"13 წლის რომ ვიყავი, დედა რომ მეორედ გათხოვდა; მამაც დაქორწინდა... მე და ჩემი ძმა ღვთის ანაბარა დავრჩით" - ულამაზესი ლიანა ასათიანის ისტორია
ულამაზესი ლიანა ასათიანი გარეგნობითა თუ სამსახიობო ოსტატობით მსოფლიო ვარსკვლავებს არ ჩამოუვარდებოდა. მე-20 საუკუნის გამორჩეულმა მსახიობმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ კინემატოგრაფიაში. ლიანა ასათიანს ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "გიორგი სააკაძე", "ჭრიჭინა", "ჭირვეული მეზობლები", "მაცი ხვიტია", "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "დიდოსტატის მარჯვენა", "ერთი ცის ქვეშ" და სხვა.
ერთხელ, როდესაც რომის პაპმა იოანემ XX საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის ფოტოპორტრეტი ითხოვა (სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა), მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს: "ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) - დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთი! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულია!".

ლიანა ასათიანი 1926 წლის 20 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1949 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, თუმცა მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მალევე, პირველი როლი მისცეს. მიხეილ ჭიაურელის ფილმში "გიორგი სააკაძე" თეკლა დედოფლის როლი შეასრულა.
"16 წლის ვიყავი, როცა "გიორგი სააკაძეს" იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ, ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით. მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით, უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს.