ვიეტნამის ომს სწრაფად მოვიგებდი, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი-ტრამპის "ბებრული მარაზმი"?
სიმართლე,რომ გითხრათ,უკვე დიდ გაღიზიანებას იწვევს, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოველდღიური განცხადებები, რომელთა უმეტესი ნაწილი ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგება...
მისი ბოლო "მარგალიტი“ კი ნამდვილად „ბებრული მარაზმია“, რითაც ის თავისივე ქვეყნის ისტორიას დასცინის...
„მე ახლახან გადავხედე პატარა დიაგრამას: პირველი მსოფლიო ომი - ოთხი წელი და სამი თვე. მეორე მსოფლიო ომი - ექვსი წელი. კორეის ომი - სამი წელი. ვიეტნამი - 19 წელი. ერაყი - რვა წელი. მე ხუთი თვე ვარ ირანში. მე ვიეტნამის ომს ძალიან სწრაფად მოვიგებდი. პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, მოვიგებდი“,- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეს განცხადება CNBC-თან საუბარში გააკეთა.
აქამდე ტრამპი ამტკიცებდა, ის რომ 2020 წელს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად აერჩიათ, თითქოს პუტინი ვერ გაბედავდა 2022 წელს უკრაინაზე ღიად თავდასხმას და დიდი ომის დაწყებას...
მაინც საიდან ასეთი თვითდაჯერება აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, რომელსაც ორიოდე თვეში 80 წელი უსრულდება?
განა რომელი მისი დაპირება შესრულდა ბოლომდე,რაც მან 2025 წლის იანვარში ხელმეორედ პრეზიდენტობის ინაუგურაციაზე დაპირების სახით გასცა?
ნუთუ პრეზიდენტმა ტრამპმა მართლაც შეძლო რუსეთ-უკრაინის ომის ერთ დღეში შეჩერება ერთი სატელეფონო ზარით,რაზეც ის მედიდურად საუბრობდა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ?
განა ტრამპი არ ახდენს კულუარულ პოლიტიკურ ზეწოლას უკრაინაზე, რომ მან ოკუპანტ რუსეთს უბრძოლველად დაუთმოს დონბასის ჯერ კიდევ არაოკუპირებული ნაწილი?
ან იქნებ,მშვიდობა დაამყარა ღაზას სექტორში და ის ააყვავა?
ნუთუ ტრამპმა მართლაც რვა ომი შეაჩერა,როგორც მუდმივად ტრაბახობს?
ან იქნებ, ისრაელის ინტერესების გათვალისწინებით პირიქით შეეტოპა ირანთან ისეთ ომში, რომელიც არათუ დამთავრდება, არამედ მსოფლიო დონის უდიდეს პრობლემად გადაქცევა გაგრძელდება ხვალ, 22 აპრილის საღამოდან, როდესაც ირანი არ დასთანხმდება ტრამპის მოთხოვნებს და სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები ახალი ძალით განახლდება?
აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს ის არ შეუძლია, რომ ირანის მიერ დაბლოკილ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებისა და ნავთობტანკერების უსაფრთხო მიმოსვლა აღადგინოს და რამენაირად დააგდოს მსოფლიო ფასები ნავთობპროდუქტებზე და რომელი ვიეტნამის ომის მოგებაზე იკვეხნის?
ნუთუ მსოფლიოს არ აკლდა ერთი თვითდაჯერებული ბებერი პრეზიდენტი პუტინის სახით, რომელმა თავისი ავადმყოფური იდეა-ფიქსების გამო მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ სწირავს, რომ მრავალტანჯულ პლანეტას, სახელად დედამიწას, კიდევ ერთი „ბებრული მარაზმით“ შეპყრობილი პრეზიდენტი მოევლინა, ტრამპის სახით?
ირანის აითოლების რეჟიმი 47 წელია მართლაც საშინელ სენს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და პირველ რიგში ირანელი ხალხისთვის, რომელსაც ფაქტობრივად თითქმის ნახევარი საუკუნით შეუზღუდეს განვითარება და პროგრესი, მაგრამ აითოლების რეჟიმთან ამ ომის წამომწყები აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი თავის „უმცროს ძმა“-ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად არანაკლებ დიდ პრობლემას წარმოადგენენ მთელი მსოფლიოსთვის...
და ეს პრობლემა შეიძლება უდიდეს გლობალურ კატასტროფაშიც გადაიზარდოს, რადგან აშშ-ები ოფიციალურად და ისრაელი კი არაოფიციალურად, მასობრივი განადგურების, ბირთვულ შეიარაღებას ფლობენ და შეიძლება დადგეს ის კრიტიკული მომენტი,როდესაც ამერიკისა და ისრაელის დაბომბვების გაგრძელების მიუხედავად, ისინი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რელიგიური ფანატიკოსები არ დანებდებიან და საპასუხო სარაკეტო დარტყმებით დიდ ზიანს მიაყენებენ ისრაელის ქალაქებსა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობისა და ბუნებრივი აირის გადამამუშავებელ ობიექტებს,რის შემდეგაც ვაშინგტონი და თელ-ავივი ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც წავა თეირანისა და მთლიანად ირანის წინააღმდეგ...
ამის შემხედვარე პუტინს კი ხელ-ფეხი გაეხსნება იმავეს გასამეორებლად უკრაინის წინააღმდეგ,რომელსაც მეხუთე წელია ომს ვერ უგებს ...
P.S. ისე კი, ვიეტნამის დროს დონალდ ტრამპი 20-25 წლის ჯეელი იყო, თუმცა ამ ომში არათუ „პრეზიდენტის რანგში“, არამედ ჩვეულებრივი ჯარისკაცის როლშიც კი არ ჩაერთო,რასაც მისგან იმ დროისთვის მოქმედი საყოველთაო სამხედრო სამსახურში გაწვევაც მოითხოვდა-მან ხუთჯერ გადაავადებინა ვიეტნამის ომში მებრძოლი ამერიკული არმიის რიგებში გაწვევა,აქედან ოთხჯერ სწავლების პროცესში არსებული ხარვეზების გამო,ერთხელ კი სამედიცინო მიზეზით, ოსტეიფიტის დიაგნოზით.
ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რით მოთაფლა ამერიკული „კომისარიატი“ დონალდის მილიონერმა მამამ...