" არ ვიცნობთ იგორ ბლაჟევიჩს - ვეცადე გამერკვია, ვინმეს ხომ არ ჰქონია კონტაქტი „ოპოზიციური ალიანსის“ შიგნით და ასეთი ადამიანები არ მოიძებნა" - გიორგი შაიშმელაშვილი
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ ვიცნობთ იგორ ბლაჟევიჩს - ვეცადე გამერკვია, ვინმეს ხომ არ ჰქონია კონტაქტი არა მხოლოდ „თავისუფლების მოედანში“, არამედ სხვა პარტიებში და „ოპოზიციური ალიანსის“ შიგნით ასეთი ადამიანები არ მოიძებნა არც პარტიების ლიდერთა და არც რიგით წევრებს შორის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „თავისუფლების მოედნის“ წევრმა გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები დღეს ინსტრუქციებს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ- ერთი ლიდერის, იგორ ბლაჟევიჩისგან იღებს.
მისი თქმით, “საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014-15 წლებიდან მოყოლებული საუბრობს რევოლუციურ სცენარზე, რომელიც არასდროს განხორციელდა საქართველოში”.
„როდესაც ეს ამბავი ვნახე „იმედზე“, გულწრფელად ვეცადე, გამერკვია, ვინმეს ხომ არ ჰქონია კონტაქტი არა მხოლოდ „თავისუფლების მოედანში“, არამედ სხვა პარტიებში და ალიანსის შიგნით ასეთი ადამიანები არ მოიძებნა არც პარტიების ლიდერთა და არც რიგით წევრებს შორის. „ოცნების“ ამოცანა ხომ არ არის, რომ რაღაც ფაქტები დაადგინოს, მათი ამოცანაა პროპაგანდისტული სურათი შექმნას. უკვე მოგვაწებეს ეს იარლიყი, ახლა უნდათ თავი ვიმართლოთ, ამიტომ ეგ არასწორია, უბრალოდ, ფაქტს ვაფიქსირებ, რომ არ ვიცნობთ ამ ადამიანს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში სერიოზულადაა ლაპარაკი, რომ მათ 2025 წელს ხელისუფლების რევოლუციური სცენარით შეცვლა აღკვეთეს, ოღონდ ამას რამდენი წელია ვისმენთ. 2014-15 წლიდან შსს, სუს-ი მუდმივად ლაპარაკობს რევოლუციაზე, რომელიც არა და არ მოხდა ამ ქვეყანაში“,- განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"