სოზარ სუბარი: "ახლა ახალაიას ფეკალიების სუნი აღარ აწუხებს"
"კანონიერი ქურდობა ვირუსი არ არის, რომ შორ მანძილზე გავრცელდეს"
"პატიმართა ყველა ახირებას ვერ დავაკმაყოფილებთ"
დავინტერესდით, რა გეგმები აქვს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა ახალ მინისტრ სოზარ სუბარს და როგორ აირიდებს თავიდან მოსალოდნელ პროვოკაციებს მაშინ, როცა არსებობს მოსაზრება, რომ რევანშისტული ძალები საბოტაჟს სწორედ ციხიდან დაიწყებენ.
- პრობლემები ყველაზე მწვავედ სასჯელაღსრულების სისტემაში გამოჩნდა. მთელი ქვეყანა თითქოს ციხედ იქცა. ამიტომაც ჩვენი უპირველესი საზრუნავია პატიმრებით გადავსებული ციხეების განტვირთვა. ერთი მხრივ, ჩვენი მიზანი ამ სისტემის ჰუმანიზაციაა, მეორე მხრივ - წესრიგის დამყარება.
როცა ციხეების განტვირთვაზე ვლაპარაკობ, ეს თავისთავად არის დაკავშირებული პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ავადმყოფების პატიმრობიდან გათავისუფლება და გადარჩენა პრობლემატური საკითხია. ჩვენ გასათავისუფლებელი პატიმრების სია უნდა გადავუგზავნოთ ექსპერტიზას. ექსპერტიზას, სულ ცოტა, სამი თვე მაინც სჭირდება, ამასობაში პატიმარი შეიძლება დაიღუპოს. თუ ასე არ მოხდა და ექსპერტმა დაწერა დასკვნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პატიმრის გათავისუფლება აუცილებელია, მერე სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. არც ის არის გამორიცხული, მოსამართლემ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღოს. აქ უკვე ბევრი რამ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
- არსებობს უკმაყოფილება თქვენ მიერ დანიშნული კადრების მიმართ, გურამ კერესელიძე რატომ დანიშნეთ სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელად, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა? მართლა მონაწილეობდა კერესელიძე 7 ნოემბრის დარბევაში?
- ამის შესწავლა არ დამიწყია. როგორც კი ექიმებმა უარყოფითი აზრი გამოთქვეს, მაშინვე გავათავისუფლე.
- სასჯელაღსრულების რუსთავის მე-16 დაწესებულების დირექტორის, ლევან აბურჯანიას დანიშვნა და მალევე გათავისუფლება რატომ გადაწყვიტეთ?
- ვიღაც პატიმარს უთქვამს, აბურჯანია დაგვემუქრა, ბაჩო ახალაიას დრო სანატრელი გაგიხდებათო, მაგრამ არავინ გამოჩნდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას პირადად დაემუქრა აბურჯანია. მის გათავისუფლებაში გადამწყვეტი უფრო ის ინფორმაცია იყო, რომელიც აბურჯანიას წარსულ საქმიანობაზე მივიღეთ. ის იყო შს სამინისტროს კადრი, მაღალი დონის პროფესიონალი, მან შეძლო ლოტკინზე წესრიგის დამყარება, თუმცა, ამბობენ, რომ ეს მთლად კანონიერად არ მომხდარა. მან თავად დაწერა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება.
ჩვენ ყველას შესახებ შევისწავლით ინფორმაციას, მაგრამ ისეც ვერ ვიზამთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემა, შსს, პროკურატურა და ა.შ. კადრების გარეშე დარჩეს. კარგად ვიცნობ ამ სისტემას და მინდოდა, თავად გამეკეთებინა ის საქმე, რომლისთვისაც ადრე სხვებს შენიშვნებს ვაძლევდი. სიმკაცრე და პრინციპულობა საკმაოდ რთულ პერიოდში გამოვავლინე, როცა ხელისუფლების შიშით ბუზიც არ დაფრინავდა თავისუფლად.
