმავენ "დიფ სთეითიდან” მათ შემდგომ ნაბიჯებს? მეტი ვერაფერი მოიფიქრეს, რომ 10 წლით უკან დაბრუნდნენ, აკერმანი N2 იპოვეს ჩეხეთში და იმავეს აკეთებინებენ. აინშტაინს აქვს ნათქვამი, ოღონდ ეს ფიზიკის კვლევებისთვის გამოიყენა, მაგრამ პოლიტიკაშიც გამოდგება: როდესაც ერთსა და იმავეს აკეთებ იმ იმედით, რომ სხვა შედეგი დადგებაო, ხარ სულელი. ფიზიკის ექსპერიმენტს რომ ატარებ, რომ წყალი უნდა ჩაასხა ძმარში და გინდა, რომ მიიღო ოქრო, მეორეჯერ და მესამეჯერ რომ იმავეს გააკეთებ და არ გამოგივა, მაშინ ხარ სულელი.

ანუ ვინც უგეგმავს, აშკარად სულელია, იმიტომ, რომ რამე სიახლე ნახეთ ახლა ამ ბოლო დროს? ისევ დაუგეგმეს რაღაც ტრენინგები, ისევ სადღაც ასწავლიან “მოლოტოვის კოქტეილი” როგორ ისროლონ, ბულინგი როგორ აწარმოონ”, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"