შეიძლება პატიმრები კმაყოფილიც იყვნენ ვიღაცით, ვისაც, მაგალითად, ციხეში ნარკოტიკებისა და აკრძალული ნივთების შეტანა შეუძლია, მაგრამ ჩვენ ასეთ პერსონებს ვერ დავტოვებთ თანამდებობებზე. პატიმართა ყველა ახირებას ნამდვილად ვერ დავაკმაყოფილებთ. მაგალითად, ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინი ითხოვდნენ ციხეებში დაბამბული ქურთუკების შეტანის დაშვებას. თურმე ასეთი ქურთუკი ადვილად იჟღინთება ნარკოტიკით და დაჟინებული მოთხოვნის მიზანიც ეს იყო.
სასწრაფოდ მოგვიწევს ზრუნვა პატიმართა კვებაზეც. ჩემი ძმაც იყო პატიმარი და ვიცი, რომ მხოლოდ ლობიოს ჭამა შეეძლო. პატიმრების კომბინირებული ცხიმით კვების დრო დამთავრდა. ასევე, ვზრუნავთ, რომ მათ საშუალება მივცეთ ციხეებში "მე-9 არხისა" და "მაესტროს" ყურებისა.
- ბაჩო ახალაიას სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში გადაყვანა მისმა ოჯახის წევრებმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა რევანშად შეაფასეს.
- ამიხსენით, რევანში რას ჰქვია? ადამიანი დანაშაულს რომ სჩადის, არ უნდა დააპატიმრო? ნუ დაგავიწყდებათ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით გაიძახიან, რატომ არის ბაჩო ახალაია სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ და უკეთეს პირობებშიო. ჯერ ერთი, ყველას ჭკუაზე ვერ ვივლით და მეორე, ციხეში ქურდები, მწამებლები და სხვა ბოროტმოქმედები სხედან. წესიერი კაცი იქ არ უნდა იყოს. იმ ადგილს კი, სადაც ანგელოზები არიან, ციხე არ ჰქვია. უსაფრთხო პირობების მხრივ მე-7 დაწესებულება მართლაც გამორჩეულია. ეს კარგად იცოდა წინა ხელისუფლებამაც და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს იქ ათავსებდა. თავის დროზე, ამ დაწესებულებაში იყვნენ ირაკლი ოქრუაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი. ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ბაჩო ახალაიას უსაფრთხოებისთვის, მისი საკნიდან 20 მეტრის რადიუსზე მაქსიმალურად მოვაშორეთ ქურდებს. თანაც კანონიერი ქურდობა ვირუსული დაავადება ხომ არ არის, რომ რაღაც მანძილზე გავრცელდეს და ახალაიას ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს?
- და მაინც, ხომ არ იგეგემება ახალაიას სხვაგან გადაყვანა?
- არც ეს არის გამორიცხული.
- დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას საკნის ახლოს დაზიანდა საკანალიზაციო მილი და ექსმინისტრს ფეკალიების უსიამოვნო სუნში მოუხდა ყოფნა.
- ეს გლდანის მე-8 საპყრობილეში მოხდა, სადაც ახალაია თავიდან იყო განთავსებული. რა ვქნა, ეს ციხე ჩემი კი არა, მისი მინისტრობის დროსაა აშენებული და მილის დაზიანებაზე პასუხს მე ვერ ვაგებ. ეს რომ მოხდა, ძალიან მალე ახალაია სხვა საკანში გადავიყვანეთ. ახლა მას ეს სუნი აღარ აწუხებს...
- მე-7 დაწესებულებაში ბაჩო ახალაიასთან შესვლა და ინტერვიუს ჩაწერა ერთმა ჟურნალისტმა მოახერხა. როგორ რეგულირდება ეს საკითხი მედიის წარმომადგენლებისთვის, ვის ეძლევა ციხეში შესვლის უფლება?
- ყოფილმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა შექმნა მონიტორინგის საბჭო, რომლის წევრებსაც აქვთ შეუზღუდავი შესვლის უფლება ციხეებში. საბჭოს 31 იანვრამდე აქვს ვადა. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზიციებთან ერთად ვმუშაობთ, რომ დასავლური სტანდარტები გადმოვიღოთ და ამის მიხედვით გაგრძელდეს მონიტორინგი.
არანაირ დანაშაულს არ შეიძლება ჰქონდეს კანონიერი საფუძველი
ტიტ ლივიუსი